საზაფხულო მისია: როგორ ვაქციოთ არდადეგები შემოქმედებით სასწავლო სივრცედ
ავტორი: ლალი მჭედლიძე, თბილისის 191-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისათვის:
სასწავლო წლის მიწურულს, მასწავლებლები ხშირად ვფიქრობთ: უნდა მივცეთ თუ არა მოსწავლეებს საზაფხულო დავალებები?
ერთი მხრივ, გვინდა, რომ დაისვენონ, განიტვირთონ და დროებით ჩამოშორდნენ სასკოლო რუტინას. თუმცა, მეორე მხრივ, ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფუნქციური და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფაა.
ნეიროფსიქოლოგებისა და საგანმანათლებლო ექსპერტების აზრით, ტვინს ნამდვილად სჭირდება გადართვა და სრული განტვირთვა, თუმცა მეორე უკიდურესობამ, აკადემიური აქტივობებისგან სამი თვით სრულმა დისტანცირებამ, შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. „საზაფხულო დანაკარგი“, როდესაც მოსწავლეები სექტემბერში ნასწავლი უნარ-ჩვევების დეგრადაციით ბრუნდებიან. ეს გამოწვევა კიდევ უფრო მწვავედ დგას მრავალფეროვან კლასებში, სადაც განსხვავებული აკადემიური საჭიროებების მქონე და სსსმ მოსწავლეები გვყავს. სრული უმოქმედობა აფერხებს მათ მიერ წლის განმავლობაში დიდი შრომით მიღწეული პროგრესის შენარჩუნებას.
როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი? გამოსავალი არის არა ტიპურ, დამღლელ სავარჯიშოებში, არამედ ალტერნატიულ, სახალისო და შემოქმედებით დავალებებში. საზაფხულო აქტივობა უნდა აღიქმებოდეს არა როგორც ვალდებულება, არამედ როგორც საინტერესო თავგადასავალი.
სწორედ ამ ოქროს შუალედის დასაცავად, ჩემი მესამე კლასელებისთვის შევქმენი სპეციალური სამუშაო ბარათი – „საზაფხულო მისია“, რომელიც სრულიად განსხვავდება ტიპური დავალებებისგან. მინდა ჩემი გამოცდილება და იდეა თქვენც გაგიზიაროთ.
როგორ ავაგოთ „საზაფხულო მისია“ მესამეკლასელებისთვის? (ეს არის ნიმუში და შესაძლებელია მასწავლებემა ინდივიდუალურად მოარგოს კლასსა და მოსწავლეთა შესაძლებლოებს):
მესამე კლასის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, აქტივობა უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი, ჰქონდეს მკაფიო საზღვრები და სთავაზობდეს არჩევანის თავისუფლებას.
ჩემი ბარათი მოიცავს 3 წიგნის წაკითხვას მთელი ზაფხულის განმავლობაში (სამიდან ერთ-ერთი, ორი ან სამივე) და რამდენიმე უნივერსალურ, სააზროვნო კითხვას, რომლებიც ნებისმიერ მხატვრულ ტექსტს მოერგება. ნაცვლად გრძელი შინაარსების წერისა, მოსწავლეები ასრულებენ შემოქმედებით მისიებს.
ციფრული რეკომენდაცია კოლეგებს: „კანვა“ (Canva)
იმისათვის, რომ საზაფხულო დავალება ბავშვისთვის მიმზიდველ „სათამაშო რუკად“ იქცეს, მისი ვიზუალური მხარე გადამწყვეტია. ჩემი სამუშაო ბარათის შესაქმნელად გამოვიყენე უფასო ონლაინ პლატფორმა Canva (კანვა). ამ პლატფორმას აქვს მზა შაბლონებისა და ელემენტების მრვალფეროვანი არჩევანი, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი გემოვნების მიხედვით.
დასკვნის სახით: ზაფხული ბავშვობის საუკეთესო დროა და ის არ უნდა გადავტვირთოთ სავალდებულო რუტინით. თუმცა, სწორად შეფუთული, სახალისო „საზაფხულო მისიები“ მოსწავლეებს დაეხმარება, შეინარჩუნონ კითხვისა და აზროვნების უნარი ისე, რომ თამაში და დასვენება არ მოაკლდეთ. ციფრული ხელსაწყოები კი გვაძლევს შანსს, ეს პროცესი ვიზუალურად ესთეტიკური და თითოეული ბავშვისთვის ინდივიდუალურად მორგებული გავხადოთ.
ასევე იხილეთ:
-
რა წინაპირობები დაწესდება საქართველოს უნივერსიტეტებში უცხოელი სტუდენტების ჩარიცხვისთვის – ცვლილებები შსს-მ მოამზადა
by ARIS.GE-განათლება
-
სხვა მოთხოვნები რექტორისა და დეკანის არჩევისას – „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა
by ARIS.GE-განათლება
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 19 742 პირი ჩაირიცხა გასულ წელს – რას ამბობს პრემიერ-მინისტრი
by ARIS.GE-განათლება