მართლწერის წესები და სავარჯიშოები – რიცხვითი სახელების მართლწერა აკადემიური წერისას (I)
ავტორები: ლია კაჭარავა, ხათუნა მარწყვიშვილი, ლილი ხეჩუაშვილი
რიცხვითი სახელების მართლწერა
რაოდენობითი რიცხვითი სახელი:
1) ერთად იწერება ყველა რიცხვითი სახელი ერთიდან ასის ჩათვლით, აგრეთვე _ ასეულთა
სახელები (ოთხასი, ხუთასი, ათასი).
2) ცალ-ცალკე იწერება რაოდენობითი რიცხვითი სახელები, რომლებიც შედგება მარტივი
ან რთული კომპონენტებისაგან: ხუთას ორმოცდარვა, ათას შვიდას ოცდაექვსი, ხუთი
მილიონ ოთხი ათას შვიდასი.
რიგობითი რიცხვითი სახელის არაბული ციფრებით გამოსახვისას:
1) მაწარმოებელი მე- თავსართის შემდეგ დეფისი იწერება და შემდეგ სათანადო რიცხვი:
მე-7; მე-15.
2) როცა მე- თავსართი რთული რიცხვითი სახელის უკანასკნელ ნაწილს მოუდის, მაშინ
ჯერ სათანადო რიცხვი, შემდეგ დეფისი და ბოლოს -ე იწერება: 27-ე; 267-ე.
3) რიგობითი რიცხვითი სახელის რომაული ციფრებით გამოსახვისას მაწარმოებელს არ
ვწერთ, სწორია: XIX; XVII და არა: მე-XIX; მე-XVII.
4) რიცხვის ციფრით გამოხატვისას ბრუნვის ნიშანი (გარდა სახელობითისა) ციფრს დეფისით
გამოეყოფა: 6-მა, 27-ს; XII-ს, XIV-ს.
5) თუ რიგობითი რიცხვითი სახელი არაბული ციფრითაა გადმოცემული, -ე მაწარმოებელი
და ბრუნვის ნიშანი ერთად იწერება: 45-ემ, 27-ედ. ასეთივე წესით დაერთვის რიცხვით
სახელს ნაწილაკი და თანდებული: 25-ეში, მე-9-ში, მე-10-ზე.
6) -ვე ნაწილაკდართული რიცხვითი სახელის ბრუნებისას გაბატონებულია შეზრდილი
სახეობა: ოთხივე, ოთხივემ; დასაშვებია ასეთი ფორმებიც: ოთხსავე, ოთხისავე, ოთხმავე,
მაგრამ მცდარი ფორმებია: ოთხთავე, ოთხთავენი, ოთხთავეს.
შენიშვნა: დეფისი საჭიროა მაშინაც, როცა სხვადასხვა რიცხვითი სახელია შეერთებული: ათი-თერთმეტი, 80-90.
წილობითი რიცხვითი სახელი:
1) წილადის გამომხატველი სიტყვები იწერება ცალ-ცალკე: ერთი მეოთხედი, სამი მეხუთედი.
2) სწორი ფორმებია: ორ-ნახევარი, ხუთ-ნახევარი, ხუთლარ-ნახევარი.
სავარჯიშო1: გაასწორეთ შეცდომები.
1. XX-ე საუკუნეში ბევრი რამ აღმოაჩინეს.
2. ხუთას ოცდა რვა კაცი დაესწრო თათბირს.
3. 19-ე საუკუნე, დიდზე დიდი ასი წელი.
4. მე-15-ე რიგში ნოდარი იდგა.
5. სამიათას შვიდასოცდასამი ადამიანი მოვიდა სტადიონზე.
6. გიორგი X-ე დაღონდა.
7. მე-45 ქარხანა შორს იყო.
სავარჯიშო 2: გამოსახეთ რიგობითი რიცხვითი სახელები არაბული ციფრებით.
1. ოცდამეერთე საუკუნეში ბევრი რამ მოხდება.
2. გიორგი მეათე სართულზე ცხოვრობს.
3. პირველი სართული სახლს თითქმის არ ჰქონდა.
4. მეორე შვილი სად მუშაობს?
5. მეოთხე კლასი მეორე სართულზე განთავსდა.
6. ოცდამეორე სართულზე ასვლა ფეხით შეუძლებელია.
7. ხუთას ოცდამეცამეტე მხედარს სიკვდილი უნდოდა.
ასევე იხილეთ:
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დავიმსახუროთ მაღალი ქულა – ძლიერი აკადემიური ფრაზები ესეს წერის გასაუმჯობესებლად
by რჩევები
-
ერთიანი ეროვნული და მაგისტრატურის გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სია განახლდა
by ARIS.GE-განათლება