GE

გამოცდების შედეგებმა ამ მასწავლებლების დეფიციტი გამოიწვია – რატომ შეცვალა განათლების სამინისტრომ კანონი

განათლების სამინისტრო სისტემაში კონკრეტული მიმართულების მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრას საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს.

უწყებამ პარლამენტს დაჩქარებულად დაამტკიცებინა საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების პედაგოგებით უზრუნველყოფა უნდა შეძლონ. სისტემაში სპეციალური მასწავლებლების დიდი საჭიროებაა.

საინტერესო კი ის არის, რომ განათლების სამინისტრო სპეცპედაგოგების დეფიციტს კომპეტენციის დადასტურებისთვის დაწესებულ გამოცდებს უკავშირებს, რომლის ვალდებულებაც ასევე თავად გააჩინეს, რითიც როგორც თავადვე აღიარებენ, შეფერხდა და მომავალშიც შეიძლება შეფერხდეს სსსმ მოსწავლეთა ჩართვა სწავლა-სწავლების პროცესში:

“2026 წლის 1 იანვრიდან, იმ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, რომლებმაც კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი გამოცდის ჩაბარებით ვერ დაადასტურეს კომპეტენცია, მოუწიათ განათლების სისტემის დატოვება, რამაც გამოიწვია სპეციალური მასწავლებლების დეფიციტი. აღნიშნული განსაკუთრებით მწვავედ აისახება საქართველოს მაღალმთიან და შორეულ სოფლებში მდებარე საჯარო სკოლებზე, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (შემდგომ – სსსმ) მოსწავლეები სწავლობენ და სადაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიება ხშირად შეუძლებელია. ეს გარემოება მნიშვნელოვან ბარიერს შეუქმნის და მომავალში კიდევ უფრო შეაფერხებს სსსმ მოსწავლეთა ეფექტურ ჩართვას სწავლა-სწავლების პროცესში”, – ვკითხულობთ დამტკიცებული ცვლილების განმარტებაში.

ახლა კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სპეცპედაგოგისთვის დაწესებულ მოთხოვნებს გადახედა გადაწყვიტა, რომ მიზანშეწონილია კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების გადახედვა და სპეციალური მასწავლებლის დამატებითი კატეგორიის – შემცვლელი სპეციალური მასწავლებელის განსაზღვრა, რათა სკოლას შესაძლებლობა ჰქონდეს, კონკურსის გამოცხადების პარალელურად, სპეციალური მასწავლებლის შერჩევამდე, გააფორმოს დროებითი ხელშეკრულება ამ კატეგორიის სპეციალურ მასწავლებელთან.

გარდა ამისა, ახალი მიდგომის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება სკოლაში დროებით არმყოფი სპეციალური მასწავლებლის (შვებულება, დეკრეტი და ა.შ.) შეცვლაც, რათა არ გაცდეს საათები და მაქსიმალურად დაცულ იქნას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესები. სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც.

აი, ცვლილებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში 10 ივნისს დაამტკიცა:

– ცვლილების თანახმად, ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებსაც მიეცემათ მასწავლებლობის უფლება, გამოცდის ჩაბარებისა და 60-კრედიტიანი პროგრამის ან მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის გავლის შემთხვევაში. დღეს მოქმედი კანონით, პროფესიული განათლების საფუძველზე მასწავლებლობის უფლება ეძლევა მხოლოდ სპორტის, მუსიკისა და ხელოვნების მიმართულებით პროფესიული განათლების მქონე პირებს.

– შემდეგი ცვლილება ეხება მასწავლებლობის მაძიებლობის საკითხს. კერძოდ, მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც უმაღლესი განათლებით არ აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია. მაძიებლობის პროგრამაში ჩართვის წინაპირობად მას შესაბამისი გამოცდის ჩაბარება განესაზღვრება. ასევე, თუ პირს უმაღლესი განათლებით აქვს ეროვნული სასწავლო გეგმის რომელიმე საგნის შესაბამისი კვალიფიკაცია, მაგრამ მაძიებლობის პროგრამაში სხვა საგნით ჩაერთვება, შესაბამისი წინაპირობა მისთვისაც საგნის გამოცდის ჩაბარება იქნება.

– ცვლილება შეეხო შემცვლელ სპეციალურ მასწავლებელს. კერძოდ, დროებით არმყოფი მასწავლებლის შემცვლელად/შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს კანონით სპეციალური მასწავლებლებისთვის დადგენილ მოთხოვნებს ან პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება და ფლობს მასწავლებლობის უფლებას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან აქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი. თუ სკოლის მიერ აღნიშნულ პოზიციაზე გამოცხადებული ვაკანსია კონკურსის გზით ვერ შეივსო, სპეციალურ მასწავლებლად ასევე შეიძლება დასაქმდეს პირი, რომელსაც აქვს სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად მუშაობის, სულ მცირე, 2-წლიანი გამოცდილება და ფლობს მასწავლებლობის უფლებას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე ან აქვს ფსიქოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხი. ამ შემთხვევაში, პირი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შემცვლელ სპეციალურ მასწავლებლად შეიძლება დასაქმდეს შესაბამისი სასწავლო წლის ბოლომდე, ხოლო სასწავლი წლის ბოლოს სკოლას ვალდებულება ექნება, გამოაცხადოს კონკურსი.

კანონში შეტანილი ცვლილებით, სპეციალური მასწავლებლობის უფლება მიეცემა იმ პირსაც, რომელსაც საგნის მასწავლებლობის უფლება მოპოვებული აქვს კანონმდებლობით დასაშვები სხვადასხვა გზით და ამასთან, ჩაბარებული აქვს სპეციალური მასწავლებლის გამოცდაც.

ასევე იხილეთ:

სკოლაში ტექნოლოგიების სწავლების უფლება უმაღლესი განათლების არმქონე პირებსაც ექნებათ – ცვლილება კანონში

მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამაში ჩართვამდე გამოცდის ჩაბარება მოგიწევთ – სპეცპედაგოგის შემცვლელი კი ასე გახდებით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური