GE
28 ივნისი, 2022 13:46

„ზაფხული ცეკვაა და ამაში არმონაწილეობა სისულელეა“ – იტალიელი პედაგოგის დავალებები ბავშვებს ზაფხულის არდადეგებისთვის

იტალიელმა მასწავლებელმა, ჩეზარე კატამ თავის მოსწავლეებს საზაფხულო არდადეგებისთვის გასათვალისწინებლად 15 პუნქტიანი ზაფხულის დავალება დაუწერა. პედაგოგი მოუწოდებს მოსწავლეებს, იმდენი წაიკითხონ, რამდენიც შეუძლიათ და რჩევებისთვის მას მიმართონ.

ჩეზარე კატას დავალებებისა და რეკომენდაციების ჩამონათვალის ქართული თარგმანი, რომელიც ყველა მოსწავლისთვის სახელმძღვანელო შეიძლება იყოს და პედაგოგებისთვის – მაგალითი, თუ როგორ უნდა იურთიერთონ მოსწავლეებთან, EDU.ARIS.GE-ს პედაგოგმა, ტრენერმა, მანანა ჯინჭარაძემ, 23 ივნისს გაუზიარა.

იტალიელი მასწავლებელი მოსწავლეებს სწერს:

1. დილით მარტო იარეთ ზღვის სანაპიროზე, შეხედეთ მზის ნათებას წყალზე და იფიქრეთ იმაზე, თუ რა გახარებთ.

2. შეეცადეთ გამოიყენოთ ახალი სიტყვები, რომლებიც წელს ვისწავლეთ. რაც უფრო მეტის თქმა შეგიძლია, მით უფრო საინტერესო იქნება ფიქრი და რაც მეტი ფიქრი გაქვს, მით უფრო თავისუფალი იქნები.

3. წაიკითხეთ, რამდენიც შეგიძლიათ! მაგრამ არა იმიტომ, რომ უნდა წაიკითხოთ. წაიკითხეთ, რადგან ზაფხული შთააგონებს ოცნებებსა და თავგადასავლებს, კითხვა კი ფრენას ჰგავს. წაიკითხეთ, რადგან ეს აჯანყების საუკეთესო ფორმაა. მოდით ჩემთან რჩევისთვის, რა წავიკითხოთ.

4. მოერიდეთ ყველაფერს, რასაც ნეგატივი და სიცარიელის განცდა მოაქვს – ნივთები, სიტუაციები და ადამიანები. ეძებეთ შთაგონება და მეგობრები, რომლებიც გზრდიან, გამდიდრებენ და გაფასებენ ისეთს, როგორიც ხარ.

5. თუ სევდიანი ხართ და შიში გაქვთ, არ ინერვიულოთ: ზაფხულმა, ისევე, როგორც ნებისმიერმა სხვა მშვენიერმა მოვლენამ ცხოვრებაში, შეუძლია, თქვენი სული არიოს. შეავსე დღიური, აღწერე რას გრძნობ და თუ გინდა, სექტემბერში ერთად წავიკითხოთ.

6. იცეკვე და ნუ გერიდება. იცეკვე ყველგან, ნებისმიერ ადგილას: თუნდაც საცეკვაო მოედანზე, თუნდაც მარტო თქვენს ოთახში. ზაფხული ცეკვაა და ამაში არმონაწილეობა სისულელეა.

7. ერთხელ მაინც წადი მზის ამოსვლის შესახვედრად. იყავი ჩუმად და ღრმად ამოისუნთქე. დახუჭე თვალები და იგრძენი მადლიერება.

8. ივარჯიშეთ მეტი.

9. თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც ძალიან მოგწონთ, უთხარით მას რაც შეიძლება ლამაზად და დამაჯერებლად. ნუ შეგეშინდებათ არასწორად გაგების. თუ არაფერი გამოვიდა, მაშინ ეს არ არის ბედი, მაგრამ თუ გაგიგებენ და გიპასუხებენ, მაშინ ერთად გაატარებთ ამ წლის ზაფხულს და ეს იქნება ოქროს დრო. თუ წარუმატებელი აღმოჩნდა, დაუბრუნდით მე-8 საფეხურს.

10. ხელახლა წაიკითხეთ ჩვენი გაკვეთილის ჩანაწერები: შეადარეთ ის, რაც წავიკითხეთ იმასთან, რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში.

11. იყავი მზესავით ბედნიერი, ზღვასავით თავისუფალი და დაუოკებელი.

12. გთხოვ ნუ იჩხუბებ. იყავი თავაზიანი და კეთილი.

13. უყურეთ კარგ ფილმებს ღრმა ემოციური დიალოგით (ინგლისურად თუ შეგიძლიათ), რათა გაიუმჯობესოთ ინგლისური და განგივითარდეთ ერთდროულად გრძნობისა და ოცნებების უნარი. არ მისცეთ საშუალება, რომ ფილმი თქვენთვის დასრულდეს ბოლო ტიტრებით, გაიმეორეთ ის ისევ და ისევ, ჩართეთ იგი ამ ზაფხულის გამოცდილებაში.

14. ზაფხული ჯადოსნურია. დილის ცქრიალა მზის შუქზე და ზაფხულის ცხელ საღამოებზე იოცნებეთ… გააკეთე ყველაფერი, რომ არასოდეს დანებდე შენი ოცნებების გზაზე.

15. იყავი კარგი.

ასევე იხილეთ:

„მოსწავლე თუ სამი თვე სულ ისვენებს, რისკი ჩნდება, რომ მერე აღარ ისწავლის“ – როგორ დავგეგმოთ არდადეგები სწორად

EDU.ARIS.GE =განათლება= სკოლებზე და სკოლებში