განათლების მინისტრი: „მასწავლებლებს ვთხოვეთ… ტელეფონი ყუთში პირველი თვითონ განათავსონ – მისცენ მაგალითი მოსწავლეებს“
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მოსწავლეებისგან განსხვავებით, მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესში ტელეფონების გამოყენება არ ეზღუდებათ, თუმცა სამინისტრომ პედაგოგებს სთხოვა, რომ „მისცენ მაგალითი“ ბავშვებს და მობილურები სპეციალურად მოწყობილ დაცულ სათავსში თვითონაც განათავსონ.
როგორც გივი მიქანაძემ 24 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება არაერთ სკოლაშია უკვე შეზღუდული, 15 სექტემბრიდან კი ეს „კულტურა“ ყველა სკოლაში დამკვიდრდება:
„არაერთგზის გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ თითქოს მასწავლებლებს ვუკრძალავდით ტელეფონის გამოყენებას. ჩვენ უბრალოდ მათ ვთხოვეთ, რომ თუკი ტელეფონი არ სჭირდებათ რამე მასალის სადემონსტრაციოდ, მაგალითი მისცენ მოსწავლეებს და ტელეფონი ყუთში პირველი თვითონ განათავსონ – აჩვენონ კონკრეტული მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ეს პროცესი…
არის არაერთი სკოლა, სადაც ეს კულტურა უკვე წლებია დამკვიდრებულია. ახლა ჩვენ ეს შემოგვაქვს, რომ ყველა სკოლაში სავალდებულო გახდეს შეზღუდვა და სწავლა-სწავლების პროცესი არ შეფერხდეს“.
განათლების მინისტრის თქმით, სკოლებს, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, სპეციალური ყუთების [სადაც მობილურებს შეინახავენ –ავტ.] ესა თუ ის ოდენობა უკვე შეძენილი აქვთ, მათი განთავსების არეალს კი – საკლასო ოთახში იქნება თუ სხვა სივრცეში – თავად განსაზღვრავენ.
„სკოლები ყუთებს იძენენ ინდივიდუალურად და იმ ოდენობით, რაც საჭიროა მოსწავლეთა შესაბამისი რაოდენობიდან გამომდინარე. ყუთები, სავარაუდოდ, კლასში განთავსდება, თუმცა სკოლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამაზე თითოეული სკოლა ინდივიდუალურად იმსჯელებს. ეს სკოლაში გადასაწყვეტი საკითხია, მათ უკეთესად იციან, ტელეფონების დაცულობისა და უსაფრთხოებისთვის რა არის მიზანშეწონილი“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.
შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წლიდან, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებს სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონების/სმარტფონების, „ჭკვიანი“ საათების, პლანშეტური და პორტატიული კომპიუტერების არამიზნობრივი გამოყენება შეეზღუდებათ. სიახლე საშუალო და საბაზო საფეხურების მოსწავლეებს ერთნაირად ეხებათ.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრი მშობლებს მიმართავს – „დაარწმუნოს შვილი, რომ სკოლაში მისვლის დროს ეს არის წესი…“
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 468 ლარია – უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება
-
ყველა თემა, რომელსაც მოსწავლე საქართველოს ისტორიაში გაივლის – საკითხების ჩამონათვალი
by ARIS.GE-განათლება