ირინა ფრუიძე: სკოლაში დაინერგება თავისუფალი გაკვეთილები
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის განათლების ნაწილს პოლიტიკური საბჭოს წევრები აფასებენ
პედაგოგთა პრესტიჟის ამაღლება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა, სტუდენტების დაფინანსება უმაღლეს სასწავლებლებში მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტების პროექტების განხორციელება, სკოლამდელი და ზოგადი განათლება ისევ უფასო, სკოლებში თავისუფალი გაკვეთილების დანერგვა, ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის დახვეწა – ეს იქნება ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც აქცენტს პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო ოთხი წლის მანძილზე, განათლების სფეროში გააკეთებს.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 8 სექტემბერს გამართა. პრემიერმა ყურადღება პედაგოგთა ხელფასების მატებაზე, უმაღლესი, ზოგადი და პროფესიული განათლების რეფორმაზე ისაუბრა. პროგრამის წარდგენის შემდეგ მისმა ავტორებმა EDU.ARISGE-სთან კომენტარები გააკეთეს და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის განათლების ნაწილი შეაფასეს.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლება პირდაპირ ორიენტირებული იქნება შრომით ბაზარზე, რა მოთხოვნებიც შრომით ბაზარს აქვს, ის იქნება პრიორიტეტული და გადამწყვეტი.
„პროფესიული განათლება დაეფუძვნება ე.წ. გერმანულ დუალურ მეთოდს. რომელიც იმას ითვლისწინებს, რომ პროფესიული განათლების სტუდენტი იმავდროულად გაივლის პრაქტიკას. პრაქტიკის და თეორიის თანხვედრა იძლევა ძალიან კარგ სიმბიოზს და ეს თავისთავად წაადგება ადამიანის პროფესიონალად ჩამოყალიბებას. განათლების ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ზოგადად და ჩვენ ვგეგმავთ ფუნდამენტურ რეფორმებს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. რაც შეეხება განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდას, თანხები, რა თქმა უნდა, განათლებას ექნება და გაიზრდება. ეს კონკრეტული თანხები ბიუჯეტში იქნება გაწერილი“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირინა ფრუიძემ, რომელიც საარჩევნო პროგრამის განათლების ნაწილის ერთ-ერთი თანაავტორია EDU.ARIS.GE-ს უთხრა, რომ მათი პოლიტიკური გუნდი იმ ბარიერის მოხნას აპირებს, რომელიც პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრაში უშლის ხელს. მისი შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი პროფესიული განათლების განვითარებას შეუწყობს ხელს.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ზოგადი და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას, დარჩება უფასო და გეოგრაფიულადაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა. ძალიან დიდი მიღწევები იყო ამ კუთხით ამ 4 წლის განმავლობაში. ეს გაგრძელდება და კიდევ უფრო დაიხვეწება.
პრემიერმა ისაუბრა მნიშვნელოვან მიმართულებაზე, რომელიც პროფესიული განათლების განვითარებას ეხება. პროფესიული განათლება რომ გახდეს უფრო პრესტიჟული, ჩვენ შევქმნით ე.წ. დუალურ მოდელს, როდესაც პროფესიულ განათლებაში ასევე ჩართულია ბიზნესსექტორი და ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც არსებობს ქვეყანაში, წინ წამოწეულია. ასევე ხელი შეეწყობა იმას, რომ როდესაც ადამიანი იცვლის აზრს და პროფესიული განათლების დაწყების შემდეგ უნივერსიტეტში უნდა სწავლის გაგრძელება, ხელი აღარ შეეშლება და მარტივად შეძლებს უმაღლეს განათლებაზე გადაინაცვლოს. ესეც პროფესიული განათლების განვითარების გეგმებში შედის.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების განვითარება. ჩვენ აქაც გავითვალისწინებთ ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. დაფინანსდება და ხელი შეეწყობა იმ მიმართულებებს, რომელიც ბაზარზე მოთხოვნადია. იმისათვის, რომ უნივერსიტეტდამთავრებული ახალგაზრდა უმუშევარი არ დარჩეს, მან უნდა მიიღოს ის განათლება, რომელიც საჭიროა მისი დასაქმებისთვის. განათლების აქტუალურ სფეროებში მეტი დაფინანსება იქნება, რომ ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას შეეწყოს ხელი.
სკოლას რაც შეეხება, უნდა ამაღლდეს მასწავლებლების პრესტიჟი. ხელი შეეწყობა მათი პროფესიონალიზმის განვითარებას, მუდმივი გადამზადების კურსები იქნება. სკოლაში დაინერგება თავისუფალი გაკვეთილები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, მათი ცხოვრებისათვის და დასაქმებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორიცაა ლიდერობის, მეწარმეობისთვის საჭირო უნარ-ჩვევები და სხვა მათი პიროვნული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები“, – აღნიშნა ირინა ფრუიძემ.
–თავისუფალ გაკვეთილებს ვინ ჩაატარებს?
-აქ ჩართული იქნებიან სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, როგორც მასწავლებლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.
–„ქართული ოცნებას“ უკვე გადაწყვეტილი აქვს, გამარჯვების შემთხვევაში, 11 კლასის დამამთავრებელი ატესტატის გაცემა, როგორც ეს განათლების მინისტრმა განაცხადა?
-როგორც განათლების მინისტრმა განმარტა, მეთორმეტე კლასი არ გაუქმდება, ბოლო ორი წელი გადაიქცევა უნივერსიტეტში ჩასაბარებელ მოსამზადებელ პერიოდად და ამით მაქსიმალურად შემცირდება რეპეტიტორის საჭიროება. ჩვენ ასევე ვიფიქრებთ ე.წ. ნულოვანი კლასის შექმნაზე, რათა გადაიჭრას 5 წლის ბავშვის სკოლაში შეყვანა-არშეყვანის საკითხი. საჯარო სკოლებში „პრესქული“ ეტაპობრივად დაინერგება.
–რა არის ის პრობლემები, რომელთა გადაჭრა ოცნებამ ვერ შეძლო წინა ოთხი წლის განმავლობაში და რომლის გამოსწორებასაც ეცდებით გამარჯვების შემთხვევაში?
-ძირითადად, ეს არის პედაგოგების პრესტიჟი, განათლების ხარისხი. პროფესიული განათლების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები დაიწყო, ჩვენ უფრო გავაძლიერებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი ინვესტიცია იდება ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განვითარებისთვის. თბილისში უკვე გაიხსნა ტექნოლოგიური ინსტიტუტი. ქუთაისშიც იგეგმება დიდი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა. რაც თანამედროვე განათლების სტანდარტების დანერგვას შეუწყობს ხელს, ასევე ეკონომიკურ განვითარებას. ქუთაისის უნივერსიტეტის პროექტი უკვე გადაწყვეტილია და უახლოეს მომავალში დაიწყება მისი განხორციელება.
რა წერია განათლების მიმართულებით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში
გიორგი კვირიკაშვილი: პედაგოგის საშუალო ხელფასი 800 ლარამდე გაიზრდება
ცისანა არის© შერგილაშვილი
- რამდენია თანამდებობრივი სარგოები განათლების სამინისტროში თანამდებობების მიხედვით – განკარგულება განახლდა by ARIS.GE-განათლება
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- ვასწავლოთ და ვისწავლოთ ასო-ბგერები „ბ“, „გ“, „დ“, „თ“, „კ“, „უ“, „ღ“, „ს“, „ხ“ – მასწავლებლის 9 პრეზენტაცია by განათლებული ბლოგი