GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს საქართველოში ინდოეთის ელჩი ეწვია

ინდოეთის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ბატონმა ამიტ კუმარ მიშრამ (H.E. Mr. Amit Kumar Mishra) გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელმძღვანელობასთან, მედიცინის სკოლის წარმომადგენლებსა და ინდოელ სტუდენტებთან მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა.

უნივერსიტეტის მიერ 12 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის პირველი ნაწილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მამუკა თავხელიძესთან, ვიცე-რექტორთან ინტერნაციონალიზაციის საკითხებში, თამარ ლაღიძესთან და მედიცინის სკოლის დეკანთან, გიორგი ბერიასთან სამუშაო შეხვედრას დაეთმო. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები, მედიცინის სკოლის სამომავლო განვითარების გეგმები და ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებსაც უნივერსიტეტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით ახორციელებს.

შეხვედრების ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მედიცინის პროგრამის შინაარსს, სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, თანამედროვე სამედიცინო განათლების გამოწვევებსა და საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობის მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს მზარდ როლზე საერთაშორისო სამედიცინო განათლების სივრცეში და იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყანა უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სიმულაციურ და კლინიკური უნარების ცენტრს ესტუმრა, სადაც თანამედროვე სასწავლო ინფრასტრუქტურას, სიმულაციური სწავლების შესაძლებლობებსა და პრაქტიკული უნარების განვითარების მექანიზმებს გაეცნო.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სტუმარს დეტალურად წარუდგინეს ის თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიური რესურსები, რომლებიც მომავალი ექიმების პროფესიული და კლინიკური კომპეტენციების ჩამოსაყალიბებლად გამოიყენება.

ვიზიტის მეორე ნაწილი კი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლების პროცესში ჩართულ ინდოელ სტუდენტებთან შეხვედრას დაეთმო. შეხვედრაზე განხილულ იქნა მათთვის მნიშვნელოვანი არაერთი საკითხი, მათ შორის სასწავლო პროცესი, აკადემიური მხარდაჭერის მექანიზმები, საქართველოში ცხოვრების პირობები, ბინადრობისა და მიგრაციის საკითხები, სტუდენტური ინტეგრაცია და უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სერვისი.

ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და ინდოეთს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის მნიშვნელობასა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მზაობას, გააძლიეროს საერთაშორისო პარტნიორობა, ხელი შეუწყოს სტუდენტების წარმატებას და განავითაროს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო განათლება, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური