GE

გაერთიანებული თსუ-ისა და ტექნიკური უნივერსიტეტების ხელმძღვანელად ლევან იზორია განიხილება

EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციით, გაერთიანებულ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკურ უნივერსიტეტებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, ლევან იზორია უხელმძღვანელებს.

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მრჩეველი 2025 წელს, იანვრის თვეში გახდა. მრჩევლობასთან ერთად, დღემდე, ლევან იზორია საუნივერსიტეტო რეფორმის სამთავრობო კომისიის მდივანია.

ლევან იზორიას მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის წოდება, ასევე სამართლის დოქტორის ხარისხი.

„გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამბიციური ამოცანა, საუნივერსიტეტო რეფორმის მიმართულებით. ჩვენ ვქმნით სამთავრობო კომისიას, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. 4-წლიან პერსპექტივაში ჩვენ თვისებრივად უნდა გარდავქმნათ საუნივერსიტეტო სისტემა, უმაღლესი განათლების სისტემა ჩვენს ქვეყანაში. დღეს არ არის დამაკმაყოფილებელი უმაღლესი განათლების ხარისხი ჩვენს ქვეყანაში. და რესურსები არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ყველა რესურსი, იმისათვის, რომ 4 წელიწადში ჩვენ მივიღოთ თვისებრივად განახლებული სისტემა.

თავისუფლად არის შესაძლებელი ის, რომ 4 წელიწადში ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს ზუსტად იმ ხარისხის განათლება, რა ხარისხითაც ის იღებს განათლებას ევროპულ ქვეყნებში. ამისათვის უნდა დაისახოს კონკრეტულად  გაწერილი გეგმა და ამაზე იმუშავებს სამთავრობო კომისია, რომელსაც ვუხელმძღვანელებ მე, მოადგილე იქნება განათლების მინისტრი, ბატონი ალექსანდრე წულაძე და ამ კომისიის მდივანი იქნება ბატონი ლევან იზორია, რომელიც გახლავთ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში. აქაც არც ერთი დღე და არც ერთი კვირა არ უნდა ჩავაგდოთ. ინტენსიური მუშაობა დაგვჭირდება იმისათვის, რომ 4 წლის თავზე ჩვენ სრულად მივაღწიოთ დასახულ მიზანს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერთი წლის წინ, როცა საუნივერსიტეტო რეფორმის სამთავრობო კომისია შეიქმნა.

ასევე იხილეთ:

„თსუ და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება“ – განათლების მინისტრის განცხადება (ვიდეო)

„თუ ყველაფერი უცვლელად რჩება, რა არის გაერთიანების მიზანი?!“ – უპასუხო კითხვები თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური