მოტყუებული პედაგოგები თუ არასწორი კალკულაცია – თავისუფალი გაკვეთილები 10 ლარად
საჯარო სკოლები განათლების სამინისტროში თავისუფალი გაკვეთილების პროექტების წარსადგენად ემზადებიან. პედაგოგი კლასგარეშე გაკვეთილის ჩატარებისთვის ანაზღაურებასთან ერთად კრედიტ-ქულებსაც მიიღებს. ქულის ოდენობა ახლო მომავალში დაზუსტდება, უკვე ცნობილია მასწავლებელთა ანაზღაურების ოდენობა.
განათლების სამინსტროს ინფორმაციით, თავისუფალი გაკვეთილების პროექტისთვის ბიუჯეტიდან 4 მილიონი ლარი დაიხარჯებ. სხვადასხვა ინტერვიუებში მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა აცხადებდა, რომ სასკოლო პროექტები 3000 ლარით იქნებოდა დაფინანსებული და აქედან 1000 ლარი უპირობოდ წავიდოდა მასწავლებელთან, დანარჩენი კი რესურსებს და ადმინისტრაციულ ხარჯებს მოხმარდებოდა. ამ განცხადების შემდეგ, პედაგოგთა ნაწილში ასებობდა მოლოდინი, რომ 3000 ლარი ერთი პროექტის ღირებულება იყო.
აღმოჩნდა, რომ 3000 ლარი სამინისტროს მიერ დადგენილი ოთხი სხვადასხვა მიმართულებისთვის განკუთვილი ჯამური თანხაა, კონკრეტული პროექტები და პედაგოგთა ანაზღაურება კი საათობრივად იქნება დაფინანსებული.
განათლების სამინისტროში თვისუფალი გაკვეთილების პროექტის კოორდინატორი ლალი კალანდაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ამბობს, რომ პედაგოგი კლასგარეშე გაკვეთილის ჩატარებისთვის თითოეულ საათზე 10 ლარს მიიღებს, იგივე თანხა იქნება გამოყოფილი საჭირო რესურსების შესაძენად და სკოლის ადმინისტრაციის დაფინასებისთვის.
„ანაზღაურება პედაგოგისთვის იქნება საათზე 10 ლარი, 10 ლარი – რესურსებზე, და ასევე 10 ლარი – სკოლის ადმინისტრაციის დაფინანსებისთვის, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ამ პროცესებს. ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს ოთხი მიმართულება: სპორტი, ხელოვნება, ინტელექტუალური და წიგნიერება. აქედან სპორტზე მიდის 40 საათი, დანარჩენ მიმართულებებზე 20-20 საათი. დავთვალეთ და სხვადასხვა მიმართულებებში ბავშვებს გამოსდით დამატებით 100 საათი, შესაბამისად ეს ჯამში გამოდის 3000 ლარი“,- განმარტავს ლალი კალანდაძე.
ანუ მატივად რომ ვთქვათ, თუ მაგალითად სკოლა მოიგებს სამინისტროს გრანტს ფიზიკური აქტივობის მიმართულებით, სკოლაში დამატებით გაკვეთილებს უნდა დაეთმოს 40 საათი. პედაგოგის ანაზღაურება იქნება 400 ლარი, 400 ლარი გამოიყოფა რესურსების შესაძენად და ასევე 400 ლარი -სკოლის ადმინისტრაციის დაფინანსებისთვის, ჯამში 1200 ლარი. დანარჩენ სხვა მიმართულებებში, მაგალითად წიგნიერება ან ხელოვნება გამოყოფილი იქნება 20 საათი, პედაგოგის ანაზღაურება გამოდის – 200 ლარი, ჯამში პროექტი – 600 ლარი.
გამარჯვებულ პროექტებს სამინისტროში შექმნილი კომისია შეარჩევს. მონიტორინგი განხორციელდება ისევე, როგორც ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესის შეფასება მიმდინარეობს. პროექტში მონაწილება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუმცა 1400 მცირეკონტიგენტიანი სკოლისთვის ადგენენ გარკვეულ პროგრამებს, რომლებიც მათ შეუძლიათ პირდაპირ გამოიყენონ. სამინისტრო დიდ სკოლებსაც სთავაზობს, რომ დაიპარტნიორონ მცირე სკოლები, ასევე ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ პროექტი აუცილებლად მოიცავდეს გასვლით გაკვეთილს – ექსკურსიას.
„ჩვენი მიზანია სასკოლო ცხოვრების გააქტიურება. გვსურს შემოვიტანოთ გაკვეთილი ნიშნის და საშინაო დავალების გარეშე. მოსწავლებს ვთვაზობთ წარმოაჩინონ თავის თავი და არ იყვნენ შეზღუდულები. ამასთან, სამინისტროს მიზანია სკოლის გაძლიერება. ამ პროექტით, როგორც ადმინისტრაცია იღებს თანხას, ასევე მასწავლებელი იღებს დამატებით საათებს და დამატებით ანაზღაურებას. სკოლა კი იღებს რესურსებს, რომლიც საჭიროა ამ პროექტის განსახორციელებლად. ველოდებით კრეატიულ იდეებს“, – განმარტავს ლალი კალანდაძე.
ჩვენ ერთ–ერთ წარმარტებულ მასწავლებელს ვესაუბრეთ, რომელსაც თავისუფალი გაკვეთილების პროექტი დაწერილი და გაგზავნილი აქვს. პედაგოგი მინისტრის განცხადებას და დღეს სკოლებისთვის მიცემულ ინფორმაციას ერთმანეთს ადარებს და მისეულ დაანგარიშებას გვთავაზობს:
თავისუფალი გაკვეთილების ვარიაცია: თავისუფალ გაკვეთილების ინსტრუქცია სკოლებმა 31 იანვარს მიიღეს, რის თანახმადაც, დეკლარირებული 3000 ლარი 200 ლარამდე შემცირდა. მინისტრის განცხადებით, ეს პროექტი ,,კონკრეტულ მასწავლებელს აძლევს 3000 ლარს და მასწავლებელი 3 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ ჩაატარებს თავისუფალ გაკვეთილს. როგორ ნაწილდება ეს 3000 ლარი? – პირველი 1000 ლარი მიდის სკოლის ადმინისტრაციასთან. ეს მნიშვნელოვანია ადმინისტრაციის მოტივაციის ასამაღლებლად – რომ რაც შეიძლება აქტიური მასწავლებლები ჰყავდეს. მეორე ათასი ლარი ულაპარაკოდ მიდის მასწავლებელთან, მესამე კი – ხარჯებზე.“
გაპიარებული :
1000 X 20 %-ზე = 800 ლარს
800 : 2,5 = 320
1000 – დეკლარირებული თანხა
20% საშემოსავლო
800 ე.წ. ხელფასი ხელზე
2,5 თვე (10 კვირა, 20 გაკვეთილი)
320 ერთ თვეში მისაღები ხელფასი. ასე თუ ისე, ,,არაუშავს“ სახელფასო დანამატია.
სინამდვილეში:
სკოლებმა ამ გაკვეთილებისთვის მიიღეს 200 ლარიანი შეთავაზება. სპორტის გარდა სხვა საგნებში ჩასატარებელი გაკვეთილების რაოდენობა არ აღემატება 20 საათს. 1 საათის ღირებულება არის 10 ლარი. 20 გაკვეთილს თუ კვირაში 2-ჯერ ჩავატარებთ, გამოდის 10 კვირა, ანუ 2 თვე-ნახევარი. ანაზღაურებას აუცილებლად დააკლდება 20%, რაც 200 ლარს შეამცირებს 40 ლარით. ე.ი. გამოდის მასწავლებელი 2 თვე-ნახევარში აიღებს 160 ლარს. თვეში 160 : 2,5 = 64
ხელფასი ყოველი თვის ბოლოსაა, მაშინ 160 უნდა გავყოთ სამზე, გამოდის 53, 33. ამოცანა გვეკითხება, იპოვეთ განსხვავება გაპიარებულსა და შეთავაზებულს შორის.
ანუ შეთავაზებულ 64 ( 2 თვე-ნახევარს იანგარიშებენ) ან 53,33 ლარსა (სამ თვეზე გაწერის შემთხვევაში) და გაპიარებულ 320 ლარს შორის. ამაშია საქმე!
კიდევ ერთი მასწავლებელი, რომელსაც საჯაროდ ვინაობის დასახელება არ სურს, მიიჩნევს, რომ პროექტისთვის განკუთვნილი თანხის დიდი ნაწილი ადმინისტაციიასთან მიდის, პედაგოგთან კი – მცირე ნაწილი რჩება.
„მთავარი საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ფინანსების დიდი ნაწილი ადმინისტრაციას რატომ უნდა ჰქონდეს? როგორაც უნდათ ისე გამოიყენებენ. გარდა ამისა, მახსოვს განცხადება 1000 ლარი წავა მასწავლებელთანო, ახლა, როგორც დირექტორმა აგვიხსნა ანაზღაურება საათების მიხედვითაა და უფრო სხვაგვარია. მიუხედავად ამისა, მაინც ვაპირებ პროექტში ჩავერთო, რადგან ანაზღაურება არაა განმსაზღვრელი, თავად ფორმა მომწონს. გარდა ამისა, პროექტი ახლა იწყება და თუ ხარვეზები იქნება ვფიქრობ, რომ მომავლში გამოასწორებენ.“
„საათების განაწილებაზე შეიძლება სისხლი დაიღვაროს, პედაგოგები ძალიან კონკურენტუნარიანი ხალხია“
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი