GE
24 ნოემბერი, 2023 10:23

ვინ რეკავს ზარს საჯარო სკოლებში? – სკოლის დირექტორის პასუხი მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს

თუ სკოლაში ბევრი წლის წინ სწავლობდით და ახლა ამ ინფორმაციას კითხულობთ, შესაძლოა, უკვე წარმოიდგინეთ ე.წ ზანზალაკებიანი ზარი, ისეთი, როგორსაც სკოლებში თქვენი მოსწავლეობის დროს იყენებდნენ და ამით გაკვეთილის დაწყებას ან მის დასრულებას გამცნობდნენ. როგორც გავარკვიეთ, ასეთ ზარი უკვე ძველ მოგონებად იქცა და დღეს სკოლებში ზარის გამოყენების კუთხით განსხვავებული მიდგომები და თანამედროვე შესაძლებლობები გვაქვს.

მაშ ასე, ცნობისმოყვარეთა ინტერესის დაკმაყოფილებისთვის, EDU.ARIS.GE-სთან თბილისის 177-ე საჯარო სკოლის დირექტორიგელა ოდიშელიძე საუბრობს და სწორედ ის გაგიმხელთ, როგორ ირეკება ზარი საქართველოს სკოლებში. ბატონი გელა მოსწავლეებში აქტუალურ ერთ კითხვასაც უპასუხებს: „ზარს თავად სკოლის დირექტორი ხომ არ რეკავს?!“.

ჩვენი რესპონდენტი იხსენებს, რომ 90-იან წლებამდე და წლებში გამოყენებული ზარი, უკვე წარსულია და დღეს საქართველოს სკოლებს მექანიკური-ელექტრონული ზარების სისტემა აქვს. მის გამოყენებასთან დაკავშირებული თანამედროვე მიდგომები კი განსხვავებულია.

„მექანიკური ზარის თანხლებით გაკვეთილის დაწყება-დასრულება გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ჩაბარდა წარსულს. ჩვენს სკოლაში ამ პროცესს დღეს ზარების მართვის ელექტრონული სისტემა არეგულირებს, რომელიც მოქმედი დღის რეჟიმის მიხედვით არის დაპროგრამებული. დღეს, თანამედროვე სკოლების ნაწილი ტრადიციული ზარის ნაცვლად, მუსიკის ხმოვანებას იყენებს, ნაწილისგან კი მსმენია, რომ საერთოდ უარი აქვთ ზარზე ნათქვამი და სასწავლო პროცესს მხოლოდ საათით არეგულირებენ“, – აგვიხსნა 177-ე საჯარო სკოლის დირექტორმა 22 ნოემბერს.

იმ მოსწავლეებისა (და არა მხოლოდ მათი) ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ზარს დირექტორი თავად რეკავდეს, გელა ოდიშელიძე განმარტავს:

„ჩემს ბავშვობაში, იმ სკოლაში, სადაც ვსწავლობდი ზარს სკოლის სასწავლო ნაწილი რეკავდა. თუ გაკვეთილი ჰქონდა, რომელიმე მოსწავლეს სთხოვდა ზანზალაკით დერეფანში ჩამორბენას. დღეს, ამ პროცესს ელექტრონული სისტემა არეგულირებს, რომელიც პროგრამულად არის მართული. დირექტორი ნამდვილად არ რეკავს ზარს. საჯარო სკოლების ზარი, ორ რეჟიმზე მუშაობს და მოსწავლეებს გაკვეთილის დაწყებასა და დასრულებას ამცნობს“.

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში