თუ ლაშქრობას ან პიკნიკს გეგმავთ, ეს ადგილები აუცილებლად უნდა ნახოთ – გზამკვლევი მშობლებისთვის და არა მხოლოდ
როგორც იქნა, გაზაფხული დადგა და ბუნებაში დროის გასატარებლად სასურველი ლოკაციების შერჩევას უკვე შევუდექით. ამ მხრივ, განსაკუთრებული მზადებით ის მშობლები გამოირჩევიან, რომლებსაც სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ და მათი ყოველდღიურობის გამრავალფეროვნებაზე ზრუნავენ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ მშობლებს კიდევ ერთი მიზანი აქვთ -მცირე დროით მაინც მოწყდნენ ტექნოლოგიებს და შვილებთან ერთად, ხალისიანი დასვენება შეძლონ.
მშობლების დახმარების მიზნით, EDU.ARIS.GE მშობელს, მოყვარულ მოგზაურსა და ბიოლოგიის პედაგოგს, თინათინ ლაღიძეს ესაუბრა, რომელიც ხშირად სტუმრობს სხვადასხვა ლოკაციებს როგორც შვილებთან, ისე თავის მოსწავლეებთან ერთად. ჩვენი რესპონდენტი გაგიზიარებთ საინტერესო ადგილებს დედაქალაქში თუ დედაქალაქთან ახლოს, სადაც უფროსებთან ერთად, შვილებიც დაუვიწყარი მოგონებებით გამდიდრდებიან. ჩვენი რესპონდენტის პრაქტიკულ რჩევები კი, არა მხოლოდ მშობლებს, სკოლის წარმომადგენლებსაც დაეხმარება.
– თინათინ, პირველ რიგში, გვითხარით, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, ვიდრე სასურველი ადგილის, ლოკაციის შერჩევას დაიწყებენ?
– დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ მშობლებისა და შვილების ერთობლივი გასვლა ძალიან მნიშვნელოვანია და ყოველთვის დადებითად აისახება ბავშვების განვითარებაზე. ასევე, იქმნება ბევრი ბედნიერი და ზოგჯერ კურიოზული მოგონებები, რომლებიც მომავალშიც აღძრავს სურვილს, კვლავ დაიგეგმოს ოჯახური ექსკურსია. მანამ, სანამ სასურველ ლოკაციას დავგეგმავთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი და ინტერესები. თუ ერთდროულად სხვადასხვა ასაკის ბავშვების გასეირნებას ვგეგმავთ, აუცილებელია, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე შევარჩიოთ ადგილი და დავიცვათ ბალანსი, რომ ტური ყველასთვის სასიამოვნო გამოვიდეს. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სეზონებიც, არის ლოკაციები, რომლების მონახულებაც წელიწადის კონკრეტულ დროს სჯობს. შემდეგ, ჩვენს გეგმას აუცილებლად უნდა შევმატოთ საკუთარი გამოცდილებაც.
– რა არის ის აუცილებელი ნივთები, რომლებიც აუცილებლად უნდა წავიღოთ პიკნიკსა თუ ლაშქრობაზე?
– პიკნიკი/ლაშქრობა სასიამოვნო რომ გამოვიდეს, აუცილებელი და პირველი მნიშვნელოვანი პირობაა განწყობის შექმნა. დასაწყისშივე გამოხატეთ აღფრთოვანება და ნახავთ, როგორი გადამდები აღმოჩნდება დადებითი მუხტი. შემდეგ იზრუნეთ ნივთებზე რომლებიც დაგჭირდებათ პიკნიკისთვის. საკვები: მიეცით ბავშვებს საშუალება, სასარგებლო საკვებთან ერთად, მიირთვან ის, რაც სურთ – „ჯანქ ფუდი“ ან სხვადასხვა ტკბილეული, ჩიფსი და სხვ. შეეცადეთ, შეფარვით იყოს ზომიერება დაცული, თუმცა, ეს დღე უნდა იყოს თავისუფალი და ბედნიერი, ამიტომ, ისეთი გარემო შექმენით, რაც ბავშვებს გააბედნიერებს. თან იქონიეთ პარალონები, პლედები და საწვიმარი ან კარავიც კი, რომ თუ ამინდი შეიცვალა, ამის გამო არ მოგიწიოთ ლოკაციის შეცვლა, ან დატოვება. ამასთან, აუცილებელი ნივთებია სხვადასხვა გასართობი საშუალებები, როგორიც არის ბურთი, ლახტი და სხვა. წაიღეთ წყალი საკმარისი რაოდენობით, განსაკუთრებით, თუ კოცონის დანთებას აპირებთ. გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ მისი საფუძვლიანად ჩაქრობა, რისთვისაც წყალი საჭიროა. სასურველია, იქონიოთ დურბინდი, დააკვირდებით ფრინველებს და შორს მყოფ ობიექტებს.
– გაგვიზიარეთ თქვენი ლოკაციები. თუ დაწყებითი კლასების ასაკის შვილი გვყავს, სად შეგვიძლია წავიყვანოთ (პიკნიკი/ლაშქრობა)?
– თუ გყავთ დაწყებითი კლასების ასაკის ბავშვები, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ შორი გზა მათთვის დამღლელი აღმოჩნდება და შესაძლოა, მეორედ წასვლა დაეზაროთ. ამიტომ, დასაწყისისთვის შეარჩიეთ ახლოს მდებარე ლოკაციები. ეცადეთ, ბავშვს შეაყვაროთ ფეხით სიარული. თბილისში და ასევე თბილისთან ახლოს, არის ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი, სადაც თქვენ და თქვენი პატარაც ისიამოვნებს დროის ერთად გატარებით. ლისის ტბა საშუალებას იძლევა, რომ ერთდროულად მოვაწყოთ მცირე ლაშქრობაც და პიკნიკიც. თბილისის ბოტანიკური ბაღი, თბილისის დენდროლოგიური პარკი, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარედ მდებარეობს. ასევე თბილისის ეროვნული პარკი თიანეთის მიმართულებით, კრწანისის ტყე პარკი, ეთნოგრაფიული მუზეუმი და ა.შ.
– როგორ ვიქცევით თუ თინეიჯერი შვილ გვყავს?
– თუ გასეირნებას თინეიჯერ შვილთან ერთად გადავწყვეტთ, უმჯობესია, თავად მას მიანდოთ საორგანიზაციო საკითხები. ძალიან სწრაფად და მოხერხებულად დაგეგმავენ, როგორ მივიდეთ სასურველ ლოკაციამდე, მოძებნიან დამატებით რა შეიძლება ვნახოთ კონკრეტული ადგილის მიმდებარედ და ახლოს. რაც შეეხება თავად ადგილის შერჩევას, შეთანხმდით, რომ ერთმანეთის სურვილების გათვალისწინებით, მორიგეობით შეარჩევთ ადგილს. პირველ ეტაპზე შეარჩიოს თინეიჯერმა და შემდეგზე თქვენ. ამ გზით შეძლებთ, აჩვენოთ მას ის ადგილები, რომლებსაც თქვენ მნიშვნელოვნად მიიჩნევთ და ასევე გაიგებთ ბავშვის ინტერესებს, რაც მომავალი ექსკურსიისთვის გამოგადგებათ.
– რომელია თქვენთვის საყვარელი 3 ლოკაცია დედაქალაქში, რომლებიც ფიქრობთ, რომ მშობლებმა შვილებთან ერთად აუცილებლად უნდა მოინახულონ?
– ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის საყვარელ ლოკაციას წარმოადგენს თბილისის ეროვნული პარკი, რომელიც ყველა სეზონზე მოგხიბლავთ თავისი ფერებით, სუფთა ჰაერითა და სიმშვიდით. შეძლებთ პიკნიკს, თამაშს, დასვენებას და დროის ერთად გატარებას სახალისოდ. ასევე, სასიამოვნოდ შეძლებთ გასეირნებას თბილისის ბოტანიკურ ბაღში, რომელიც ასევე სეზონურად დატვირთულია ფერებით და მრავალფეროვანი მცენარეული საფარით. ლისის ტბა, სადაც მთელი ოჯახის ინტერესები ერთდროულად შეიძლება იქნეს გათვალისწინებული, მაგალითად: თევზაობა (დასაშვებ დროს), ფრინველებზე დაკვირვება და მცირე ლაშქრობა, ველოსიპედით სეირნობა ან უბრალოდ, ბუნებაში პიკნიკი და დასვენება.
ასევე იხილეთ:
5 შეცდომა, რომელსაც მამები საქართველოში შვილის აღზრდის დროს უშვებენ – ფსიქოლოგის მიმართვა მამებს