GE
16 აპრილი, 2026 16:02

„ხარისხიანი სასკოლო ფორმა 200 ლარი მაინც დაჯდება“ – რისი გადამხდელები არიან და რას ფიქრობენ მშობლები ფორმებზე

2026-2027 სასწავლო წლიდან, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მოირგებენ. სიახლე ჯერ კიდევ 2025 წელს დაანონსდა, თუმცა სიახლის მთავარი ადრესატების – I-VI კლასების მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის ამ დრომდე უცნობია ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხი – რა იქნება ფორმის ფასი, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მისი შეძენა საკუთარი ფინანსებით მოუწევთ.

სასკოლო ფორმის ღირებულების ნაცვლად, ვიცით ის, რომ ოჯახები, რომელთა სოციალური მდგომარეობა შეფასებულია 60 000 ან ნაკლები ქულით, ფორმას უსასყიდლოდ მიიღებენ. ასევე გავიგეთ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულმა შპს-მ, სახელწოდებით „საგანმანათლებლო რესურსები“, ბაზრის კვლევა გამოაცხადა, რომლის მიზანიც, მინისტრ გივი მიქანაძის განმარტებით, „ყველაზე დაბალი ფასის იდენტიფიცირებაა, რათა სწორედ ყველაზე დაბალი ფასით მოხდეს შემდგომში [ფორმის] დაკვეთისა და შესყიდვის განხორციელება“.

ცნობილია ისიც, რომ ბაზრის კვლევას ტენდერის გამოცხადებაც უნდა მოჰყვეს და საბოლოო ჯამში, პირველ ეტაპზე – (31 ივლისამდე) ტანსაცმლის 30%, ხოლო მეორე ეტაპზე – (20 აგვისტო) დანარჩენი ნაწილი უნდა შეიკეროს.

ამ დღეებში სასკოლო საზოგადოებამ იხილა ფორმის ესკიზებიც, რომელთა მიხედვითაც, ბიჭებს პიჯაკისა და შარვლის, ხოლო გოგონებს პიჯაკის, შარვლის, მუხლამდე ან გრძელი ქვედაკაბების ჩაცმა მოუწევთ.

ესკიზების გამოქვეყნებას, სოციალურ ქსელში, საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა – ზოგს საბჭოთა კავშირი გაახსენდა, ზოგისთვის კი შემოთავაზებული ფორმის დიზაინი თავიდან ბოლომდე მისაღები აღმოჩნდა.

EDU.ARIS.GE-მ გადაწყვიტა, გასაუბრებოდა მშობლებს და გაეგო, რატომ მოსწონთ ან არ მოსწონთ სასკოლო ტანსაცმლის დიზაინი, რა შეიძლება ღირდეს საშუალოდ ერთი ფორმა და თავად რამდენის გადახდას შეძლებენ. ჩვენი რესპონდენტები სხვადასხვა რეგიონისა და სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მშობლები არიან. იმის მიუხედავად, რომ ფორმაზე ყველას თავისი მოსაზრება აქვს, ერთ რამ თითქმის ყველას თანაბრად აწუხებს, ფასზე ხელმისაწვდომობაა.

ნანა ებრალიძის შვილი ქვემო ქართლის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეოთხეკლასელია. როგორც მშობელი გვეუბნება, „სათანადოდ“ შემოსილი ბავშვების ხილვა კარგია, თუმცა სკოლებს ბევრი სხვა პრობლემაც აქვთ.

„ის, რომ ბავშვები სკოლაში სათანადოდ შემოსილნი იქნებიან, კარგია და მისაღები. თუმცა, სკოლებში ბევრი პრობლემაა მანამადე მოსაგვარებელი – საგნებიდან დაწყებული, კვებით დამთავრებული. აჯობებს, სამინისტრომ ჯერ ამ საკითხებს მიხედოს და შემდეგ გადავიდეს ფორმებზე. გადახედონ სასკოლო წიგნებს, რას ასწავლიან ბავშვებს. რაც არ უნდა ღირდეს ფორმა, სეზონზე 2 ცალი სჭირდება ბავშვს და ეს კიდევ ზედმეტი ხარჯია განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის. სკოლებს თავადაც შეუძლიათ, დააწესონ შინაგანაწესით ბავშვისთვის დრესკოდი. რა მნიშვნელობა აქვს ფასს? მაინც სამინისტრო წყვეტს, ვინ გაიმარჯვებს ტენდერში. ალბათ, იქნება 200 ლარი მინიმუმ და ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის მიუღებელია“, – გვეუბნება ნანა ებრალიძე.

დიზაინი არ მოსწონს და ფორმის შემოღებას ეწინააღმდეგება სოფიკო გოგილაშვილი, რომლის მეორეკლასელი შვილიც კახეთში სწავლობს. მშობელი თავის მოსაზრებას ასე ხსნის:

„ესკიზი ვნახე – ეს არ არის მოსწავლის ფორმა, თანაც მეშვიდე კლასამდე. მოწონებით რატომ არ უნდა მომწონდეს? ჩვეულებრივი კლასიკური ჩაცმულობაა, რომლითაც ოფიციალური თანამდებობის პირები დადიან. მთელი დღე პიჯაკში და ქამრიან შარვალში გამოწყობილი პირველკლასელი რანაირად წარმოგიდგენიათ? ბაღის შემდეგ ბავშვი ისედაც ძლივს ეგუება საკლასო დისციპლინას, ახლა კი ეს შებოჭილი ჩაცმულობა… ბიჭი ვისაც ჰყავს, ყველა დამეთანხმება – მეორე დღეს იგივე ჩასაცმელით ვერ ვაგზავნი სკოლაში, ისეთს ხდის წინა დღის ჩასაცმელს. მე პირადად ყოველდღე ახალი დამჭირდება. შარვალს გავრეცხავ. პიჯაკიც ყოველდღე ვრეცხო? წლის ბოლოს რას დაემსგავსება? თან ახლა იმისთანა ხარისხიანებს შეკერავენ, მე თქვენ გეტყვით, უცვეთელი იქნება! თან ეს ლურჯი და თეთრი რა უბედურებაა პატარებისთვის? ორ ფერში უნდა გადაწყვიტოთ ბავშვების ფერადი ბუნება? ეს ჰალსტუხის წაჭერა ყელში დაწყებითი კლასის ბავშვისთვის ვინ მოიფიქრა? მართლა ვისაც ეკუთვნის თანამდებობრივად, იმათ ეზარებათ ჰალსტუხები. მე არ გავუკეთებ ჰალსტუხს, გამორიცხულია!

ვისაც ჰგონია, რომ ფორმას უყიდის და მორჩა, დაისვენებს ტანსაცმლის ყიდვისგან – რა, გარეთაც ფორმით ატარებს? ეს დამატებითი ხარჯია, თან ძალიან ცუდი ხარჯი ახლანდელ გაჭირვებულ ცხოვრებაში. ფასი მაქსიმუმ 40-50 ლარი უნდა იყოს, მაქსიმუმ! თუმცა, 50 ლარად ხარისხიანს არავინ შეკერავს, ხარისხიანი ფორმა 200 ლარი მაინც დაჯდება. და ფორმაში პერანგიც შედის? უნდა შედიოდეს წესით. თუ არ შედის, მით უარესი“.

ესკიზი მოსწონს თაკო გვალიას, რომელიც ჩვენთან საუბარში გამოთქვამს ვარაუდს, რომ ფორმის ღირებულება 200 ლარის ფარგლებში იქნება.

„ძალიან მომეწონა ესკიზი – ლამაზი, სადა და დახვეწილია. არაფერს შევცვლიდი. რაც შეეხება თანხას, ვფიქრობ 200 ლარის ფარგლებში უნდა იყოს, რომ ყველა ფენის წარმომდგენელმა შეძლოს გადახდა, რადგან ერთი ფორმა მთელი წლის განმავლობაში არ ეყოფა ბავშვს და დამატებით მეორე ფორმის საჭიროებაც არის“, – ამბობს თაკო გვალია, რომლის შვილიც თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის 1-ელ კლასში სწავლობს.

სასკოლო ფორმის შემოღების გადაწყვეტილებას იწონებს მაკა გოგნაძეც, რომლის შვილიც იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლის მეხუთეკლასელია. ჩვენი რესპონდენტი იმედოვნებს, რომ ერთი ფორმის ფასი „კატასტროფული არ იქნება“:

„სასკოლო ფორმების შემოღებას მივესალმები, ძალიან მომწონს. ჩემი შვილები ადრე სხვა სკოლაში სწავლობდნენ და იქ ფორმები ეცვათ. ძალიან განსხვავებულები იყვნენ. ასე რომ, გამოცდილებით ვიცი – ფორმა ბევრად ეკონომიურია, ვიდრე სხვა ყოველდღიური ჩასაცმლის ყიდვა. ერთხელ, სამი შვილის სასკოლო ჩასაცმელში 700 ლარი გადავიხადე მაშინ, როცა სკოლის ერთ ფორმას 90 ლარად გვიკერავდნენ. აქედან გამომდინარე, მისაღები იქნება ჩემთვის ნებისმიერი თანხა. მე მგონი, კატასტროფული ფასი ისედაც არ ექნება“.

მე-5 კლასის მოსწავლის მშობლის – ქეთი მაღრაძისთვის მნიშვნელოვანია, რომ ოჯახს ფორმის შესაძენად ვალის აღება არ დასჭირდეს და ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

„სასკოლო ფორმების შემოღება ჩემთვის, როგორც მშობლისთვის, ერთი მხრივ, მისაღებია. ყოველთვის არის ბავშვების განცდა და ნერვიულობა, რომ ახალი ტანსაცმელი იყიდონ, სხვებს არ ჩამორჩნენ. ამას ხშირად მოსდევს გულისტკენა, თუ მშობელს არ აქვს ფინანსური სიძლიერე, რომ ყოველთვის მოახერხოს ახლების შეძენა და სკოლაში შვილის ისე ტარება. მით უმეტეს, თუ ოჯახში ორი ან მეტი ბავშვია. მე როგორც ორი მოსწავლის, ბიჭის და გოგოს მშობელი, მოხარული ვიქნები, თუ ფორმები ყველა ოჯახისათვის ფინანსურად ხელმისაწვდომი იქნება. მთავარია, ამ შემთხვევაშიც იგივე პრობლემას არ წავაწყდეთ და ვინმეს ვალის აღება არ დასჭირდეს შვილის სასკოლო ფორმისთვის. მე ვფიქრობ, რომ საშუალოდ, ალბათ, 50-100 ლარი შეიძლება ღირდეს ფორმა“, – გვეუბნება ქეთი მაღრაძე, რომლის შვილიც იმერეთის რეგიონში სწავლობს.

კიდევ ერთი მშობელი, რომელსაც მოსაზრება ვკითხეთ და რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, კახეთში ცხოვრობს. მისი შვილი მომავალ სასწავლო წელს, პირველ კლასში შედის. თუმცა, როგორც მშობელი გვეუბნება, მნიშვნელოვანი არა სასკოლო ფორმა, არამედ „სკოლის არქონაა“.

„მომწონს თუ არა? დიახ, არ მომწონს, რადგან შეიძლება, მე უფრო იაფიანი ტანსაცმლის მომხმარებელი ვარ და ვერ გავწვდე ამ ფორმის თანხას, ორი წყვილი მაინც ხომ უნდა ჰქონდეს? თეთრი ზედა და შავი ბოლო მაინც იყოს, ასეა თუ ისე, გამოყენებადია უფრო და ყველაზე მთავარი, სკოლა არ აქვთ ბავშვებს – 4 წელია, დაკეტილია და რა დროს ფორმებია?! ჯამში, ექვსი წელია, სკოლაში არ უვლიათ ნორმალურად, ხან ონლაინ, ხან კიდევ რაიონში დაჰყავთ ცვლაში. ჯერ ეს საკითხი უნდა მოგვარდეს და შემდეგ ჩაცმის!

4 წელი ჩუმად ვიყავით, ვიცდიდით მოთმინებით. გვატყუებენ – ხან სარეაბილიტაციო არისო, ხან – დასანგრევი და კონკრეტული მიზეზი არ ვიცით ოთხი წლის მანძილზე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი მანავში არც ბაღია, არც სკოლა. მე მრავალშვილიანი ვარ და სოციალურად დაუცველი. შვილები მაღალ კლასებშიც მყავს და მათი ხარჯები მეტია. ახლა გადამოწმების ეტაპზე ვარ – იმედია, ხელოვნურად არ გამიზრდიან ქულას და 60 000-ს არ გადავცდებით, რასაც სამწუხაროდ, ბევრი ჩივის. თუ ასე მოხდა, ორ წყვილში, ჯამში, მხოლოდ 100 ლარის გადახდას შევძლებ“, – ამბობს მშობელი.

ასევე იხილეთ: 

ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)

განათლების მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას

ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი

schools.ge (ნ)