GE
27 ნოემბერი, 2024 12:00

„უაზრო კითხვებს ნუ სვამთო, არ ვუთხრათ შვილს, მოსწავლეს“ – რას გთავაზობთ გამოსავლად განათლების ახალგაზრდა სპეციალისტი

თუ მშობელს, პედაგოგს კითხვებით მიმართავთ და მისგან ასეთ უკუკავშირს იღებთ: „უაზრო კითხვებს ნუ სვამ“, „და, რა კავშირშია თემასთან?“ – აუცილებლად ჩათვლით, რომ მას თქვენთან ურთიერთობა უბრალოდ არ გამოსდის.

ამ საკითხზე განათლების ახალგაზრდა სპეციალისტი და ბიოლოგიის საგნის მასწავლებელი, დიმიტრი მინდიაშვილი EDU.ARIS.GE -ს საკუთარ თვალსაზრისს უზიარებს.

სპეციალისტი იხსენებს იმ კითხვებს, რომლებიც კვირის განმავლობაში პატარებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე დაუსვეს. ის ამბობს, რომ ეს კითხვები უაზროდ და გაკვეთილისგან აცდენილად რომ ჩაეთვალა საკუთარ გონიერებაშიც შეეპარებოდა ეჭვი.

დიმიტრი მასწავლებლის მოსწავლეების კითხები:

„შეიძლება, რომ რეალურად მცენარეებს შეუძლიათ საუბარი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ არ გვესმის?“
„ობობები ოდესმე იჭედებიან საკუთარ ქსელში და ამ დროს თუ ფიქრობენ, რომ რა ცუდი აბლაბუდა მოვქსოვეო?“
„შეიძლება თუ არა ხე თავდაყირა გავზარდოთ, თუ გრავიტაცია არ იმოქმედებს მასზე?“

რას გვთავაზობს გამოსავლად პედაგოგი:

„პედაგოგი ყველა მოსწავლეში უნდა ხედავდეს მომავალ სპეციალისტს. უნდა შეძლოს იყოს ყველა მოსწავლის ინდივიდუალური მასწავლებელი. სწავლება არ არის მხოლოდ სამუშაო. არ უნდა დაუშვათ ისეთი შეცდომა, რომელიც წამახალისებელი არ იქნება მოსწავლისათვის. როდესაც მოსწავლე ვიყავი, ხშირად ,,უაზრო” შეკითხვებზე მასწავლებელთა პასუხი ისევ კითხვითი ფორმის იყო, მაშინ ამაზე ძალიან ვბრაზდებოდი, რომ მცოდნოდა ხომ არ ვიკითხავდი მეთქი, მაგრამ დღეს ვიაზრებ, რომ მასწავლებლის ასეთი ქცევა, არათუ გზას მიკეტავდა, არამედ უფრო სიღრმისეულ ფიქრს მიღვივებდა, თუმცა ყველა ასე როდია და პრაქტიკაში ეს უფრო ჩანს“, –  იხსენებს დიმიტრი.

რით შევცვალოთ ეს მიდგომა:

არ გააწყვეტინო კითხვა. შესაძლოა კითხვა მართლაც არ იყო გაკვეთილის თემასთან დაკავშირებული, მაგრამ ეს მოსწავლეს მისთვის მისაღები ფორმით უნდ აუხსნათ.

მოუსმინე ყურადღებით. ეს მათ მეტად გამბედავს გახდის.

აგრძნობინე რომ ეს კითხვა საინტერესოა და უცხო. უთხარით, რომ კარგად შეისწავლოს ეს საკითხი ურჩიეთ რა შეიძლება წაიკითხოს.

მიეცი მოტივაცია, რომ უფრო მეტით დაინტერესდეს. გაითვალისწინეთ, რომ მოსწავლის ინტერესი ყოველთვის ხდება ახალი აღმოჩენის საფუძველი.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში