GE

პირველკლასელთა საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია ზუსტად 09:00 საათზე უნდა დაიწყოს – ინსტრუქცია, საბუთების სია და ვადები

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების პირველ კლასში რეგისტრაციის IV ეტაპი – საყოველთაო ონლაინ რეგისტრაცია ხვალ, 15 ივნისს, ზუსტად 09:00 საათზე დაიწყება და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

ონლაინ რეგისტრაციის გასავლელად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს – registration.emis.ge

საყოველთაო რეგისტრაციის ფარგლებში, ყველა მსურველს ეძლევა შესაძლებლობა, მისთვის სასურველ საჯარო სკოლაში დაარეგისტრიროს ბავშვი, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.

იმისთვის, რომ სწრაფად და მარტივად შეძლოთ ბავშვის დარეგისტრირება, EDU.ARIS.GE გიზიარებთ ყველა საჭირო ინსტრუქციას:

პირველ რიგში, რეგისტრაციის გავლამდე, მოამზადეთ კომპიუტერული მოწყობილობები ან მობილური ტელეფონი, რეგისტრაციისათვის აუცილებელი ინფორმაცია/მონაცემები (ბავშვის და ერთ-ერთი მშობლის პირადი ნომრები) და წინასწარ შეარჩიეთ ის საჯარო სკოლა, რომელშიც გსურთ ბავშვის დარეგისტრირება. ასევე, თვალი ადევნეთ სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ინფორმაციას ამ ბმულზე

რა დაგხვდებათ სარეგისტრაციო ველში:

რეგისტრაციის ნიმუში

ონლაინ სარეგისტრაციო გვერდზე შესვლის შემდეგ, ეკრანზე გამოგიჩნდებათ ღილაკები, რომლებიც რეგისტრაციის დაწყების ან გაუქმების, ასევე სკოლაში დარჩენილი თავისუფალი ადგილების ნახვის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნული ღილაკებიდან უნდა აირჩიოთ „რეგისტრაცია“, რის შემდეგაც ეკრანზე გამოჩნდება ველები – მოსწავლე, მშობელი, სკოლა, რეგისტრაცია.

პირველი ნაბიჯი – მოსწავლის მონაცემების მითითება

შესაბამის ველებში მიუთითეთ ბავშვის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, ასევე მოქალაქეობა.

საქართველოს მოქალაქე/ბინადრობის მოწმობის მქონე – უნდა მონიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არეგისტრირებთ საქართველოს მოქალაქეს ან ბინადრობის მოწმობის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეს;

უცხო ქვეყნის მოქალაქე/ბინადრობის მოწმობის არ მქონე – უნდა მონიშნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არეგისტრირებთ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან საქართველოში მცხოვრებ, ბინადრობის მოწმობის არ მქონე მოქალაქეს.

მონაცემების შეყვანის შემდეგ, რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“.

გაითვალისწინეთ: მოსწავლის შესახებ ეკრანზე გამოტანილი ყველა ველის შევსება სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ველი არაკორექტულად იქნა შევსებული, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

მეორე ნაბიჯი – მშობლის მონაცემების მითითება 

შესაბამის ველებში მიუთითეთ ერთ-ერთი მშობლის (დედა/მამა/მეურვე) პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“.

გაითვალისწინეთ: ელექტრონული ფოსტის გარდა, ეკრანზე არსებული ყველა ველის შევსება სავალდებულოა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ველი არაკორექტულად იქნა შევსებული, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

მესამე ნაბიჯი – სკოლის მონაცემების არჩევა 

ჩამოსაშლელი ველების საშუალებით ამოირჩიეთ შესაბამისი რეგიონი, რაიონი, სასურველი სკოლა, სექტორი, ცვლა, შენობა და რეგისტრაციის გაგრძელების მიზნით დააჭირეთ ღილაკს „შემდეგი“.

გაითვალისწინეთ: ყურადღება უნდა მიაქციოთ სკოლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილების რაოდენობას. მონაცემები იცვლება დინამიურ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციის დასრულებამდე ამორჩეულ სკოლაში არსებული ლიმიტი ამოიწურა, ეკრანზე გამოვა შესაბამისი შეტყობინება.

მეოთხე ნაბიჯი – რეგისტრაციის დასრულება

რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია – სკოლა, პირადი ნომერი, სახელი, გვარი, რეგისტრატორი, სახელი, გვარი, მობილური და რეგისტრაციის კოდი, რომელსაც სისტემა თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს ავტომატურად ანიჭებს.

გაითვალისწინეთ: ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისათვის.

საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია:

საყოველთაო ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე წარსადგენი დოკუმენტები ჩამონათვალი და წარდგენის ვადები:

IV ეტაპზე ელექტრონულად რეგისტრირებული პირველკლასელების ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტების წარდგენა სკოლებში 6 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, შესაბამის სკოლაში წარადგინოს:

  • განცხადება;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

გაითვალისწინეთ: დოკუმენტების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

ასევე იხილეთ:

15 სექტემბერს სასკოლო ფორმებით მხოლოდ პირველკლასელები იქნებიან უზრუნველყოფილი – რას ამბობს განათლების მინისტრი

სკოლებში ელექტრონული საშუალებების გამოყენების წესები დამტკიცდა – სკოლისა და მოსწავლის უფლებები და ვალდებულებები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური