GE

საატესტატოზე ჩაჭრილ აბიტურიენტებს რეგისტრაციის თანხა დაუბრუნდებათ, გამოცდაზე ხელმეორედ კი არავინ გავა

ის 2 900 მოსწავლე, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდნენ, მაგრამ საატესტატო გამოცდის შედეგად მას გამოეთიშნენ, რეგისტრაციაში გადახდილ თანხას უკან დაიბრუნებენ.

რეგისტრაცისას, თითოეული საგნისათვის მათ 10 ლარის გადახდა მოუწიათ. თუ გავითვალისწინებთ, რომ აბიტურიენტები  ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 4-5 საგანის გამოცდას აბარებენ, გამოდის, რომ მათ კუთვნილი 40-50 ლარის დაბრუნების შანსი ეძლევათ.

აღნიშნული საკითხით ბევრი მოსწავლე თუ მათი მშობელი ინტერესდებოდა. ისინი EDU.ARIS.GE-ს ამ კითხვაზე პასუხის მოძიებას სთხოვდნენ და დასძენდნენ, რომ თუკი რეგისტრაციისას გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდებოდათ,  უსამართლობა იქნებოდა.

EDU.ARIS.GE -მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ინფორმაცია მოიძია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიმარტეს, რომ 1 ივნისიდან გამოქვეყნდება ვადები, თუ როდის შეეძლებათ მოსწავლეებს თანხის დასაბრუნელად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განცხადებით მიმართონ.

გარდა ამისა, მოსწავლეები და ასევე მათი მშობლებიც, უკვე რამდენიმე დღეა ითხოვენ ჩაჭრილ მეთორმეტეკლასელებს მეთერთმეტეკლასელების გამოცდებზე ხელახლა გასვლის საშუალება მიეცეთ, რათა ატესტატის აღება და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა ერთი წლის დაგვიანებით არ მოუწიოთ.

ამ საკითხის გარკვევის თხოვნით მათ ჩვენც არაერთხელ მოგვწერეს, რის შემდეგაც კითხვით განათლების მინისტრს, თამარ სანიკიძეს მივმართეთ.

„რაც შეეხება ამ მოსწავლეების სურვილს განმეორებით გამოცდა მე-11 კლასელებთან ერთად გაიარონ, ეს დამოკიდებულია სისტემაზე, მის მუშაობაზე და იმ განრიგზე,  რაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გააჩნია. ამიტომ, უპრიანია მას კითხოთ. თუმცა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ისედაც ძალიან დაბალია,”-განაცხადა სანიკიძემ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში კი განგვიცხადეს, რომ ამგვარი გამონაკლისის დაშვება არ იგეგმება და ისინიც კი, ვისაც ბარიერის გადასალახად მინიმალური ქულა დააკლდა, იძულებულები იქნებიან ბედი ხელახლა მომდევნო წელს სცადონ. მათ ქულები შეენახებათ და ხელალხა მხოლოდ იმ საგნის გამოცდას ჩააბარებენ, რაშიც ჩაიჭრნენ.

რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილთა ზუსტ ოდენობას, ეს ჯერ კვლავ უცნობია. განათლების სამინისტროშიც  და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაშიც (emis) აცხადებენ, რომ ამას მანამ ვერ გაასაჯაროებენ, სანამ გასაჩივრების ვადა არ ამოიწურება.

“სანამ სააპელაციო პროცესი არ დასრულდება, იქამდე ზუსტი ციფრი არ გვეცოდინება. სტატისტიკა გამოცდებისა და შეფასების ცენტრიდან უკვე მიღებული გვაქვს. ამ მონაცემებს ვამუშავებთ და ჯერ დაზუსტებით ვერაფერი გამოქვეყნდება,“ – აცხადებს მინისტრი.

2016 წლის ეროვნულ გამოცდებს 3000-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა – მაია მიმინოშვილი საატესტატო გამოცდებს აჯამებს

„სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე ზღვარის შეცვლა არ იგეგმება“ – ივა მინდაძე

თაკო არის© მათეშვილი

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური