„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის პროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
„ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის ინსტიტუტის პროექტი – „სამართლის კვლევების აკადემიური კატალოგი“ მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
უნივერსიტეტის მიერ 20 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციით, „სამართლის კვლევების აკადემიური კატალოგი“ საქართველოში სამართლის კვლევების ერთიანი ციფრული საძიებო პლატფორმის შექმნას ითვალისწინებს, რომლის მიზანია სამართლის დარგში შექმნილი სამეცნიერო ნაშრომების თავმოყრა, სისტემატიზაცია და მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროექტის ფარგლებში „ევროპის უნივერსიტეტის“ ბაზაზე შეიქმნება საქართველოში სამართლის სფეროში არსებული სამეცნიერო კვლევების ერთიანი ციფრული საძიებო პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა სამეცნიერო ჟურნალში, კრებულსა და ინსტიტუციურ გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატიებს, დისერტაციებს, საკონფერენციო ნაშრომებს, კვლევით ანგარიშებსა და სხვა აკადემიურ ნაშრომებს ერთიან სივრცეში გააერთიანებს.
კატალოგში ეტაპობრივად აისახება სამართლის სხვადასხვა მიმართულებით – საჯარო, კერძო, სისხლის, საერთაშორისო და სამართლის სხვა დარგებში არსებული აკადემიური ნაშრომები.
მკვლევრებს, სტუდენტებსა და პრაქტიკოს იურისტებს სასურველი კვლევების მოძიება როგორც საკვანძო სიტყვების გამოყენებით, ისე თემატური კლასიფიკაციისა და სამართლის შესაბამისი მიმართულებების მიხედვით შეეძლებათ.
პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვნად გაამარტივებს საქართველოში უკვე გამოქვეყნებული სამართლებრივი კვლევების მოძიებასა და მათზე წვდომას, ხელს შეუწყობს ქართული სამართლებრივი მეცნიერების ხილვადობის ზრდას, სამეცნიერო კომუნიკაციის განვითარებასა და სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემასა და ინსტიტუციაში არსებული კვლევითი რესურსების ერთიან აკადემიურ სივრცეში დაკავშირებას.
ამასთან, ერთიანი საძიებო სისტემის არსებობა ხელს შეუწყობს უკვე ჩატარებული კვლევების იდენტიფიცირებას, აკადემიური კეთილსინდისიერების გაძლიერებასა და პლაგიატის პრევენციას.
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ 2026 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ ქორეოგრაფიული ანსამბლი რუმინეთში, XIV საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ წარმომადგენლები ერაზმუს+ ეროვნული ოფისის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ
by ევროპის უნივერსიტეტი