„თუ ბავშვი სწავლობს, ეს მისთვის საშინელებაა, თუ არადა სულერთია“ – რას ფიქრობენ მშობლები სკოლებში ორ და სამცვლიან სწავლებაზე
„უარყოფითად აისახება ჩემი შვილების სწავლაზე“, „ხელისშემშლელია“, „ბავშვი სახლში ისეთ დროს მოდის, როდესაც მის ასაკში უკვე უნდა ისვენებდეს“, – ეს ფრაზები ეკუთვნით მოსწავლეების მშობლებს, რომლებსაც EDU.ARIS.GE-მ საჯარო სკოლებში ორ და სამცვლიან სწავლებასთან დაკავშირებით მოსაზრებების გაზიარება სთხოვა.
ჩვენი რესპონდენტებიდან ზოგიერთის შვილს სკოლაში სწავლა მეორე ცვლაში უწევს, ზოგიერთისას კი – არა, თუმცა მშობლები, ვისაც ამ თემაზე შეკითხვები დავუსვით, თანხმდებიან, რომ ცვლებში სწავლა, ზოგადად, პრობლემურია.
ორ და სამცვლიან სწავლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს სახალხო დამცველიც წლიურ ანგარიშში, რომელსაც საქართველოს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.
რას ამბობს ომბუდსმენი
ანგარიშში დასახელებულია ცვლაში სწავლების მიზეზები და ნათქვამია, რომ 2025 წელს, 2 086 საჯარო სკოლიდან 297-ში სასწავლო პროცესი ორ და მეტ ცვლაში, მათ შორის, 22 სკოლის შემთხვევაში – სამ ცვლაში მიმდინარეობს, რაც უმეტესად მოსწავლეთა დიდი კონტინგენტით არის განპირობებული. 22 სკოლიდან 16-ში სამ ცვლაში სწავლების მიზეზი, სწორედ, მოსწავლეთა რაოდენობა, ხოლო 6 სკოლის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოები და სწავლის ალტერნატიულ სივრცეში წარმართვაა.
როგორც სახალხო დამცველი „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ 2025 წლის ანგარიშში უსვამს ხაზს, „ცვლების რაოდენობა, განსაკუთრებით კი სამცვლიანი რეჟიმი, უარყოფითად აისახება ბავშვების კლასგარეშე და არაფორმალურ აქტივობებში ჩართვისა და მათი განვითარების შესაძლებლობაზე“.
რას ამბობენ მშობლები
EDU.ARIS.GE მშობლებთან საუბრისას დაინტერესდა, თუ ექმნებათ პრობლემა ცვლაში სწავლებით მათ და მათ შვილებს, ძირითადად, რა ხასიათისაა ეს პრობლემები, ზოგადად, როგორ უყურებენ ამ საკითხს და რაში ხედავენ გამოსავალს.
ამ კითხვებზე პასუხად, თბილისის მე-11 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მშობელი თეონა ბაყაშვილი გვიხსნის, რომ მეორე ცვლაში სწავლის გამო, მისი შვილი სპორტულ წრეზე სიარულს ვეღარ ახერხებს, ამ მიზეზით შემცირებული საგაკვეთილო დრო კი, სწავლის ხარისხზე მოქმედებს უარყოფითად:
„მეორე ცვლაში სწავლა ძალიან უარყოფითად აისახება ჩემი შვილების სწავლაზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ საკმაოდ შემცირდა გაკვეთილის მიმდინარეობის დრო და მეორე იმიტომ, რომ წრეებზე ვერ დადიან ბავშვები. მაგალითად, ბიჭი დადიოდა რაგბიზე და მოუწია დატოვება, რადგან გაკვეთილების დასრულების შემდეგ, წრეზე სიარულს ვეღარ ასწრებდა. ასეთ მდგომარეობაში საკმაოდ ბევრი ბავშვია, რომლებსაც მოუწიათ სხვა დამატებით აქტოვობებზე უარის თქმა.
ბავშვები, შემცირებული გაკვეთილის ხარჯზე, სასწავლო პროგრამას სრულყოფილად ვერ ეუფლებიან. მოსწავლე რომ სკოლიდან საღამოს 7-ზე მოვა დაღლილი, ცოტა დასვენებაც უნდა, კვებაც და ეს ყველაფერი დროს მოითხოვს. ამის გამო, საკმაოდ გვიან უწევთ, რომ დასხდნენ და იმეცადინონ და შემდეგ უკვე მეცადინეობაზე კონცენტრირება უჭირთ.
ჩემი შვილები მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, თუმცა 107-ე სკოლის შენობაში ვართ შეხიზნულები. მეტი სკოლა რომ შენდებოდეს, ასეთი მდგომარეობა არ იქნებოდა. ბავშვების რაოდენობა ბევრია და ყველა პირველ სმენაში ხომ ვერ იქნება?! ამიტომ უწევთ მეორე და მესამე სმენაში სწავლა. თუ სკოლების რაოდენობა გაიზრდება, ვფიქრობ, ეს პრობლემა უფრო მოგვარდება. თუნდაც, თითო რაიონში თითო ახალი საჯარო სკოლა დიდ შეღავათს მოგვცემდა“.
მეორე ცვლაში სწავლის გამო, პრობლემა არ შექმნიათ დარეჯან ბერიძეს და მის პირველკლასელ შვილს, რომელიც თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობს. თუმცა, მშობელს მიაჩნია, რომ საკითხი, ზოგადად, პრობლემურია. ის ასევე ფიქრობს, რომ უფრო დიდი პრობლემა განათლების დაბალი ხარისხია, რაც ძირითადად, სასკოლო სახელმძღვანელოებს უკავშირდება.
„ცვლებში სწავლის გამო, რამე ტიპის პრობლემა არ შემქმნია არც უფროს შვილებზე და არც ახლა. დასაქმებული ვარ, მაგრამ საღამოს სმენებში ვმუშაობ და აქედან გამომდინარე, ვახერხებ, რომ შვილი მოვიყვანო სკოლაში და წავიდე სამსახურში. თუმცა, ზოგადად, პრობლემურია. მე თუ სამსახური მიწყობს ხელს, ყველას არ უწყობს. ასევე პრობლემაა ისიც, რომ განსაკუთრებით პირველკლასელებს უჭირთ გვიან მეცადინეობა. ყველას არ აქვს საშუალება, რომ დამატებით მოამზადოს. ჩემი შვილი ახლა 1-ელ კლასშია და არ დამყავს წრეებზე, მაგრამ მეორე კლასიდან რომ შევიყვან რამეზე, დროის შეთავსების პრობლემა ამ მხრივაც იქნება. განათლების სამინისტროს ვეტყოდი, რომ გააუმჯობესონ განათლების ხარისხი, რადგან ძალიან დაბალი დონის განათლება გვაქვს და უკმაყოფილო ვარ ამ ნაწილში. ძირითადად, სასკოლო სახელმძღვანელოებს ვგულისხმობ. ჩემი მოსწავლეობის პერიოდს გავიხსენებ – მაშინ წიგნებიდან მეტს ვიღებდით, ვიდრე რასაც ახლა იღებენ ბავშვები. ძალიან დაბალი დონის განათლება გვაქვს – საქართველოს ეს ნამდვილად არ შეეფერება“, – ამბობს დარეჯან ბერიძე.
ცვლებში სწავლების სირთულე თავის თავზე გამოსცადა მაკა ხვინგიამ, რომელიც ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მეოთხეკლასელის მშობელია. როგორც ის გვიყვება, მისი შვილი, მეორე ცვლაში სწავლის გამო, საუკეთესო შემთხვევაში, სახლში 18:00 საათზეა, ისეთ დღეებში კი, თუ რომელიმე წრეზე წასვლა უწევს – 21:00 ან 22:00 საათზე. მშობლის თქმით, „ეს მიუღებელია, რადგან ბავშვს დასვენების დრო უნდა ჰქონდეს“.
„მეორე ცვლა იწყება 13:00 საათზე და მთავრდება 17:30-ზე. თუ ბავშვი სწავლობს, ეს მისთვის საშინელებაა, თუ არადა – სულერთია. შვილს ისე ვზრდიდი, რომ – ჯანსაღი კვება, საღამოს 10 საათზე დაძინება, არა ეკრანი და ახლა ძილის რეჟიმიც დაგვერღვა და კვებისაც. სუფთა ჰაერსაც ვერ ვაწვდი – სულ დახურულ სივრცეში ვართ და სულ წიგნებში.
ინგლისურში ვამზადებ, დანარჩენ საგნებში არ სჭირდება მომზადება – თავად ავიღე ამაზე პასუხისმგებლობა. ცეკვასა და სიმღერაზე დამყავს, 21-ე საუკუნეში ეს მაინც იცოდეს. ხატვის ნიჭი აქვს, მაგრამ ვერ ვახერხებთ სიარულს. ამ წრეებზეც ისედაც საცოდავად დამყავს – პირდაპირ სკოლიდან. სკოლასთან ვხვდები მანქანით, მანქანაში იკვებება და იქვე იცვლის ტანსაცმელს. წრეების შემდეგ ბავშვი სახლში ისეთ დროს მოდის, როდესაც მის ასაკში უკვე უნდა ისვენებდეს. შემდეგ მეცადინეობს, ანაწილებს საგნებს, მეორე დილით 09:00 საათზე დგება და სწავლობს, 13:00 საათზე კი უკვე სკოლაში მიდის.
მე, როგორც დედა, ვნერვიულობ. მისი მეგობრები მოდიან და თამაშობენ, ჩემს შვილს კი ეს არ აქვს. მიუღებელია ამ ასაკისთვის, რადგან ბავშვს დასვენების დრო უნდა ჰქონდეს. ზოგადად, სწავლების მხრივ კმაყოფილი ვარ, კარგად ასწავლიან, მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ მეორე ცვლა კატასტროფაა. დილის ცვლა რომ ვიყოთ, არ დავიწუწუნებდი“.
მეორე ან მესამე ცვლაში სწავლა არ უწევს ირინა ბერიძის შვილს, რომელიც თბილისის 179-ე საჯარო სკოლის პირველკლასელია, თუმცა მოსწავლეს სკოლის შენობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, სიარული 180-ე საჯარო სკოლაში უწევს. როგორც მშობელი გვეუბნება, ჯერჯერობით პირველ ცვლაში სწავლობენ, მაგრამ თუკი ეს შეიცვლება, ბევრ რამეში შეეშლებათ ხელი.
„მეორე ცვლა არ გვაწყობს. მე ვმუშაობ და ისედაც მიჭირს ხოლმე ბავშვისთვის გაკვეთილების სწავლება და მეორე სმენაში რომ მოუწიოს სწავლა, უფრო გამიძნელდება. დამყავს ცეკვაზე, მერე შეიძლება ვეღარ ვატარო. რომელიმე საგანში მომზადება რომ გადავწყვიტო, ყველა მასწავლებელი ძირითადად საღამოს საათებშია თავისუფალი. მოკლედ, ხელისშემშლელია ცვლებში სწავლა. ჩვენს შემთხვევში გამოსავალი, ალბათ, ერთია – დროულად აშენდეს სკოლის შენობა. ჩვენ 180-ე სკოლასთან ვცხოვრობთ ახლოს, თუმცა აქ ადგილი არ იყო და ბავშვის პირველ კლასში შეყვანა 179-ე სკოლაში მომიწია. 179-ე კი შეხიზნულია 180-ე სკოლაში. ვერ გეტყვით დაზუსტებით, მაგრამ იქნებ ამის გამოა მეორე ცვლაში სწავლა, რომ ორი სკოლის მოსწავლეები ერთი სკოლის შენობაში სწავლობენ. არც ამ სკოლის კლასებია მოწესრიგებული, ამასაც რემონტი სჭირდება“, – ამბობს ირინა ბერიძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.
ასევე იხილეთ:
სკოლებში ორ და სამცვლიანი სასწავლო რეჟიმი მოსწავლეთა განვითარებაზე უარყოფითად აისახება – ანგარიში
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
დაზიანების რა კატეგორია უნდა ჰქონდეს სკოლას ან ბაღს, რომ გამაგრდეს ან დაანგრიონ by სკოლების ამბები
-
სკოლა „პოლიგლოტში“ დედამიწის დღე აღინიშნა by სკოლა პოლიგლოტი
-
„ძალიან ლამაზია კუბოკრული პიჯაკები, მდიდარსა და ღარიბს შორის განსხვავებაც აღარ იქნება“ – მოსწავლეები სასკოლო ფორმის დიზაინზე by სკოლების ამბები