რამდენ კითხვაში შეგვიძლია დავასრულოთ ,,CAT“-ის ტესტი?! – ინტერვიუ საგამოცდო ალგორითმის შემქმნელთან
სკოლის გამოსაშვები, საატესტატო გამოცდები მე-11 და მე–12 კლასელებისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. თუმცა ამ გამოცდებს სრული სახელით არც ერთი მოსწავლე არ მოიხსენიებს. computer adaptive testing, იგივე კომპიუტერზე ადაპტირებულ ტესტირება – სახელით „კატი“, მისი დანერგვის დღიდან მოინათლა.
როგორც Aris.ge-განათლებისთვის გახდა ცნობილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ზედმეტ სახელად „კატებს“ ეძახიან იმ ოთხ ადამიანსაც, რომლებმაც ფაქტობრივად შექმნეს ალგორითმი რომელიც გამოცდის წარმართვის პროცესს უზრუნველყოფს. რა საიდუმლოს მალავს ალგორითმი?! როგორ დავასრულოთ გამოცდა 20 კითხვაში და ზოგადად, როგორ იწყებოდა ისტორია სახელწოდებით „Gcat” – ამ საკითხებზე Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი დავით ჭანკოტაძე ესაუბრა.
– ბატონო დავით, შევახსენოთ Aris.ge-განათლების მკითხველს, თუ როგორ შეიცვალა სკოლის გამოსაშვები გამოცდები computer adaptive testing გამოცდებით?
– ეს იდეა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს არ ეკუთვნის. 2010 წელს, განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრისგან წამოვიდა ინიციატივა, რომ ცენტრს ჩაეტარებინა სკოლის გამოსაშვები გამოცდები. საუბარი იყო დაახლოებით 40 ათას მოსწავლეზე და ყოველწლიურად, დაახლოებით ამდენივეა გამოცდებში მონაწილეთა რაოდენობა. ქაღალდზე ასეთი გამოცდის ჩატარება და პროცესის ადმინისტრირება ყველა სკოლაში მარტივი არ იყო. გაყალბების შანსები დიდი გახლდათ, ხარჯები კი უფრო დიდი. ამიტომ, ავირჩიეთ ყველაზე თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები, რომელიც იმ მომენტისთვის იყო პოპულარული.
დიდი ხნის განმვლობაში ვთანამშრომლობდით ჰოლანდიური კომპანია ,,სიტო“– სთან და პირველი შეხებაც ამ სისტემასთან – computer adaptive testing სწორედ „სიტოში“ გვქონდა.
– როგორ შეხვდა ჰოლანდიური მხარე თქვენს იდეას, რომ საქართველოში დაგენერგათ კომპიუტერთან ტესტირების გავლის სისტემა?
– მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ინფორმირებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ, რომელსაც ასევე ჩვენ ვატარებდით, ისინი მაინც სკეპტიკურად შეხვდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას. გულით თვლიდნენ, რომ ვერ შევძლებდით და ამიტომ გამოთქვეს სურვილი დაგვხმარებოდნენ. „თავად ჩაბატარებთ გამოცდასო“, – ფქტობრივად უფასოდაც გვთავაზობდნენ, მაგრამ თავად სურდათ დაეტესტათ საქართველოში ,,კატი“ – რაზეც ქალბატონი მაიასგან (მაია მიმინოშვილი) დიდი უარი მიიღეს. გენერალურ დირექტორთანაც კი დაგვჭირდა შეხვედრა, იმისთვის, რომ ექსპერტებს ჩვენთვის ტრენინგები ჩაეტარებინათ. მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლებოდა და გამომზეურება, მითუმეტს სხვებისთვის სწავლება არ უნდოდათ. აქაც ქალბატონი მაიას დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა. შემდეგ მეორე ვიზიტი დაიგეგმა და ჰოლანდიაში ოთხკაციანი ჯგუფი გაემგზავრა. აქედან სამი კატის ქართული ალგორითმის ფუძემდებლები არიან.
– ანუ ,,კატები“ ..
– დიახ, იმდენჯერ ვახსენებდით იმ პერიოდში „კატს“, რომ შეგვარქვეს კატები, დღემდე მოგვყვება ეს ზედემტსახელი. მიხეილ მანია, დავით გაბელაია, მამუკა ჯიბლაძე.. წარუშლელი იყო პირველი შთაბეჭდილება, რომელიც ჩვენმა მათემატიკოსებმა ჰოლანდიაში მოახდინეს. ვერც კი წარმოედგინათ, რომ ქართველები მათემატიკის ასეთ ცოდნას გამოავლენდნენ. საუბარია წარმოუდგენელი პროფესიონალიზმის დონეზე, ჰოლანდიელები გაოგნებულები დარჩნენ.
– და ასე დაიწყო „CAT”-ის ქართული ალგორითმის შექმნა?
– დიახ, ჩვეულებრივ, „CAT”-ის ამოცანების შედგენა დიდად არ განსხვავდება სხვა ამოცანის შედგენისგან. ამოცანა ჩვეულებრივ უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას უნდა იყოს მხოლოდ შემოსახაზი, დახურულ ბოლოიანი და ოთხი პასუხი უნდა ახლდეს, იქვე უნდა შეძლო პასუხის განსაზღვრა. შეიქმნა დავალებების საკმადო დიდი რაოდენობა იმ დროისთვის ითვლებოდა, რომ საგანში 400 დავალება უნდა ყოფილიყო რომ ტესტი ჩატარებულიყო. შევქმენით დავალებათა ბანკი. დღეს თითო საგანში სულ მცირე ათასი კითხვა მაინც გვაქვს.
– დღეს ვინ ქმნის ტესტებისთვის ახალ დავალებებს?
– მათემატიკის დავალებებს მათემატიკის საგამოცდო ჯგუფის წევრები, ასევე დქირავებული მათემატიკოსები, ასევეა სხვა საგნებშიც, თუმცა ყველა ჯგუფს ჰყავს ცენტრის შესაბამისი საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი. იწერება დავალებები, შემდეგ ეს დავალებები გადიან აპრობაციას რაღაც ნაწილი იფილტრება რაღაც ნაწილი კი რჩება.
– რა საიდუმლოს მალავს „CAT”-ის ალგორითმი, ანუ როგორ ირჩევა მოსწავლისთვის ყოველი მომდევნო დავალება?
– ჩვენ არ ვიცით რა დონეზეა მომზადებული გამოსაცდელი, როდესაც ის ჯდება კომპიუტერთან და იწყებს ტესტს. პირველი სამი დავალება საშუალო სირთულისაა და ამ სამ დავალებაზე პასუხით დგინდება საორიენტაციო დონე. თუ ვერცერთ კითხვას ვერ უპასუხა, ე.ი მისი დონე საშუალოზე დაბალია თუ ყველას უპასუხა ე.ი საშუალოზე მაღალი. პირველი 15 კითხვის მანძილზე სისტემა აგროვებს ინფორმაციას. პირველ 15 კითხვაში ტესტი არავის ეთიშება, ალგორითმი მუშაობს, ხდება ყველა პასუხის ანალიზი. რამდენ რთულ კითხვას გასცა პასუხი, რამდენ მარტივს და რამდენს საშუალოს. სინამდვილეში ეს არის რთული მათემატიკური ფორმულები, რომლებიც იწერება ერთ თაბახის ფურცელზე. მათემატიკური მოდელი ძალიან დიდია. ყოველი პასუხის გაანალიზება ხდება, ყველა კითხვის სირთულის და ამის შემდეგ მოდის მომდევნო დავალება. შეიძლება ერთ კითხვას არასწორად უპასუხა, თუმცა წინ რთულ კითხვებზე სწორი პასუხი ჰქონდა, ამიტომ ტესტი არ გამარტივდება. ნაბიჯ–ნაბიჯ დგინდება გამოსაცდელის დონე. მეთხუთმეტე კითხვის შემდეგ უკვე დგინდება, რამდენად სტაბილურად პასუხობს ამა თუ იმ დონის კითხვებს გამოსაცელი – ერთ დონეზეა თუ აუმჯობესებს.
– რამდენ კითხვაში შეიძლება ტესტი დასრულდეს?
– ეს განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენად დაშორდება მოსწავლე ზღვარს. ზღვარი 5.5–ია. თუ მოსწავლე კითხვებს პასუხს რეგულარულად სწორად სცემს, პროგრამა მას აღარ აწვალებს და 20–21 კითხვაშიც შეიძლება გააჩეროს. კითხვების მაქსიმალური რაოდენობა კი 50–ია.
– მიუხედავად იმისა, რომ ალგორითმი ასეთი ჭკვიანია, ხშირად, მოსწავლეებს პრობლემები აქვთ ტექნიკურ მხარესთან…
– პირველ წლებში უფრო იყო, თუმცა ეს ალგორითმის ბრალი არ არის, აქ ინტერნეტის პრობლემაა, ელექტროენერგიისაც. თუმცა ტესტს შეუძლია, რომ სწორედ იქიდან გაგრძელდეს, სადაც დენის წასვლის დროს შეჩერდა ორი საათიც რომ იყოს გასული, მოსწავლეს ნაშრომი არ დაეკარგება. მესმის, არ არის ლამაზი, როცა კითხვა ჩანს და სურათი ნელა იტვირთება, მაგრამ ეს ინტერნეტის ხარვეზია და საბედნიეროდ ნელ–ნელა ეს პრობლემაც გვარდება.
– და ბოლოს, როგორ ფიქრობთ, ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია სკოლის დამამთავრებელი და მისაღები გამოცდების გაერთიანება. ამ საკითხზე ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ და გამოცდების ოპტიმიზაცია სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ განათლების განვითარების ათწლიან სტრატეგიაშიც გვხვდება..
– „CAT”-ის მიზანი არ არის გამოსაცდელის ზუსტი შეფასება არც მოსწავლეები ეჯიბრებიან ერთმანეთს. „კატში“ შეჯიბრი და კონკურენცია არის ზღვართან მიმართებაში. „Gcat”-მა გაამართლა. მსოფლიო ბანკი, ქართული ქეისის გამოყენებით, პოპულარიზაციას უკეთებს ამ პროგრამას. ბევრს საუბრობენ გაერთიანებაზე, თუმცა ჩაქუჩით ვერ გაზომავ, ჩაქუჩით უნდა დააჭედო. მესმის, რომ ადმიანური სურვილია რაღაც ახალი გააკეთო, მოსწავლეებსაც ნაკლები გამოცდა ჰქონდეთ ჩასაბარებელი. თუმცა სწავლა მარტივი საქმე არ არის. არ უნდა დავავალოთ ერთ პროგრამას გააკეთოს ის, რისთვისაც არ არის შექმნილ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ იქნება ისეთი წარმატებული, როგორიც „კატია“.
ჰკითხე ედუს – კითხვები და პასუხები განათლების საკითხებზე
ეკა არის© წივწივაძე
- როცა პროფესიას ირჩევ – რეკომენდაციები პროფესიისა და სასწავლებლის შერჩევისთვის by რჩევები
- როგორ დავალაგოთ უნივერსიტეტები წარმატებით – 5 ეტაპი რჩევის სახით და მთავარი გაფრთხილება აბიტურიენტებს by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- „სანამ წერას და არგუმენტებზე ფიქრს დაიწყებთ, ეს გააკეთეთ“ – 7 რეკომენდაცია აბიტურიენტებს ლიტერატურის გამოცდის წინ by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე