GE

„ბაგა-ბაღებში ზეიმების მოწყობა აკრძალული არ არის”- ბაღების მართვის სააგენტოს პასუხი მშობლებს

გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთი ბაგა-ბაღი ზეიმებს არ ატარებს, რადგან მათ ეს აეკრძალათ. არსებობს მოსაზრება, რომ მსგავსი ღონისძიებების მოწყობა აღსაზრდელებში სტრესს იწვევს. რა ხდება ამ მხრივ საჯარო ბაღებში, რა რეკომენდაციები აქვს სახელმწიფოს და აიკრძალა თუ არა ზეიმების ჩატარება, ამის შესახებ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნინო ბურძენიძე გვპასუხობს.

12348336_1043785238976038_1687919591_n„ბაგა-ბაღებში ზეიმების მოწყობა აკრძალული, რა თქმა უნდა, არ არის. პირიქით,  სააგენტოს მიერ გაიცა რეკომენდაციები, თუ როგორი  საჩვენებელი ღია გაკვეთილები და საზეიმო ღონისძიებები უნდა ჩატარდეს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყოველგვარი აქტივობა იყოს ორიენტირებული ისევ და ისევ აღსაზრდელზე. სააგენტოს სკოლამდელი აღზრდის განვითარების სამსახური და ბაგა-ბაღების  მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორები, ანუ მეთოდისტები ერთობლივად შევთანხმდით ზეიმების ფორმატზე.

რა თქმა უნდა, ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში ტარდება თემატურად შერჩეული ღია გაკვეთილი   ან კიდევ საზეიმო დღეებისადმი მიძღვნილი გასართობი ზეიმი. ღია გაკვეთილი შეიძლება ჩატარდეს სასწავლო-სააღმზრდელო ჯგუფში, და ასევე ბაღის დარბაზში,  ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ არის დაწესებული. პირიქით, ასეთი ატივობა ძალიან საინტერესოა ხოლმე, რადგან ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის. შედეგად აღსაზრდელი უფრო სოციალიზებული ხდება, თავისუფლდება გარკვეული ტიპის კომპლექსებისგანაც და მეტად მოტივირებული ხდება“, – ამბობს ნინო ბურძენიძე.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილის თქმით, ზეიმი არის ღია, საჩვენებელი აქტივობა, სადაც ბავშვს საკუთარი ცოდნის, გონებრივი განვითარების, ტალანტის წარმოჩენის პირველი შესაძლებლობა ეძლევა, თუმცა თუ აღსაზრდელი ემოციურად განიცდის და არ გამოთქვამს აქტიურობის სურვილს, დაუშვებელია მას აიძულონ ამის გაკეთება. ნინო ბურძენიძის განცხადებით, მშობლების დასწრებასაც ზეიმზე ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით წყვეტენ.

„ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პოზიცია ისაა, რომ მაგალითისათვის, საახალწლო ზეიმი ტრადიციულად თოვლის ბაბუასთან ერთად და ტკბილეულით აუცილებლად უნდა ჩატარდეს, მაგრამ დაუშვებელია ხანგრძლივი, ბავშვებისათვის დამღლელი ღონისძიების მოწყობა. უმჯობესია იყოს სახალისო, თავისუფალი ზეიმის სახით, რომელიც იქნება აღსაზრდელისთვის სასიამოვნო და სასიხარულო. დასწრება თავისუფალია და არავინ უშლის მშობელს თვალყური ადევნოს, მაგრამ აღმზრდელები, განსაკუთრებით უმცროს ასაკობრივ ჯგუფებში, ხალხმრავლობას უმეტესწილად ერიდებიან და ცდილობენ, მშვიდ გარემოში, მხოლოდ მშობლების მცირე რაოდენობის თანდაწრებით ჩაატარონ. ზოგადად, დასწრება შეუძლია ყველა აღსაზრდელის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს. ზეიმები მიმდინარეობს ცეკვის, საბავშვო სიმღერების, ლექსების თქმის ფონზე“, – განმარტავს ბაღებში მოქმედ წესებს ნინო ბურძენიძე.

1617952_782339538450460_7545715978380840919_oრაც შეეხება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ის მხოლოდ მაშინ ერთვება ბაღის ბავშვების აღზრდის საკითხში, როდესაც ისინი სასკოლო მზაობის ეტაპზე გადადიან. თუმცა განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური აღნიშნავს, რომ ისეთი ღონისძიებების მოწყობა, როგორიცაა სადღესასწაულო ზეიმები, ბავშვებს სხვადასხვა უნარებს უვითარებს და აუცილებელია.

„განათლების სამინისტროს ხედვა ასახულია იმ სტრატეგიულ დოკუმენტში და განათლების სახელმწიფო სტანდარტში, რომელიც შემუშავდა სასკოლო მზაობის პროგრამისათვის. იგივე ხედვები გვაქვს სკოლამდელ განათლებასთან დაკავშირებით. ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოსწავლის უნარ-ჩვევების განვითარებას უწყობს ხელს, არა თუ მისაღები, არამედ სასურველია და ისე უნდა დაიგეგმოს პროგრამა, რომ ბავშვის კომპლექსურ განვითარებას უწყობდეს ხელს.

ზეიმები შეიძლება პრეზენტაციის უნარების წარმოჩენას უწყობდეს ხელს, შესაძლებელია სოციალური უნარების, გუნდური მუშაობის უნარის განვითარებას. ძალიან ბევრი კომპეტენციის განვითარებისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს ასეთი ღონისძიებები. რაც მთავარია, ეს აღსაზრდელების მოტივაციის გაზრდას განაპირობებს“, – უთხრა Aris.ge -განათლებას ლია გიგაურმა.

საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 30 დეკემბერს დაიწყება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური