მასწავლებლის პროტესტი: „არ მიღირს გადმოგდებული თეთრებისა და ლარების ნაცვლად არანაირი ფუნქციური მოვალეობის შესრულება“
ავტორი ქეთევან სეფიაშვილი, ფიზიკის მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
წლების წინ, კარიერული წინსვლის სქემაში ძალიან ბევრი მასწავლებელი ხალისით ჩაერთო, მარათონს ჰგავდა ერთი სტატუსიდან მეორეზე გადასვლა. თან ძალიან ბევრ და ახალ საინტერესო მიდგომებისა და მეთოდებს ვსწავლობდით, ვესწრებოდით მასწავლებლის სახლის მიერ დაგეგმილ ტრენინგებს და თან ყველა ვზრუნავდით ერთმანეთის წინავლაზე, ვუზიარებდუთ ერთმანეთს გამოცდილებას. საინტერესო იყო გარე დაკვირვების გაკვეთილების ჩატარება, კვლევა, რომელიც რეალურად განვახორციელე ქ.თბილისის მეათე საჯარო სკოლაში, გავეცანი კვლევის მეთოდოლოგიის სახელმძღვანელოებს…
პანდემიის დროს შევქმენი ფეისბუქის ორი ჯგუფი: “physics teachers” და დაწყებითების მასწავლებლებისთვის “პირველი ნაბიჯები”. დაწყებითების პედაგოგთან შორენა ტაბატაძესთან ერთად, ორივე ჯგუფში მოხალისეობრივად ვათავსებდით ჩვენს მიერ შექმნილ რესურსებს და ასევე სრულიად მოხალისეობრივად ვატარებდით ტრენინგებს, მასწავლებლებს ვასწავლიდით ელექტრონული რესურსების შექმნას …
როდესაც 2023 წლის 27 ოქტომბერს დაანონსდა მასწავლებლის ხელფასების მატება 500 ლარით, მივხვდი, რომ ეს წინასაარჩევნო დაპირება იქნებოდა და მომატების ნაცვლად, ძალიან ბევრი მასწავლებელი დაზარალდებოდა. მართლაც ასე მოხდა, დაწყებითების მასწავლებლებს, მცირესაათიან მასწავლებლებს, წამყვანებსა და მენტორებს მომატების ნაცვლად ხელფასები შეუმცირდათ. ხელფასის შემცირებამ კი მასწავლებელბის უკმაყოფილება და იმედგაცრუება გამოიწვია. მეც ისეთი დემოტივირებული გავხდი, დღემდე ინერციით მოვდივარ და ვხვდები, რომ სადღაც უნდა გავჩერდე და ეს გაჩერების წერტილი, ალბათ მასწავლებლის ახალი სქემით განსაზღვრული “ფუნქციური მოვალეობების” შესრულება იქნება.
ახალი სქემის მიხედვით, უფროსმა მასწავლებელმა წინსვლსთვი უნდა შეასრულოს შემდეგი პირობები:
სკოლის დონეზე მისი ერთწლიანი საქმიანობა დადებითად უნდა შეფასდეს და ასევე გაიაროს წამყვანი მასწავლებლის სპეციალური კურსი და ამის შემდეგ მას მოემატება სტატუსი და გახდება წამყვანი მასწავლებელი, მისი ხელფასი გაიზრდება მთელი 117 ლარით, მაგრამ დაემატება ფუნქციური ვალდებულებები, ამის გამო კი, არ მგონია, ვინმემ თავი შეიწუხოს და დაიმატოს საქმე… უფროს მასწავლებელს შეუძლია მშვიდად იყოს და არც არაფერი გააკეთოს, გარდა გაკვეთილის ახსნისა. ვინ იჭყლიტება ისევ? ვინ და წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, ვინც ისედაც ასრულებდა ყველაფერს და ვისაც ავალდებულებენ გაურკვეველი ფუნქციური მოვალეობების შესრულებას.
დამერწმუნეთ, ჩვენ ყოველგვარი ვალდებულების გარეშეც ვზრუნავდით მოსწავლეების წინსვლაზე და წარმატებებზე, “დაკისრებული ვალდებულები” კი ჩემში დიდ პროტესტს იწვევს, იმიტომ რომ გაუგებარია რას მოიფიქრებენ და რას დაგავალებენ რესურსცენტრიდან რაიონის დონეზე. ნამდვილად არ მიღირს გადმოგდებული თეთრებისა და ლარების ნაცვლად არანაირი ფუნქციური მოვალეობის შესრულება მე ძალიან კარგად ვიცი ჩემი ფუნქცია, ვიცი, რომ უნდა მოსწავლეს შევაყვარო ჩემი ურთულესი საგანი – ფიზიკა. თუ ვერ შევაყვარებ, იმას მაინც ვეცადო, რომ ვასწავლი სწორად აზროვნება… და ჩემი, როგორც მასწავლებლის, მთავარი მოვალეობაა, აღვზარდო კარგი ადამიანები და კარგი მოქალაქეები, ეს კი არანაირი თანხა არ ღირს… ამ ყველაფერს ისედაც უანგაროდ გავაკეთებ სანამ მასწავლებელი მქვია.
ასევე იხილეთ:
-
„ახსნა ეზარება“ – სწრაფი რჩევა აბიტურიენტს, როცა რეპეტიტორი ქართულის დავალებას აუხსნელად გაძლევს
by რჩევები
-
მთავრობამ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დაამტკიცა – დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„დაიცავი განათლება“ – მთავრობის დაგეგმილი რეფორმა თბილისში მარშით გააპროტესტეს
by ARIS.GE-განათლება