GE

დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მასწავლებლად – რა გამოსავალი განიხილება აჭარაში პედაგოგთა დეფიციტის შესავსებად

აჭარის რეგიონში მასწავლებლების დეფიციტია. მაგალითად მაღალმთიან აჭარაში, კადრების მოზიდვას შესაბამის ანაზღაურებასთან ერთად, ვერც 1000-ლარიანი დანამატი ეხმარება. გარდა ამისა, რეგიონის სკოლებში პრობლემაა STEM მიმართულების კადრებიც.

აღნიშნულ თემას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი საკანონმდებლო ორგანოში საუბრისას შეეხო, სადაც 26 აპრილს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის კომიტეტს ანგარიში წარუდგინა.

“მიმდინარე წელს, ჩვენ დაგეგმილი გვქონდა 30 მასწავლებლის შერჩევა მაღალმთიანი აჭარის სოფლებში იმ საგნებზე, სადაც ადგილობრივი ვაკანსიით მასწავლებელი ვერ შეირჩა. დამატებით, იმ ანაზღაურებასთან ერთად, რომელიც დადგენილია, უნდა მიგვეცა ყოველთვიური 1000 ლარიანი დანამატი – მაღალმთიან აჭარაში სკოლაში მუშაობის შემთხვევაში. სამჯერ გამოვაცხადეთ კონკურსი და სამწუხაროდ, 30 მასწავლებლიდან მხოლოდ 17 შევარჩიეთ”, – განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ამ კონკრეტული პრობლემის გადასაჭრელად, სკოლაში მასწავლებლებად დამამთავრებელი კურსის სტუდენტების შეყვანა იგეგმება.

“ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან და მუდმივად ხდება ვაკანსიების შესახებ ინფორმაციების გაცვლა, რათა კურსდამთავრებულთათვის სტუდენტურ პორტალზე ვაკანსიების შესახებ ინფორმაციების ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. ვფიქრობთ, რომ მომავალში, უკვე კურსდამთავრებულებზე კი არ გავაკეთოთ აქცენტი, არამედ გარკვეული რეგულაცია გავაკეთოთ იმისთვის, რომ [სკოლაში] დამამთავრებელი კურსის სტუდენტების შეყვანაც შეგვეძლოს და ალბათ, ეს იქნებ ერთ-ერთი გამოსავალი ამ კონკრეტული შემთხვევაში”, – განმარტა განათლების მინისტრმა.

მაია ხაჯიშვილი იმ პრობლემასაც შეეხო, რომელიც აჭარის რეგიონში STEM მიმართულების პედაგოგთა ნაკლებობას უკავშირდება და თქვა, რომ ამ საკითხზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მუშაობენ.

“ასევე პრობლემურია და  ნამდვილად გამოწვევაა, რომ ჩვენ გაგვიჭირდა STEM მიმართულებით მასწავლებლების მოძიება. მაგალითად, ფიზიკის მასწავლებლებზე, როდესაც გასული წლის აგვისტო-სექტემბერში გამოვაცხადეთ რეგიონში დაახლოებით 200-მდე ვაკანსია, სამწუხაროდ, მხოლოდ ნახევარი შევარჩიეთ; მასწავლებლებს ხშირ შემთხვევაში უწევთ ორ სკოლაში მუშაობა და დატვირთვა იმის გამო, რომ სპეციალისტები არ გვყავს. ანუ, გვაქვს რამდენიმე დეფიციტური პროფესია, სადაც უფრო მეტად გვჭირდება ახალგაზრდების დაინტერესება იმისთვის, რომ ძალიან ღირსეულ პროფესიაში შემოვიდნენ.

განათლების მინისტრის ინფორმაციით, გასულ წელს აჭარის რეგიონის სკოლებში 400-მდე დაინტერესებული ახალგაზრდა შევიდა და იმედს იტოვებს, რომ მათი რიცხვი გაიზრდება.

ასევე იხილეთ:

რა უფლებები მიენიჭათ საგანმანათლებლო რესურსცენტრებს სკოლებთან მიმართებით აჭარაში – განათლების მინისტრის ბრძანება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური