GE

კონფლიქტის მართვა საკლასო ოთახში

ნინია მაჭარაშვილი

ეს ის ასაკია, როცა გგონია, შენი არავის ესმის; ვერავინ ხვდება, როგორი ხარ და რა გინდა. სტრესი და კონფლიქტები მხოლოდ გარდატეხის ასაკში მყოფ მოზარდებს არ აწუხებთ – მათ ყველა ასაკის ადამიანები ეჯახებიან, თუმცა გარდატეხის ასაკი ის დროა, როცა მრავალი მიზეზის გამო ეს პრობლემები ყველაზე ხშირად იჩენს თავს.

სტრესსა და კონფლიქტზე რეაქცია ყველა ასაკში სხვადასხვანაირია. მაგალითად, ორი წლის ბავშვს შესაძლოა ტემპერატურამ აუწიოს. შვიდი-რვა წლის ბავშვებს სტრესზე მოტორული რეაგირება სჩვევიათ – რაიმე მავნე ჩვევის გაჩენა, ფრჩხილების კვნეტა, ტუჩების პერმანენტული კბენა, უნებლიე მოძრაობები, ენაბორძიკობა. გარდატეხის ასაკის მოზარდები ჩხუბობენ და გარშემო მყოფებს შეურაცხყოფას აყენებენ. მათ კონფლიქტი აქვთ უფროსებთან, თანატოლებსა და საკუთარ თავთანაც.

სკოლა კი ის ადგილია, სადაც კონფლიქტი ყოველდღე ხდება: მოსწავლეებს შორის, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის… ფსიქოლოგები სასკოლო კონფლიქტებს ორ ჯგუფად: მოგვარებულ და მოუგვარებელ კონფლიქტებად ყოფენ. ისინი ამბობენ, რომ მოგვარებული კონფლიქტები სკოლაში მყოფ ადამიანთა ინტერაქციის, განვითარებისა და ზრდის აუცილებელი პროცესია. მოგვარებული კონფლიქტის შემდეგ მოსწავლე და მასწავლებელი სკოლის კულტურის ნაწილი ხდებიან და ჯანსაღი სასწავლო პროცესის მიმდინარეობას განსაზღვრავენ. რაც შეეხება მასწავლებელსა და მოსწავლეებს ან მოსწავლეებს შორის მოუგვარებელ კონფლიქტებს, ეს დაბალი თვითშეფასებისა და მოსწავლის ხასიათის უარესობისკენ შეცვლის მანიშნებელია.

როგორ შევამციროთ საკლასო ოთახში მოსწავლესა და მასწავლებელს შორის კონფლიქტი? – ამის გასარკვევად არაერთი კვლევა ჩატარებულა. გთავაზობთ უნიკალურ მიგნებებს ცნობილი გამოცემის, Guardian-ის სტატიიდან, რომელიც გაზეთმა რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა.

● რაც უფრო დაბალი თვითშეფასება აქვს მოსწავლეს, მით უფრო გარიყულად გრძნობს თავს. სწორედ ესაა მისი აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ამ დროს მოსწავლეს ურჩევნია, დაუმორჩილებლობა გამოამჟღავნოს, რათა მეტი ყურადღება მიიქციოს. სწორედ ეს აღიზიანებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებს. ეცადეთ, დაეხმაროთ მოსწავლეს თვითშეფასების ამაღლებაში და მისი ურჩობაც ნელ-ნელა გაქრება.

● ქცევის ჩამოყალიბების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია აღიარება თანატოლებისა თუ უფროსების მიერ, ამიტომ აუცილებელია, მოვუსმინოთ მოსწავლეს და მისი აზრი მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ამ დროს მოსწავლე თავის მნიშვნელოვნებას გრძნობს, რაც თავდაჯერებას მატებს.

● გარდატეხის ასაკში მყოფ მოსწავლეებს ესაუბრეთ როგორც თანატოლებს და არა როგორც პატარებს. იყავით მათ მიმართ ისეთივე ეთიკურები, როგორიც ხართ უფროსი კოლეგების მიმართ. ეს მათი თვითშეფასების ამაღლებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

● ნურასოდეს იფიქრებთ მოსწავლეზე შურისძიებაზე, მაგალითად, დასჯაზე. ამით კონფლიქტს უფრო გაამწვავებთ და შესაძლოა, სავალალო შედეგიც მიიღოთ. გირჩევთ, დასჯა, ნებისმიერ შემთხვევაში, საერთოდ დაივიწყოთ.

● ნუ დაემუქრებით მოსწავლეებს მშობლების, მეურვეების სკოლაში გამოძახებით. ამას სჯობია, თავად დაუკავშირდეთ მშობელს და მშვიდად სთხოვოთ დახმარება მოსწავლის პრობლემების დასაძლევად.

● ჩხუბისა და ყვირილის გარეშე, მშვიდად აუხსენით მოსწავლეს, რატომ აუბნებით „არას” და რატომ – „კის”.

● იცოდეთ, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის სიმართლე არ არსებობოს. უფრო სწორად, სიმართლე ორივეს მხარესაა. იმის გარკვევას, სადაა წინააღმდეგობა ამ ორ სიმართლეს შორის, რა არის გასაყოფი, სწორი კომუნიკაცია და საუბარი სჭირდება.

● დაბოლოს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოგება-წაგების პრინციპის დრომ დიდი ხანია ჩაიარა. კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზა სკოლაში მოგება-მოგების პრინციპია.

სტრესისა და კონფლიქტის დროს მოსწავლეებს მასწავლებლების დახმარება სჭირდებათ. სწორი კომუნიკაცია, თანატოლად აღიარება, დასჯაზე უარის თქმა, თვითშეფასების ამაღლებაში დახმარება და მშობლებთან მოლაპარაკება კონფლიქტის აღმოფხვრის ყველაზე ეფექტური საშუალებებია. ეფექტური იმიტომ, რომ ამ დროს დამარცხებული არ არსებობს – მოსწავლეცა და მასწავლებელიც თანაბრად გამარჯვებული არიან.

წყარო: mastsavlebeli.ge

იხილეთ ორიგინალი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური