GE

2018 წლის უცხო ენის გამოცდებში წელს სარეკორდოდ დიდი რაოდენობის უმაღლესი ქულა დაიწერა

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018-ის შედეგები ნელ-ნელა ცხადდება. აბიტურიენტებმა უკვე გაიგეს ზოგადი უნარების ქულები. დღეს დაიდო 4 უცხოური ენის გამოცდის შედეგებიც. პირველადი სტატისტიკური მონაცემებით, უცხო ენაში ჩაჭრილი აბიტურიენტების რაოდენობა 6%–ს ვარ აღემატება. უმაღლესი ქულა კი 109 აბიტურიენტმა მიიღო. რამდენმა აბიტურიენტმა აჩვენა მაქსიმალური შედეგი, რომელ დავალებას გაართვეს თავი უფრო კარგად აბიტურიენტებმა და რომელი გაუჭირდათ ყველაზე მეტად, – ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე ესაუბრება.

– ქალტაბონო რუსუდან, დაიწერა  თუ არა უმაღლესი ქულა უცხო ენაში და რამდენმა აბიტურიენტმა მიიღო მაქსიმალური ქულა?

– უცხო ენის გამოცდებში წელს სარეკორდოდ დიდი რაოდენობის უმაღლესი ქულა დაიწერა, 109 აბიტურიენტმა მიიღო მაქსიმალური 90 ქულა. თუ მეხსიერება არ მღალატობს ყველაზე დიდი მონაცემია, რაც აქამდე გვქონია. ეს უცხო ენების საერთო მონაცემია. რადგანაც ინგლისური შეადგენს უცხო ენების 85%-ს, ანუ აბიტურიენტთა უმრავლესობა ინგლისური ენა აირჩია ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენად, ბუნებრივია, ამ ენაში დაიწერა ყველაზე მეტი მაღალი ქულა.

– პროცენტულად რამდენი აბიტურიენტი ჩაიჭრა წელს უცხო ენებში?

-პირველადი სტატისტიკური მონაცემებით, დაახლოებით, 6%-ია ჩაჭრილი უცხოურ ენაში. თუმცა აპელაციების, ვარიანტების სირთულის დონის დადგენის და სკალირების პროცესის შემდეგ შეიძლება ეს ციფრი ოდნავ შეიცვალოს. ოთხივე უცხოურ ენაში გამსვლელი ქულა 19-ია, მაგრამ თუ სტატისტიკური ანალიზი დაადგენს,  რომ რომელიმე ვარიანტი იყო ოდნავ რთული, მაგ, ინგლისურში 4 ვარიანტი გვაქვს, გამსვლელმა ქულამ, შეიძლება 1-ით აიწიოს. ამ შემთხვევაში ჩაჭრილთა რაოდენობამ შეიძლება მოიკლოს. დღევანდელი მონაცემით, ჩაჭრილთა რიცხვი არის 6%-ზე ოდნავ მეტი.

– როგორც კი გამოცხადდება აპელაცია, ჩვენ ძალიან სწრაფად მოვიწვევთ სააპელაციო კომისიას და ვეცდებით, მალე განვიხილოთ ნაშრომები და შემოტანილი საჩივრები. ვეცდებით, ასევე მალევე დავდოთ საბოლოო პასუხები.

– რომელი დავალება შეასრულეს მაღალ დონეზე აბიტურიენტებმა და რომელი გაუჭირდათ ყველაზე მეტად?

– რადგან დახურული საკითხებია ჩვენთან უმეტესად და ამას ასწორებს სკანერი, მიჭირს პასუხის გაცემა ისე, თუ არ ვნახე სტატისტიკური მონაცემები. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთან, ტრადიციულად, დაბალი ქულები იწერება წერით დავალებაში. ტესტის უმეტეს ნაწილს ასწორებს კომპიუტერი.  წერაში ჩვენ გვაქვს ორი დავალება. ორივეს შესრულება უჭირთ აბიტურიენტებს, განსაკუთრებით – თემა.

– წელს თუ იყო შემთხვევა, რომ აბიტურიენტს თემა არ ჰქონდა დაწერილი უცხო ენაში? რამდენია ასეთი აბიტურიენტი?

– დაახლოებით, 15-20% არ წერს თემას უცხო ენის გამოცდაზე. ან წერს 2-3 წინადადებას, რაც ფაქტობრივად, იმას ნიშნავს, რომ თემა არ დაუწერია.

ამავე თემაზე:

2018 წლის აბიტურიენტთა უცხოური ენების გამოცდის შედეგები და სწორი პასუხები

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური