GE

2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ გამოცხადდა – ვის ეხება პრემიერის ბრძანება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელი მოაწერა 2023 წლის უქმე დღეების შესახებ მომზადებულ დადგენილებას, რომელიც დღეს, 21 დეკემბერს გამოქვეყნდა და უკვე ძალაშია.

დოკუმენტში განმარტებულია, თუ ვის შეეხება და ვისზე არ გავრცელდება დადგენილება:

„საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვროს უქმე დღეებად“.

როგორც ბრძანებაში ვკითხულობთ, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

„ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე“, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური