GE
20 ივლისი, 2023 12:01

ზღვაზე დასვენების თავისებურებები – რა არ უნდა გამორჩეთ მშობლებს

ზაფხულის არდადეგების პერიოდში მშობლებს შვილები ხშირად დაჰყავთ ზღვაზე. თინეიჯერებს კი სრულიად დამოუკიდებლადაც, მეგობრებთან ერთად აძლევენ დასვენების უფლებას. ასეთ დროს, რასაკვირველია, მშობელი ღელავს. მართლაც, ზღვაზე დასვენებას აქვს გარკვეული თავისებურებები, მშობელს კი უწევს კარგად გაერკვეს სხვადასხვა საკითხებში, რომელიც მხოლოდ ჭარბი მზის სხივების მიღებასთან არ არის დაკავშირებული.

ზღვაზე დასვენების თავისებურებებზე EDU.ARIS.GE-სთან სწორედ ზღვასთან ახლოს მყოფი, ბათუმში დასაქმებული სპეციალისტი საუბრობს. ბავშვთა და ზრდასრულთა ექიმი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი, სალომე ვაშალომიძე ჩვენს მკითხველ მშობლებს იმ ასპექტებს უზიარებს, რაც არ უნდა გამორჩეთ.

– ქალბატონო სალომე, ჯერ შედარებით პატარა ასაკის მოსწავლეთა მშობლების ინტერესის გათვალისწინებით რომ აგვიხსნათ, რა უპირატესობები აქვს ზღვაზე დასვენებას, რას უწყობს ხელს როგორც მშობლების, ასევე შვილებისთვის?

– ზღვის წყალი სასარგებლოა ორგანიზმის მოძლიერებისა და გაკაჟებისთვის. პირველ რიგში, ზღვაზე ცურვა სასარგებლოდ მოქმედებს ფსიქიკურ სისტემაზე. აუმჯობესებს გუნება-განწყობას, სიხარულის ჰორმონის – სეროტონინის გამოყოფას უწყობს ხელს. ასევე, აუმჯობესებს ძილს. ზღვის წყალი მდიდარია სამკურნალო მაკრო და მიკრო ელემენტებით. ასევე სასარგებლოა ნივთიერებათა ცვლისთვის. ზღვის წყალი უწყობს ხელს ბავშვის, მოზარდის ფიზიკურ ზრდას, რადგან იოდი, რომელსაც შეიცავს ზღვა, აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებისთვის. ეს ჰორმონი დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ზრდა-განვითარებაზე, ინტელექტზე. ასევე იზრდება ჰემოგლობინის დონე სისხლში. გარდა ზღვის წყლისა მზის სხივებსაც სასარგებლო თვისებები გააჩნია, მზის სხივები აძლიერებს იმუნიტეტს, კარგია რაქიტის პროფილაქტიკისთვის, ასევე ამშვიდებს ნერვულ სისტემას. თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო. მზის დამცავი აუცილებელია განსაკუთრებით მზის ზენიტში ყოფნის პერიოდში. მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით D ვიტამინის წარმოიქმნება, რაც მოგეხსენებათ აუცილებელი კომპონენტია ადამიანის ორგანიზმისთვის.

– რა გამოწვევები აქვთ მშობლებს შვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?

– კატეგორიულად აკრძალულია ზღვის წყლის გადაყლაპვა, ვინაიდან დადებითთან ერთად, ბევრი უარყოფითი თვისება გააჩნია, მრავლადაა ინფექციების რაოდენობა. ასევე, თავი უნდა დავიცვათ მზის დამცავი კრემებით, განსაკუთრებით შუადღის მზეზე ყოფნისას. ყურადღებით უნდა იყოთ ზღვასთან და თუ შესვლას გადაწყვეტთ, დაიცვათ უსაფრთხოების წესები, ღრმად არ შეხვიდეთ და გამოიყენოთ გასაბერი დამცავი ბალიში.

– 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებიც სულ მალე დასრულდება და თინეიჯერი შვილები მშობლებს ზღვაზე მეგობრებთან ერთად დასასვენებლად გაშვებას სთხოვენ, ასეთ დროს რა შეიძლება გაითვალისწინოს მშობელმა?

– უმჯობესია, მოზარდმა იცოდეს ცურვა, თუ ცურვა არ იცის, აუცილებელია საცურაო ჟილეტის გამოყენება. ასევე, უნდა გავაფრთხილოთ, რომ ცურვის ცოდნის შემთხვევაშიც კი, ძლიერ ტალღებში კატეგორიულად ეკრძალება ზღვაში შესვლა. ხშირად, მოზარდებს უყვართ ტალღებში თამაში, რაც ძალიან სახიფათოა. თავი უნდა შეიკავონ ძლიერი ტალღებში ზღვაში შესვლისგან, რაც არ უნდა კარგი მოცურავე იყოს, ასეთ დროს რთულდება ნაპირზე გამოსვლა.

– და ბოლოს, მიმართეთ ჩვენს მკითხველ მშობლებს

– არ აჰყვეთ პანიკას. ზედმეტი მზრუნველობაც დამღუპველია, ისევე, როგორც შვილის ზედმეტად მიშვებული გაზრდა. ეცადეთ, მშვიდად გააკონტროლოთ და სწორად დაარიგოთ თქვენი შვილები.

ასევე იხილეთ:

თუ ლაშქრობას ან პიკნიკს გეგმავთ, ეს ადგილები აუცილებლად უნდა ნახოთ – გზამკვლევი მშობლებისთვის და არა მხოლოდ

ვარ თუ არა თანამედროვე მშობელი? – ფსიქოლოგი მშობლებს პასუხობს

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში