GE
7 მარტი, 2022 15:54

ხელისგულზე გამოზრდილი მუხის ხეების ამბავი – ბავშვებმა რკო დარგეს და ორი თვე აკვირდებოდნენ, როგორ ამოვიდა ნერგი, რომელიც წლების მერე უზარმაზარ ხედ იქცევა

სერვანტესის სახელობის გიმნაზია „აია-ჯესს“-ში, რომელიც თბილისში, გლდანის რაიონში მდებარეობს, კლუბი „მწვანე სივრცე“ ფუნქციონირებს. მისი სულისჩამდგმელი ამავე სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების პედაგოგი, თიკო ლაღიძე გახლავთ. კლუბი რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და როგორც თიკო EDU.ARIS.GE-სთან ამბობს, კლუბის წევრები ერთვებიან სხვადასხვა გარემოსდაცვით/მწვანე აქციებსა თუ პროექტებში, გეგმავენ და ახორციელებენ აქტივობებს სკოლის შიგნით და ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებშიც. გარდა გარემოსადცვითი პროექტებისა, ბავშვები ამ კლუბის მეშვეობით, საქველმოქმედო და სოციალურ პროექტებსაც ახორცილებენ.

„ჩვენი სკოლა მუდმივად ცდილობს მოსწავლეებს განუვითაროს ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ გამოადგებათ როგორც სრულფასოვან, სწორად მოაზროვნე მოქალაქეებს და ადამიანებს. ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანია მოსწავლეებში ეკოცნობიერების ამაღლება, რათა მათ მუდმივად ჰქონდეთ გარემოზე ზრუნვის სურვილი, ეკოლოგიური პრობლემების გააზრების და ამ პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარი.

„ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ ორგანიზაციასა თუ დაწესებულებასთან, როგორებიცაა თბილისის ზოოპარკი, ბოტანიკური ბაღი, საბუკო, დიღმის ჭალების გარემოსდაცვითი მუზეუმი, ორგანიზაცია CENN და სხვა. 2019 წელს ჩავერთეთ პროექტში იშვილე ტერიტორია, რომელიც ორგანიზაცია CENN-ის მიერ იყო ორგანიზებული და გულისხმობდა, რომ სკოლას შეეძლო ეშვილა გარკვეული ტერიტორია და აეღო ვალდებულება მასზე ზრუნვისა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ნაშვილები ტერიტორია თბილისის ზღვის მიმდებარედ, სადაც უკვე სამი წელია აქტიურად ვახორციელებთ გამწავნების, დასუფთავების აქციებს“, – მოუყვა EDU.ARIS.GE-ს თიკო ლაღიძე.

სერვანტესის სკოლის ბავშვები საკუთარი ხელით რგავენ ოთახის ყვავილებსა თუ ხის ნერგებს და აკვირდებიან მათ გაზრდას. საკუთარი ხელით გამოზრდილ ნარგავებს კი ხანდახან გასაჩუქებლადაც იმეტებენ. არ ავიწყდებათ ასევე ფრინველები, რომლებსაც სიცივესა და ცუდ ამინდში განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდებათ.

„აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს წითელი ნუსხის წარმომადგენელი მცენარეების გადარჩენა-გამრავლებაში. ორი წლის წინ დავაკალმეთ კოლხური ბზა, გავამრავლეთ და მსურველებს ვაჩუქეთ. ამ ეტაპზე გვაქვს წაბლფოთოლა მუხის ნერგები. სურვილის შემთხვევაში გაჩუქებთ ერთს. მეორე კლასელმა მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დარგეს რკოები ერთჯერად ქოთნებში, აკვირდებოდნენ ორი თვე რკოდან აღმონაცენის განვითარებას. ახლა უკვე გადაიტანენ ნიადაგში და რამოდენიმე წელში გვექნება ის ბუმბერაზი მუხები, რომლებიც ხელის გულზე გამოვზარდეთ. საკუთარ გუნდს „კეთილი მებაღეები“ უწოდეს ამ უსაყვარლესმა მეორეკლასელებმა.

„სკოლის შიდა სივრცეში გვაქვს ოთახის მცენარეები, სხვადასხვა ჯიშის, ვუვლით, ვზრუნავთ და ვცდილობთ მეტი სიმწვანე შევმატოთ ჩვენს ინტერიერს. სკოლის ეზოში ფიჭვისა და ნაძვის ხეებზე არ დაგვავიწყდა ურბანული ფრინველები და მათთვის საკუთარი ხელით შექმნილი სახლები მოვათავსეთ, გასულ წელს შაშვები შესახლდნენ და ბარტყებიც გვყავდა, წელსაც ველოდებით მობინადრეებს“, – ამბობს ბუნებისმეტყველების პედაგოგი.

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში