„რა შედეგს დავდებდი ეროვნულებზე რეპეტიტორის გარეშე?“ – აბიტურიენტებისა და მშობლების მოლოდინები სკოლის „რეპეტიტორიუმზე“
„თუ სკოლაში ისევ იგივე მასწავლებლები, იგივე პროგრამა და იგივე მიდგომა დარჩება, მხოლოდ სახელის შეცვლა და „რეპეტიტორიუმის“ შემოღება ვერაფერს მოიტანს“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან 2026 წლის აბიტურიენტი ლუკა ორჯონიკიძე, რომელსაც ვკითხეთ, რა შედეგს მიიღებდა ეროვნულ გამოცდებზე რეპეტიტორთან მომზადების გარეშე და რამდენად უნდა ჰქონდეთ მომავალ აბიტურიენტებს მაღალ კლასებში „რეპეტიტორიუმის“ იმედი სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარების მიზნის მისაღწევად.
საკითხზე აბიტურიენტების გარდა მშობლებიც გვესაუბრნენ და თავიანთი პოზიცია გაგვიზიარეს. ჩვენი კითხვა კი ასე ჟღერდა:
რა შედეგს დადებდა თქვენი შვილი თუ რეპეტიტორთან არ მოამზადებდით და რა გადამწყვეტი როლი აქვს რეპეტიტორს ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში და რაც სასკოლო რეფორმის შესახებ გსმენიათ, რამდენად ხედავთ იმის პერსპექტივას, რომ რეპეტიტორთან მომზადება საჭირო აღარ იქნება უმაღლესში მოსახვედრად?
მიუხედავად განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებისა და სკოლებში „რეპეტიტორიუმის“ შემოტანის გეგმისა, ჩვენი რესპონდენტების აზრით, რეპეტიტორი მომავალშიც ისევ წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად დარჩება.
მარიამ აბალაკის აზრით, რომელიც სწავლის გაგრძელებას სამედიცინოს მიმართულებით აპირებს, რომ არა რეპეტიტორი, სკოლაში მიღებული ცოდნით გამოცდებზე წარმატების მიღწევა გაუჭირდებოდა.
„ვფიქრობ, იმ შედეგს ნამდვილად ვერ დავდებდი, რასაც ახლა ველოდები. სკოლაში ყველაფერს ზედაპირულად გადიან და ეროვნული გამოცდების ფორმატისთვის საკმარისად არ გვამზადებენ. რეპეტიტორთან ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამოცდის ტიპის დავალებებს ყოველ დღე აკეთებ. უფრო ორიენტირებულები ვართ საგამოცდო საკითხების ტიპის დავალებებზე და არა მხოლოდ სასკოლო საგნებზე. ვფიქრობ, რეპეტიტორი მომავალშიც წარმატების მიღწევის მაგალითად დარჩება აბიტურიენტებში, თუ სკოლაში რადიკალური ცვლილებები არ მოხდა“.
მარიამის მსგავსად ფიქრობენ ლუკა ორჯონიკიძე და ანა ბაიაძეც, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ დღევანდელ რეალობაში გადამწყვეტი როლი აქვს რეპეტიტორთან მომზადებას, თუმცა ამავდროულად წუხან იმაზე, რომ ახალგაზრდებს უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად, სკოლის გარდა დამატებითი მეცადინეობა და დიდი ხარჯის გაღება სჭირდებათ.
„საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან დიდი როლი უკავიათ რეპეტიტორებს, რადგან მათ გარეშე გამოცდებზე შესაბამისი ქულების აღება, რათა შემდეგ სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელო, ვერ ხდება. სკოლებში არ არის სათანადო განათლება და ვფიქრობ, რომ არც სამომავლოდ იქნება. სამწუხაროდ, ბევრისთვის წარმატება უკვე არა მარტო შრომაზე, არამედ იმაზეც არის დამოკიდებული, შეუძლია თუ არა რეპეტიტორის აყვანა, რადგან ეს ფუფუნება და ძვირი სიამოვნებაა, თუმცა ოჯახები იჭირვებენ და შვილები მაინც დაჰყავთ რეპეტიტორებთან, რადგან სკოლის განათლების იმედი არ აქვთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ თუ სკოლაში ისევ იგივე მასწავლებლები, იგივე პროგრამა და იგივე მიდგომა დარჩება, მხოლოდ სახელის შეცვლა და რეპეტიტორიუმის შემოღება ვერაფერს მოიტანს“, – ამბობს ლუკა ორჯონიკიძე.
ანას კი იმ შემთხვევაში ჯერა რეპეტიტორიუმის, თუ ის ფორმალური არ იქნება და მოსწავლეებს რეალურად ამეცადინებენ.
„ძალიან მტკივნეული თემაა ეს და სამწუხარო რეალობა. მე არ ვერჩი რეპეტიტორებს, რადგან მე თავად 4 წელი ვემზადებოდი სხვადასხვა საგანში – არ მაკმაყოფილებდა სკოლაში მიღებული ზედაპირული განათლება. ჩემს ოჯახს შეეძლო და მიხდიდა ფულს, მაგრამ ყველას ხომ არ აქვს?! ძალიან ბევრი ვიცი, რომ ვერ მოემზადა და გამოცდაზეც არ გავიდა, რადგან იფიქრეს, რომ ვერ ჩააბარებდნენ. ასეთი დამოკიდებულებაა დღეს, თუ დამატებით ემზადები ფიქრობენ, რომ უფრო ჩააბარებ გამოცდას, ვიდრე ვერა და მინდა, რომ ეს დამოკიდებულება აღარ იყოს. ახლა ამ რეფორმის იდეა კარგია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფორმალობა არ იქნება. თუ ისევ ძველი მიდგომებითა და მეთოდებით გაგრძელდება სწავლა რა აზრი აქვს?! ვნახოთ, რა შეიცვლება. მე ძალიან მიდა, რომ რამე შეიცვალოს, თუმცა არ მაქვს იმედი. ისე არიან მიჩვეულები პედაგოგებიც და ყველა სკოლაში არსებულ რუტინას, რომ ძალიან გაჭირდება რაიმეს შეცვლა“, – ფიქრობს ანა ბაიაძე.
აბიტურიენტების მსგავსად ფიქრობს მშობლების ნაწილიც. ამბობენ, რომ თუ სკოლაში მიღებული განათლებით გავიდოდნენ მათი შვილები გამოცდებზე, შესაძლოა, ბარიერი გადაელახათ, თუმცა სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრა მაინც გაუჭირდებოდათ.
„ზოგმა, შესაძლოა, ჩააბაროს კიდეც სკოლაში მიღებული განათლებით, მაგრამ სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრა გაუჭირდებათ. კონკურენცია იმდენად დიდია, რომ მხოლოდ სკოლის ცოდნა ხშირად არ კმარა. ამიტომ, დღეს რეპეტიტორი თითქმის აუცილებლობად იქცა. სამწუხაროდ, ოჯახებისთვის ეს დიდი ფინანსური ტვირთია, მაგრამ მშობლები მაინც იხდიან, რადგან არ უნდათ, შვილმა შანსი დაკარგოს. რაც შეეხება განათლების რეფორმას, რომელიც დაგვიანონსეს, ღმერთმა იცის რა იქნება… დიდი იმედი არ მაქვს, რომ რამე შეიცვალოს, თუმცა გამიხარდებოდა თუ შემდეგ თაობებს აღარ დასჭირდებოდათ დამატებითი მასწავლებლების აყვანა“, – გვიხსნის ნანა ქუჯოშვილი.
ნუნუ ქვრივიშვილის თქმით, თუ სკოლაში მართლაც იმ ხარისხის მომზადება იქნება, რასაც დღეს რეპეტიტორი აკეთებს, საუკეთესო ამბავია:
„თუმცა ამის დაჯერება ჯერ მიჭირს. წლების განმავლობაში მსგავსი დაპირებები ბევრჯერ მოგვისმენია განათლების სამინისტროსგან თუ მთავრობისგან, მაგრამ ხომ ხედავთ, სკოლის შემდეგ ყველა ისევ მომზადებაზე დადის და თან წლობით. დღეს სკოლა ვერ აკეთებს თავის საქმეს“.
კიდევ ერთი აბიტურიენტის დედამ ჩვენთან საუბარში ასეთი რიტორიკული კითხვა დასვა: რამდენი რეფორმა, რამდენი მინისტრი და რამდენი ხელისუფლებაა საჭირო, რომ ჩვენმა მომავალმა ხარისხიანი განათლება მიიღოს?
„სახელმწიფო სულ ამბობს, რომ სკოლა საკმარისია, მაგრამ პრაქტიკაში თითქმის ყველა აბიტურიენტს დამატებითი მომზადება სჭირდება. იმიტომ, რომ ეროვნულ გამოცდებსა და სასკოლო პროგრამას შორის დიდი განსხვავებაა. ამ განსხვავებას მშობლები საკუთარი ჯიბიდან ფარავენ. არ ვიცი ამდენი წელია, რა ვერ დალაგდა… ახლა ეს რეფორმაც ასე იქნება“.
ნინო გულიაშვილს კი კონკრეტული მოთხოვნები აქვს განათლების პოლიტიკის მესვეურებთან: „თუ მართლა შეძლებენ სკოლაში ისეთი მომზადების უზრუნველყოფას, რომ დამატებითი ხარჯი აღარ იყოს საჭირო, ეს ძალიან კარგი იქნება. თუმცა ამისთვის მხოლოდ ახალი პროგრამა არ კმარა. მასწავლებლების გადამზადებაც და სკოლების გაძლიერებაც აუცილებელია. ყველაფრი უნდა შეიცვალოს. უნდა გაანალიზდეს, რატომ მიდიან ჩვენი შვილები რეპეტიტორებთან და სკოლაში რატომ ვერ იღებენ შესაბამის განათლებას“.
ასევე იხილეთ:
მინისტრი: „მე-11 კლასში ე.წ. რეპეტიტორიუმი შემოგვაქვს“ – რას ისწავლიან მოსწავლეები ბოლო კლასში
-
გამოქვეყნდა 2026 წლის აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები
by ARIS.GE-განათლება
-
მთავრობამ ისევ გაზარდა 2026 წელს მაგისტრატურის საფეხურზე მისაღები სტუდენტების რაოდენობა – დადგენილება
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა საერთო სამაგისტრო გამოცდის პირველადი შედეგები და სწორი პასუხები – გამოცდები 2026
by სიახლეები სამაგისტრო გამოცდებზე