10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიცია ბიზნესსა და მენეჯმენტში
წარმატებული კარიერა უმეტესწილად დიდ ნიჭსა და კრეატიულობასთან ერთად დაუღალავ შრომას და უდიდეს თავგანწირვას მოითხოვს. პროფესიული თვალსაზრისით წარმატების მიღწევა თავისთავად მაღალანაზღაურებად სამსახურთან ასოციირდება, რომელიც ფინანსურ სარგებელთან ერთად, უამრავ სხვა ბენეფიტთანაც არის დაკავშირებული.
პირველ რიგში, უნდა გავაცნობიერეოთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ და მხოლოდ დაუღალავი შრომის, მონდომებისა და უდიდესი სურვილის წყალობითაა შესაძლებელი. ასევე, აუცილებელია მუდმივი მზადყოფნა დასაქმების ბაზარზე არსებული ყოველდღიური გამოწვევებისათვის. ყოველივე ეს კი ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში აქტიურ ჩართულობასა და მონაწილეობას გულისხმობს. საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულობა ეხმარება ადამიანს ფეხი აუწყოს ბიზნესის სფეროში არსებულ ცვლილებებს და აიმაღლოს კვალიფიკაცია. დღევანდელ ბიზნეს გარემოში ხომ ზუსტად ასეთ კადრებზეა დიდი მოთხოვნა.
დღესდღეობით, ბიზნეს სექტორი ერთ-ერთ ყველაზე მზარდ და მაღალშემოსავლიან დასაქმების წყაროს წარმოადგენს. ყოველი ახლადშექმნილი, მზარდი თუ მოწინავე კომპანია ეძებს ტექნიკურ ტალანტებს, პიროვნებებს, რომლებიც გამოირჩევიან ბიზნესის კეთების განსაკუთრებული ნიჭითა და პოტენციალით. სტატიაში შემოგთავაზებთ იმ პროფესიებს, რომლებიც ყველაზე მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევიან ბიზნესის მენეჯმენტის კუთხით. ასევე ყურადღებას გავამახვილებთ საშუალო წლიურ ხელფასზე, რომელიც Bureau of Labor Statistics (BLS)-ის მონაცემებზე დაყრდნობითაა გამოთვლილი.
1. აღმასრულებელი დირექტორი (CEO)
საშუალო წლიური ხელფასი: $173,350
სამუშაოს აღწერილობა: აღმასრულებელი დირექტორის უშუალო მოვალეობას კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის განსაზღვრა და მისი მართვა წარმოადგენს. ხშირ შემთხვევაში ისინი აქტიურად არიან ჩართულნი ორგანიზაციისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღებაში. ასევე ისინი საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან დეტალზე. ამგვარი ლიდერული პოზიციის გამო, ბუნებრივია, რომ აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოზიციაა ბიზნესის მენეჯმენტის განხრით.
განათლება: წარმატებული აღმასრულებელი დირექტორების უმრავლესობას მათი საქმიანობის სფეროში უმაღლესი აკადემიური ხარისხი გააჩნიათ. უმეტესობა მათგანს სულ მცირე MBA ხარისხი აქვს დაცული (Master of Business Administration).
ამ კუთხით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე MBA პროგრამებია:
1. Liberty University MBA
2. University of North Carolina Online MBA
3. Quinnipiac University Online MBA
2) მარკეტინგის მენეჯერი
საშუალო წლიური ხელფასი: $122,720
სამუშაოს აღწერილობა: მარკეტინგის მენეჯერის უშუალო ფუნქციას მარკეტინგული პოზიციისა და კურსის განსაზღვრა, სტრატეგიის შემუშავება, პრაქტიკაში დანერგვა და კოორდინაცია წარმოადგენს. ისინი პასუხისმგებელნი არიან ბაზრის სეგმენტირებაზე, ასევე პროდუქტისა და ფასის სპეციფიკაციის განსაზღვრაზე, კომპანიის მოგებისა და საბაზრო წილის მაქსიმალური ზრდის მიზნით. მათ მთავარ მოვალეობას ბაზარზე არსებული მდგომარეობის მუდმივი ანალიზი წარმოადგენს, რათა გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად.
განათლება: ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში. თუმცა წარმატებული მარკეტოლოგების უმრავლესობას ასევე დაცული აქვს MBA ხარისხი პროფესიული განვითარების მიზნით.
ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მარკეტინგის სასწავლო პროგრამებია:
1. American Intercontinental University – BBA – მარკეტინგის ფაკულტეტი
2. Herzing University – BS – ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მარკეტინგის განხრით
3. Keiser University – MBA – მარკეტინგის ფაკულტეტი
3) გაყიდვების მენეჯერი
საშუალო წლიური ხელფასი: $114,110
სამუშაოს აღწერილობა: ამ პოზიციაზე მყოფი მენეჯერის მთავარ ფუნქციას მასზე დაქვემდებარებული გაყიდვების აგენტთა გუნდის მართვა წარმოადგენს. კონსულტანტთა უშუალო მოვალეობა კი პროდუქტების ან სერვისების რეალიზაციის მიზნით პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობაა. მენეჯერი ვალდებულია გაზარდოს მათი მუშაობის ხარისხი ეფექტური გადამზადების პროგრამების საშუალებით. ასევე მის მოვალეობაში შედის შინაგანაწესის ფორმულირება და პრაქტიკაში დანერგვა, სადაც ჩამოყალიბებულია გაყიდვების აგენტის მიზნები და მინიმალურ რეალიზაციაზე დაწესებული კვოტები. მოცემული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვალდებულია მუდმივად ადევნოს თვალი ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, რათა შეძლოს იმ სეგმენტების იდენტიფიცირება, რომლებიც გაყიდვების მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება.
განათლება: ხშირ შემთხვევაში, გაყიდვების მენეჯერის პოსტის დასაკავებლად საჭიროა ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის მართვის მიმართულებით, თუმცა აქცენტი უმეტესწილად მარკეტინგის ფაკულტეტზეა გაკეთებული. მაგრამ ეს მხოლოდ მინიმუმია, რადგან დამსაქმებელთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს MBA ხარისხის მქონე გაყიდვების მენეჯერებს. განათლების გარდა, მენეჯერისათვის საჭირო თვისებებია პოტენციური მომხმარებლების მოზიდვისა და დარწმუნების ნიჭი, ასევე ლიდერისათვის დამახასიათებელი სხვა თვისებები.
4) ორგანიზაციის ფსიქოლოგი
საშუალო წლიური ხელფასი: $114,040
სამუშაოს აღწერილობა: ორგანიზაციის ფსიქოლოგის სამუშაო სფეროს ძირითადად ადამიანური რესურსების დეპარტამენტი, ასევე ადმინისტრაციისა და მენეჯმენტის სტრუქტურული დანაყოფები წარმოადგენს.
განათლება: ზოგადად, ფსიქოლოგად მუშაობისათვის აუცილებელია დოქტორის ხარისხის დაცვა ფსიქოლოგიის განხრით, თუმცა ორგანიზაციის ფსიქოლოგისათვის მაგისტრის ხარისხიც საკმარისია. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციაში მომუშავე ფსიქოლოგები მაგისტრატურის შემდეგ დოქტორანტურაში აგრძელებენ სწავლას, რადგან ეს დასაქმების უკეთეს პერსპექტივას სთავაზობს მათ.
ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სასწავლო პროგრამებია:
1. Arizona State University – BA – ინდუსტრიული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
2. Capella University – MS – ინდუსტრიული/ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი
3. Walden University – Ph.D. – ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ორგანიზაციული ფსიქოლოგიის განხრით
5) ფინანსური მენეჯერი
საშუალო წლიური ხელფასი: $116,970
სამუშაოს აღწერილობა: მენეჯერის მთავარ საქმიანობას კომპანიის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და ფინანსური მაჩვენებლების გრძელვადიანი პროგნოზირება წარმოადგენს. ფინანსური მენეჯერის მსგავსი პოზიციებია მთავარი ფინანსური დირექტორი, ვიცე პრეზიდენტი ფინანსების დარგში ან ფინანსური ანალიტიკოსი. ისინი ჩახედულები არიან ორგანიზაციის, ფილიალის, ოფისისა თუ დეპარტამენტის საქმიანობის თითქმის ყველა ფინანსურ საკითხში. მათ შორისაა: სახელფასო უწყისები, გრძელვადიანი პროგნოზირება, ინვესტიციები, საბანკო საქმე, დაზღვევა და ფასიანი ქაღალდები.
განათლება: ბაკალვრის ხარისხი ფინანსების, ბუღალტერიის, ბიზნესის ან ეკონომიკის განხრით, თუმცა ეს მხოლოდ მინიმალური მოთხოვნაა. დამსაქმებელთა უმრავლესობა ფინანსური მენეჯერისაგან მაგისტრის ან MBA ხარისხს ითხოვს.
ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ფინანსური სასწავლო პროგრამებია:
1. Liberty University – BS –ფინანსების ფაკულტეტი
2. Southern New Hampshire – BS – ბუღალტერიისა და ფინანსების ფაკულტეტი
3. Benedictine University – MBA – ფინანსების ფაკულტეტი
6) ოპერაციების მენეჯერი
საშუალო წლიური ხელფასი: $113,100
სამუშაოს აღწერილობა: ოპერაციების მენეჯერის უშუალო მოვალეობას ორგანიზაციის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და კოორდინაცია წარმოადეგნს. ეს მოიცავს კომპანიის შინაგანაწესის განსაზღვრას და პრაქტიკაში დანერგვას, ასევე ორგანიზაციის კუთვნილი რესურსების კონტროლს, მათ შორის ადამიანური რესურსებისაც. ოპერაციების მენეჯერის მოვალეობები და პასუხისმგებლობის საკითხი უმეტესწილად დამოკიდებულია ორგანიზაციის სტრუქტურასა და ზომაზე, ასევე საქმიანობის მრავალფეროვნებაზე. ხშირ შემთხვევაში, საოპერაციო მენეჯერი კომპანიაში ერთდროულად რამდენიმე პოზიციას ითავსებს.
განათლება: ბიზნესის ბაკალვრის ხარისხი ეს მხოლოდ მინიმუმია საოპერაციო მენეჯერის თანამდებობის მოსაპოვებლად. წამყვან კომპანიებში დაწინაურების პერსპექტივა მხოლოდდამხოლოდ MBA ხარისხის დაცვის შემდეგ ჩნდება.
ამ კუთხით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სასწავლო პროგრამებია:
1. Liberty University-MBA
2. University of North Carolina Online- MBA
3. Quinnipiac University Online- MBA
7) შესყიდვების მენეჯერი
საშუალო წლიური ხელფასი: $100,600
სამუშაოს აღწერილობა: შესყიდვების მენეჯერის მთავარ მოვალეობას მყიდველების, მომწოდებლების, შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირებისა და პერსონალის კოორდინაცია და კონტროლი წარმოაგდენს. მათ ასევე ხშირად უწევთ მთავარ მომწოდებლებთან მოლაპარაკებებში უშუალო მონაწილეობა.
განათლება: დიდი კომპანიების უმრავლესობა ამ პოზიციისათვის სულ მცირე ბიზნესის განხრით ბაკალვრის ხარისხს ითხოვს, თუმცა დაწინაურება მოხლოდდამხოლოდ MBA ხარისხის დაცვის შემდეგაა შესაძლებელი. პატარა კომპანიები ძირითადად შერჩევას ახდენენ ორგანიზაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე და უფრო მეტ აქცენტს გამოცდილებაზე აკეთებენ.
8) სარეკლამო მენეჯერი
საშუალო წლიური ხელფასი: $98,720
სამუშაოს აღწერილობა: სარეკლამო მენეჯერის უშუალო მოვალეობას სარეკლამო პროექტების დაგეგმვა და კოორდინირება წარმოადგენს. ეს მოიცავს სარეკლამო რგოლების, ბანერებისა და პოსტერების დამზადებაში როგორც უშუალო ჩართულობას, ასევე მასზე პასუხისმგებელი პირებისათვის დირექტივების მიცემას და მათ კონტროლს.
განათლება: ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, სარეკლამო საქმეში ან დიზაინში. თუმცა დიდი კომპანიების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს MBA ხარისხის მქონე სარეკლამო მენეჯერებს.
ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე სარეკლამო ბიზნესის სასწავლო პროგრამებია:
1. Liberty University – BA – მარკეტინგის ფაკულტეტი
2. Herzing University – BS – ბიზნესის მართვის ფაკულტეტი მარკეტინგის განხრით
3. Keiser University – MBA – მარკეტინგის ფაკულტეტი
9) ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
საშუალო წლიური ხელფასი: $96,940
სამუშაოს აღწერილობა: ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანის მოვალეობაში შედის პერსონალის შერჩევა, კოორდინირება და თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა სხვადასხვა სასწავლო კურსებისა და ტრენინგების დახმარებით. ასევე მათი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მოქნილი ანაზღაურების პროგრამებისა და წამახალისებელი სისტემების დანერგვა ორგანიზაციაში, პერსონალის მოტივაციის ამაღლების მიზნით.
განათლება: ბაკალავრის ხარისხი ადამიანური რესურსების მართვის განხრით. წამყვანი კომპანიები ასევე ითხოვენ MBA ხარისხსაც.
ამ კუთხით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე აკადემიური ხარისხებია:
1. American Intercontinental University – BBA – ადამიანური რესურსების მართვის ფაკულტეტი
2. Colorado Technical University – BSBA – ადამიანური რესურსების მართვის ფაკულტეტი
3. Liberty University – MBA –ადამიანური რესურსების მართვის ფაკულტეტი
10) ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერი
საშუალო წლიური ხელფასი: $95,800
სამუშაოს აღწერილობა: ამ პოსტზე მყოფი ადამიანები პასუხისმგებელნი არიან კომპანიის ან დეპარტამენტის შიგნით ტრენინგების დაგეგმვასა და კოორდინირებაზე. განვითარების მენეჯერები ასევე უშუალოდ არიან ჩართულნი პერსონალის დატრენინგების პროცესში.
განათლება: ბაკალავრის ხარისხი და სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
ამ კუთხით ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე აკადემიური ხარისხებია:
1. American Intercontinental University – BBA – ადამიანური რესურსების მართვის ფაკულტეტი
2. Colorado Technical University – BSBA – ადამიანური რესურსების მართვის ფაკულტეტი
3. Liberty University – MBA –ადამიანური რესურსების მართვის ფაკულტეტი
წყარო: www.becomecareer.com