გასდის თუ არა უფლებამოსილების ვადა სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს 2015 წელს?
რა წერია კანონში
პროფესორი ჯონი აფაქიძე უკვე მერვე წელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორია. უმაღლესი განათლების შესახებ კანონის მიხედვით, რექტორის არჩევნებში პირს მხოლოდ ორი ვადით შეუძლია კენჭისყრა და 4-4 წელი რექტორად ყოფნა. ჯონი აფაქიძე აკადემიური საბჭოს მიერ სოხუმის უნივერისტეტის რექტორად 4 წლის ვადით პირველად 2009 წლის 21 მაისს იქნა არჩეული. მანამდე ის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი იყო 2007 წლის 17 სექტემბრიდან 2009 წლის 21 მაისამდე.
მეორე ვადით აფაქიძე 2013 წლის 25 მაისს აირჩიეს სოხუმის უნივერსიტეტის რექტორად. Aris.ge-განათლებამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა კითხვით, არის თუ არა განსაზღვრული დრო, რა ხნის მაძილზე უნდა იყოს ერთი და იგივე ადამიანი რექტორად, რაზეც გვიპასუხეს:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი არჩეულ იქნეს ზედიზედ ორ ვადაზე მეტით, რაც არ უნდა აღემატებოდეს ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის 2 ვადას.
კანონის ამ პრინციპის გათვალისწინებით შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განისაზღვრება კონკრეტული ვადები კერძოდ 4 წელი, ხოლო სამედიცინო სასწავლებლის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს 5 წელი“, – განგვიცხადეს სამინისტროში.
ერთი პიროვნების 2 ვადით რექტორად არჩევა სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაში 8 წელი გამოდის. ანუ ეს 8 წელი 2007 წლიდან მოყოლებული პროფესორ ჯონი აფაქიძეს შესრულებული აქვს, თუმცა როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აცხადებენ, აფაქიძეს რექტორობის ვადა 2015 წელს არ გასდის, რადგან 2007 წლიდან 2009 წლამდე მოვალეობის შემსრულებელი იყო და მხოლოდ 2009 წელს აირჩიეს რექტორად:
„სსუ აკადემიური საბჭოს მიერ პროფესორი ჯონი აფაქიძე რექტორად 4 წლის ვადით პირველად არჩეული იქნა 2009 წლის 21 მაისს; ის რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებელი იყო 2007 წლის 17 სექტემბრიდან 2009 წლის 21 მაისამდე.
პროფესორ ჯონი აფაქიძეს რექტორობის ვადა ეწურება 2017 წლის 25 მაისს, რადგანაც ის ამ თანამდებობაზე მეორედ ვადით არჩეული იქნა 2013 წლის 25 მაისს. „უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტისა და 2013 წლის 3 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოქმედი წესდების მე-14 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, აკადემიური საბჭო რექტორს ირჩევს 4 წლის ვადით.
„უმაღლესი განათლების შესახებ “ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად რექტორის უფლებამოსილების ვადას განსაზღვრავს უნივერსიტეტის წესდება. ცნობისათვის: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წლის 3 სექტემბრამდე მოქმედი წესდების (რომელიც დამტკიცებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2011 წლის 28 დეკემბერის #216/ნ ბრძანებით) 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, აკადემიური საბჭოს მიერ 2013 წლის 25 მაისს რექტორის არჩევა მოხდა 4 წლის ვადით. ამდენად, მოქმედ რექტორს მიმდინარე წლის სექტემბერში ვადა არ ეწურება“, – გვითხრეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლისას აკადემიური საბჭო თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს. აღნიშნული კანონი არ ითვალისწინებს რექტორისათვის უფლებამოსილების გაგრძელების წესს.
ამას გარდა, როგორც განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, ვიდრე პირი არჩეული იქნებოდა რექტორის პოსტზე და ის ასრულებდა რექტორის მოვალეობას რაღაც პერიოდით, მოვალეობის შესრულების ეს დრო უკვე არჩეულ რექტორად ყოფნის ძირითად დროში შედის.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად ამ კანონის მიხედვით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორობის კანდიდატს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ჩაეთვლებათ ვადა, რომლის განმავლობაშიც მათ ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ეკავათ, შესაბამისად, რექტორის თანამდებობა ზედიზედ ორი უფლებამოსილების სრული ვადით, მათ შორის, როგორც მოვალეობის შემსრულებელს“, – აღნიშნეს სამინისტროში.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ირმა პავლიაშვილიც ამბობს, რომ მოვალეობის შესრულების პერიოდი რექტორად მუშაობაში ეთვლება პირს:
„უმაღლესი განათლების შესახებ კანონის“ თანახმად, პირს რექტორის არჩევნებში მონაწილეობა 2 ჯერ მეტად არ შეუძლია. რაც შეეხება იმ პერიოდს, როდესაც რექტორის მოვალეობას ასრულებდა, ეთვლება რექტორობის წლებში. თუმცა როდესაც რექტორის მოვალეობას ასრულებდა, ის ვადა არ ჩამოაკლდება იმ არჩეული რექტორობის ვადიდან“, – აღნიშნავს ირმა პავლიაშვილი.
ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად კვლავ განათლების სამინისტროს მივმართეთ. გთავაზობთ Aris.ge-განათლებას კითხვებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხებს:
– თუ რექტორი 2 წელი მოვალეობას ასრულებდა, 2009 წელს აირჩიეს 4 წლის ვადით, შემდეგ 2013 წელს კიდევ 4 წლის ვადით. გამოდის, რომ მან რექტორად უნდა იმუშაოს 10 წელი? ამას უშვებს კანონი? თუ 2015 წელს უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები?
– კანონის თანახმად, რექტორის ვადა ამოიწურება არჩევიდან 4 წლის გასვლისთანავე, ანუ 2013 წლის იმ რიცხვიდან, რა რიცხვშიც აირჩიეს. აღნიშნულს კანონი უშვებს.
– ის 2 წელი, რა დროსაც მოვალეობას ასრულებდა, ხომ არ „ეჭრება“, იმ 4 წლიან ვადას, რა დროსაც უკვე უნივერსიტეტის საბჭომ აირჩია რექტორად?
– ორი წელი, ის პერიოდი რაც რექტორის მოვალეობას ასრულებდა, რექტორის ვადას არ ჩამოეჭრება.
– კანონით გათვალისწინებულია, რომ მხოლოდ 8 წელი (2 ვადით) უნდა იმუშაოს პირმა რექტორად?
-კანონით გათვალისწინებულია, რომ რექტორი შესაძლოა ზედიზედ ორჯერ იყოს არჩეული.
გამოდის, კანონში ყველაფერი რიგზეა? სამინისტროც მართალია და თავად სოხუმის უნივერსიტეტის რექტორიც არაფერს არღვევს? და არც პირველი ვადით არჩევის დროს უნდა ჩათვლოდა მოვალეობის შესრულების 2 წელი რექტორის სტატუსად აფაქიძეს? ცხადია, ამ კითხვებზეც იარსებებს არაერთი იურიდიული თუ საკანონმდებლო განმარტება, თუმცა ერთი ფაქტია, ამ ლოგიკით, გამოდის, რომ 4 წელს პლიუს 4 წელი, აფაქიძის შემთხვევაში რექტორობის 10 წელიწადს უდრის.
ცისანა არის© შერგილაშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება