მოდულური დროებითი სკოლები მთელ საქართველოში – ახალი გამოსავალი
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური სასკოლო დროებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. გადაწყვეტილება საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთობლივად მიიღეს – ვკითხულობთ ფონდის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში.
EDU.ARIS.GE დაუკავშირდა მუნიციპალური განვითარების ფონდს და მოდულური სკოლის მაკეტის ელექტრონული ვერსიისა და ფოტოების გადმოცემა სთხოვა, რაზეც ფონდისგან მივიღეთ პასუხი, რომ მსგავსი ტიპის მასალა არ აქვთ.
750 სასკოლო მოდული უკვე შეკვეთილია – 22.5 მილიონ ლარზე ტენდერი გამოცხადებულია. განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის – მოდულების ტექნიკური დოკუმენტაცია.
„ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.
მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.
მოდულური სკოლების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში. ეს შეამცირებს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანისა და ყოველდღიური ტრანსპორტირების საჭიროებას და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უწყვეტობას.
პროექტი ითვალისწინებს ექსპლუატაციისთვის მზა სასკოლო მოდულების შეძენასა და საჭიროების მიხედვით მათ ადგილზე მონტაჟს. შესაბამის ტერიტორიებზე, საჭიროების შემთხვევაში, მოეწყობა გარე საინჟინრო ინფრასტრუქტურაც.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ტიპის, ჯამში 750-მდე მოდულის შესყიდვა – 600 საკლასო ოთახის, 100 ადმინისტრაციული და 50 სანიტარული კვანძის მოდული.
საკლასო ოთახის თითოეული მოდული გათვლილი იქნება 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე. ადმინისტრაციულ მოდულებში განთავსდება სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და ექიმის სამუშაო სივრცეები, ასევე სამეურნეო დანიშნულების ოთახები და შესაბამისი სანიტარული კვანძები.
მოდულების ერთმანეთთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება საჭიროების შესაბამისი ზომისა და დაგეგმარების ერთიანი სასკოლო სივრცის შესაქმნელად. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მათი განსხვავებული კონფიგურაციითა და ორ სართულად განთავსებაც.
ყველა მოდული აღიჭურვება ელექტრომომარაგების, განათების, გათბობა-გაგრილების, სახანძრო უსაფრთხოების, ვიდეომეთვალყურეობისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებით და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მოდულური დროებითი ინფრასტრუქტურა მრავალჯერადი გამოყენებისთვის იქნება განკუთვნილი – კონკრეტულ სკოლაში საჭიროების დასრულების შემდეგ შესაძლებელი იქნება მოდულების დემონტაჟი, სხვა ტერიტორიაზე გადატანა და ხელახლა მოწყობა.
მსგავსი მოდულური დროებითი სასწავლო სივრცეების გამოყენება აპრობირებული პრაქტიკაა ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პერიოდში, როდესაც დროებითი სასწავლო სივრცეების სწრაფად მოწყობის საჭიროება დგება“, – ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ლაშა მარგიშვილი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად დაინიშნა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების მინისტრიც კი შვილს 2 პიჯაკსა და 4 შარვალზე მეტს ამ ეტაპზე ვერ უყიდის
by ARIS.GE-განათლება
-
24 აგვისტოს სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო – ვაკანტური ადგილები ხელმისაწვდომია
by ARIS.GE-განათლება