ცნობილია როგორ განაწილდება სასწავლო გრანტები 2025-2026 სასწავლო წელს – პრემიერ-მინისტრის ბრძანება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა ბრძანებას 2025-2026 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობების, ოდენობებისა და პროგრამული დაფინანსების მოცულობის განსაზღვრის შესახებ და ის უკვე ძალაშია.
15 აპრილს ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების პროგრამული მიმართულების/მიმართულებების პროგრამული დაფინანსების მოცულობა განისაზღვრა 12 723 750 (თორმეტი მილიონ შვიდას ოცდასამი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 14 287 500 (თოთხმეტი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარით.
სრული და ნაწილობრივი ოდენობის სახელმწიფო სასწავლო გრანტები ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის გაიცემა 9 155 000 (ცხრა მილიონ ას ორმოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
2025-2026 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა განისაზღვრა 2 250 ლარით.
“თუ სტუდენტმა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, კერძო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ამ დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს სახელმწიფო ფარავს მხოლოდ სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის ფარგლებში”, – აღნიშნულია ბრძანებაში.
2025-2026 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ნაწილობრივი ოდენობები კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დასაფინანსებლად განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) სრული ოდენობის 70 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 575 ლარისა;
ბ) სრული ოდენობის 50 პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 125 ლარისა.
საგრანტო თანხები განაწილდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ საგნებზე:
მათემატიკა;
ბიოლოგია;
ქიმია;
ფიზიკა;
ზოგადი უნარები;
ისტორია;
გეოგრაფია;
ლიტერატურა;
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
სამოქალაქო განათლება.
რა პრინციპით განაწილდება თანხები საგნების მიხედვით და რომელი კონკურსის შემთხვევაში რა ოდენობის დაფინანსებას მიიღებს სტუდენტი, დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პრემიერის ბრძანება და განმარტებები.
-
ქართული ენა – სავალდებულო საგანი ყველა უნივერსიტეტში – მიზანი, მოსალოდნელი შედეგი და სამუშაო პროცესი by ARIS.GE-განათლება
-
როდის იწყება პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია – ვადები და ტესტის ნიმუშები by პროფესიული განათლების ამბები
-
ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა 12 600 ლარი ეღირება – მთავრობის განკარგულება by ARIS.GE-განათლება