GE

დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება?

ავტორი: ნათელა მაღლაკელიძე, პედაგოგიური მეცნიერების დოქტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების ავტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. სტატია განკუთვნილია EDU.ARIS.GE-ს პროექტისთვის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“.

ამ კითხვამ განსაკუთრებული აქტუალურობა შეიძინა დღეს, როდესაც გამოქვეყნდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები. სასკოლო განათლების ეროვნულ მიზნებზე საუბარი კი ძნელია სკოლაში მშობლიური ენის სწავლების გარეშე. აქვე შევნიშნავთ, რომ ენის კურსი ხშირ შემთხვევაში გაიგივებულია მხოლოდ გრამატიკასთან, არადა იგი გრამატიკის გარდა მოიცავს ლექსიკოლოგიის, ორთოგრაფიის (მართლწერის), პუნქტუაციის, პრაქტიკული სტილისტიკის… საკითხებსაც.

დაიწყება თუ არა სკოლაში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება? – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს

ჩვენმა რეფორმატორებმა სასკოლო განათლების რეფორმის დაწყებისთანავე უარი თქვეს ქართული ენის კურსის ცალკე საგნად სწავლებაზე. ქართული ენის საგაკვეთილო საათები სწორედ რეფორმას შეეწირა. კარგად მახსოვს განათლების რეფორმატორებთან ჩემი პირველი შეხვედრა. ეს იყო რეფორმის დაწყებამდე, 2005 წელს. პირველი, რამაც მაშინ ჩემში პროტესტის გრძნობა გამოიწვია, გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისათვის განკუთვნილი საათების შემცირება – 5 კვირეული საათი (ნაცვლად რეფორმამდელი 7-8 აკადემიური საათისა). ჩემს კითხვაზე, როგორ შეიძლება ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება 5 კვირეულ საათში ჩავატიოთ, პასუხი გახლდათ – მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი; რაც შეეხება ენის საკითხებს, იგი საკითხავ ტექსტებთან ინტეგრირებით უნდა ასწავლოთო.

როგორი ვითარება იყო ამ კუთხით 2006 წლამდე, სანამ ე ს გ ამოქმედდებოდა? შევეცდებით მოკლედ ვუპასუხოთ ამ კითხვას.

დაწყებით სკოლაში, ოთხწლედში, ენის საკითხები საკითხავ ტექსტებთან ინტეგრირებულად იყო წამოდგენილი. ტექსტის კითხვა-დამუშავებასთან ერთად ხდებოდა ცალკეულ ენობრივ მოვლენებზე დაკვირვება, გრამატიკული მასალა ძირითადად მიეწოდებოდა პრაქტიკული გზით, საკითხავ მასალასთან კავშირში. სწავლებისას მთავარი აქცენტი გადატანილი იყო მართლწერისა და მართლმეტყველების ჩვევათა გამომუშავებაზე და არა წესების დაზეპირებაზე. სპეციფიური განსაზღვრებები ამა თუ იმ ენობრივი მოვლენის შესახებ ეძლეოდა ან წესის გარეშე, ან მარტივი ფორმულირებით. ენის სახელმძღვანელოს სახელწოდებაც შემდეგნაირად გახლდათ ფორმულირებული: ქართული ენა – გრამატიკა, მართლწერა, მეტყველების განვითარება. (აქვე იმასაც დავამატებთ, რომ ამ კუთხით სასკოლო განათლების დაწყებით საფეხურზე – პირველ-მეოთხე კლასებში – სურათი დიდად არ შეცვლილა).

მე-5 კლასიდან იწყებოდა ქართული ენის გრამატიკის ე.წ. „სისტემატური კურსი“, რომელსაც 2 კვირეული საათი ეთმობოდა. მისი მიზანი გახლდათ მშობლიური ენის სტრუქტურაში გარკვევა სათანადო თეორიული ცოდნის ბაზაზე. იგი ასევე გულისხმობდა სათანადო პრქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას. მთავარი ნაკლი, რაც ამგვარ სწავლებას ახლდა, იყო ის, რომ არ ხდებოდა ენის გაკვეთილზე მიღებული ცოდნის გამოყენება ლიტერატურის გაკვეთილებზე, წერის პროცესში. გრამატიკული მასალის დაუფლება ხშირ შემთხვევაში მხოლოდ წესების დაზეპირებით ამოიწურებოდა. მოსწავლემ (უკეთეს შემთხვევაში) თეორიულად იცოდა ამა თუ იმ გრამატიკული კატეგორიის დეფინიცია, მაგალითებსაც სწორად ასახელებდა, მაგრამ ვერ იყენებდა ამ ცოდნას პრაქტიკულად ზეპირსა თუ წერით მეტყველებაში. ალბათ ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ რეფორმირებული სკოლა ადვილად შეელია ქართული ენის კურსის ცალკე დასციპლინად სწავლებას.

უკვე პირველი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ მშობლიური ენის სწავლება ემსახურება გარკვეული ლინგვისტური კომპეტენციების ფორმირებას. დღეს როგორ უნდა მოხდეს ამ ლინგვისტური უნარ-ჩვევების ფორმირება? გვჭირდება ამ მიზნით გრამატიკის სწავლება?

რეფორმის დასაწყისშივე სარეფორმო ჯგუფმა ენის (გრამატიკის) კურსის სწავლების მიმართ ჩამოაყალიბა ორგვარი დამოკიდებულება:

1. არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის გრამატიკა აუცილებლად უნდა ვასწავლოთ. გრამატიკა აქ მოსწავლეთათვის ერთგვარი გზამკვლევია სახელმწიფო ენის შესასწავლად.

2. ქართულენოვან სკოლებში კი ქართული ენის გრამატიკის სწავლება საერთოდ არ არის საჭირო, ქართველმა ბავშვმა ქართული ენა ისედაც იცის და ამისთვის გაკვეთილზე დრო რატომ უნდა დავკარგოთ. ენის საკითხები მხოლოდ საკითხავ ტექსტებთან ინტეგრირებით შეიძლება მივაწოდოთ მოსწავლეს. სხვათა შორის ამ მოსაზრებამ ხშირად გაიჟღერა მაშინდელ სამინისტროში სახელმძღვანელოების ავტორებთან შეხვედრისას.

ეს შეხედულება წლების განმავლობაში რამდენადმე შეიცვალა, მოგვიანებით ავტორებს დაევალათ ცალ-ცალკე წარმოედგინათ ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, ე ს გ-შიც თითქოს გაიზარდა გრამტიკული მასალისა და მასთან დაკავშირებული უნარ-ჩვევების ჩამონათვალი, მასწავლებელსაც მიეცა უფლება, სურვილის შემთხვევაში ცალკე კვირეული საათი დაეთმო ენისათვის. მაგრამ არ შეცვლილა ერთი რამ – კვირეული საათების რაოდენობა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. შედეგად კი მივიღეთ ის, რომ მასწავლებელი ან საერთოდ ვერ ასწრებს ენის საკითხებზე მუშაობას (ლიტერატურული მასალის კითხვა-დამუშავება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, განსაკუთრებით კი დღეს, როცა ე.წ. „კომპლექსურმა“ დავალებებმა მასწავლებელი კიდევ უფრო შეზღუდა დროში), ან ენის სწავლება ისევ შემოიფარგლა მხოლოდ წესების გაცნობითა და დაზეპირებით. მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული ენის სწავლება დღევანდელ სკოლაში არასახარბიელო მდგომარეობაშია, რაც ასახვას პოულობს მოსწავლეთა (და არა მხოლოდ მოსწავლეთა) ზეპირსა თუ წერით მეტყველებაში.

გრამატიკის სწავლების შესახებ სპეციალისტთა შეხედულებები არც ადრე ყოფილა ერთგვარი. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში საკმაოდ ძლიერი იყო ე.წ. „ანტიგრამატისტული მიმდინარეობა“, რომელიც საერთოდ უარს ამბობდა არა მხოლოდ გრამატიკის თეორიული კურსის, არამედ მისი ელემენტების სწავლებაზეც. ამ მიმართულებამ თავი იჩინა დღესაც. სწავლებაში ბიჰევიორიზმის და ენათმეცნიერებაში სტრუქტურალიზმის განვითარებამ ბევრი რამ შეცვალა ამ საკითხთან მიმართებით. კვლავ გამოჩნდნენ გრამატიკის „მოძულენი“. თავიანთ შეხედულებას ისინი გრამატიკული მასალის სირთულითა და ბავშვის ცნობიერების მოუმზადებლობით ხსნიან. არადა, არსებობს ქართველ ფსიქოლოგთა და ენათმეცნიერთა შრომები, რომლებიც საიმედო ბაზას ქმნიან სკოლაში გრამატიკულ ცნებებზე მუშაობისათვის.

„სკოლაში მოსვლამდე ქართულენოვანი მოსწავლე ძირითადად უკვე დაუფლებულია სამეტყველო კომპეტენციებს. სკოლაში ახლად შემოსულმა ბავშვმა პრაქტიკულად უკვე იცის:

– მეტყველების ყველა ნაწილი;
– იყენებს ენის ფორმათსისტემას;
– ესმის და თვითონაც ხმარობს სიტყვათწარმოების მთავარ შესაძლებლობებს;
– შეთვისებული აქვს სინტაქსის ძირითადი სტრუქტურები, თანწყობისა და რამდენადმე ქვეწყობის სახეები“, – წერდა გურამ რამიშვილი თავის ცნობილ კვლევაში „დედაენის თეორია“ (თბ. 2000, გვ. 28). ამ აზრს უფრო ადრე ავითარებდა დიმიტრი უზნაძეც, რომელიც მიიჩნევდა, რომ „სკოლის წინარე ასაკში ბავშვს პრინციპულად დაძლეული აქვს თავისი სამშობლო ენა“ (დ. უზნაძე, ბავშვის ფსიქოლოგია, თბ. 2003, გვ. 593).

მაშ, თუ მართლაც ბავშვი უკვე დაუფლებულია მშობლიურ (ჩვენს შემთხვევაში ქართულ) ენას, სკოლაში რატომღა უნდა ვასწავლოთ იგი და რატომ უნდა მოვაცდინოთ ამაზე მოსწავლეც და მასწავლებელიც? ამ კითხვაზე პასუხი ისევ დიმიტრი უზნაძესთან უნდა ვეძებოთ: „ბავშვი მეტყველებისას კი იცავს ენის ძირითად წესებს, მაგრამ ეს წესები მას თავად გაცნობიერებული არა აქვს… აი, აქ უწევს მას სკოლა დახმარებას – იგი გრამატიკას ასწავლის ბავშვს და ამით იგი ენობრივი განვითარების ახალ საფეხურზე აჰყავს… ახლა მას არამარტო ლაპარაკი შეუძლია ამ წესების მიხედვით, არამედ იმის ცოდნაც, თუ რატომ ლაპარაკობს ასე“.

გრამატიკის სწავლებისას მთავარი მშობლიური ენის კანონზომიერებების შეცნობა, მათი გააზრება და მეტყველებისას მართებული ფორმების გამოყენება გახლავთ. პირველ რიგში მას პრაქტიკული დანიშნულება აქვს – ემსახურება სათანადო ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილისტური ჩვევების ფორმირებას, რაც საბოლოო ჯამში მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების დახვეწისაკენ არის მიმართული. გრამატიკული წესის ცოდნისა და მისი გააზრების გარეშე მოსწავლეს ხშირად უჭირს სიტყვის მართლწერა (გარკვეულ შემთხვევებში სიტყვის მართლწერას სწორედ მორფოლოგია უდევს საფუძვლად), ფრაზისა და წინადადების სწორად აგება… განსაკუთრებით სავალალო დღეშია პუნქტუაცია, რომლის საფუძველსაც სინტაქსი წარმოადგენს. ქართული პუნქტუაცია კი მოგეხსენებათ, საკმაოდ რთულია.

„ღრამატიკა არს შემძლებლობა მართლ-უბნობად და წესიერ წერადო“, წერდა ანტონ კათალიკოსი, ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს ავტორი მე-18 საუკუნეში. ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ გრამატიკის სწავლების პირველ დანიშნულებად ჩვენი წინაპრებიც მართლმეტყველებისა და მართლწერის ძირითად საკითხების დაუფლებას თვლიდნენ. ასეა დღესაც. ამიტომაც ენის გაკვეთილებს სასკოლო განათლების საბაზო საფეხურზე აუცილებლად უნდა დაეთმოს ცალკე აკადემიური საათი. ფაქტიურად ეს იქნება არა გრამატიკის, არამედ მეტყველების კულტურის გაკვეთილები.

მაგრამ ზემოთქმული სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინების გარეშე შევიტანოთ მასალა სახელმძღვანელოებში, გადავტვირთოთ ისინი რთული გრამატიკული კატეგორიებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავად ენათმეცნიერებს შორის არის სადავო; უსასრულოდ ვაზეპირებინოთ წესები… რა ვასწავლოთ და როგორ ვასწავლოთ – ეს გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი და აქტუალური საკითხი დღეს ქართული ენის სწავლებაში.

ყოველივე ზემოთქმული სრულიადაც არ გამორიცხავს ლიტერატრურული და ენობრივი მასალის ინტეგრირებას ლიტერატურის გაკვეთილებზე. მწერლის ენა, პერსონაჟის მეტყველება, მხატვრულ სახეებზე დაკვირვება… ტექსტის მხატვრული ანალიზის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. ამისათვის მოსწავლე სწორედ ენის გაკვეთილებზე უნდა მოვამზადოთ.

ახლა უკვე შეგვიძლია პასუხი გავცეთ ჩვენი წერილის სათაურად გამოტანილ კითხვას – დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება?

დიახ, ქართული ენა კვლავაც ცალკე საგნად უნდა გამოიყოს ქართულ სკოლაში. მაგრამ იგი ზედმეტად არ უნდა გადავტვირთოთ თეორიული მასალით და მხოლოდ წესების დაზეპირებამდე არ უნდა დავიყვანოთ.

=

რა არის თქვენი სათქმელი განათლებაზე? – თქვენც შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები/სტატია. დეტალები იხილეთ ბმულზე

ასევე იხილეთ:

ნათელა მაღლაკელიძე: არ შეიძლება, ერთი მეთოდით ასწავლო წერა-კითხვა ინგლისურად, ქართულად და რუსულად!

რატომ გვჭირდება სკოლა?

„ფიქრები, სანამ გაკვეთილი დაიწყება…“ – ჩემი სათქმელი განათლებაზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური