3 აკრედიტებული და 3 აკრედიტაციის პროცესში – შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი განახლებული პროგრამებითა და გეგმებით
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო ქართული და ინგლისურენოვანი პროგრამების მიერ 7-წლიანი აკრედიტაციის მოპოვების შემდეგ, აკრედიტაციისთვის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) კიდევ სამი პროგრამა ემზადება. უნივერსიტეტში დარწმუნებულები არიან, რომ პროცესის დასასრული ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების შემთხვევაში იყო.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო, პროგრამების შეფასებისას, ერთსულოვანი იყო. უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ მათი მხრიდან ხაზი გაესვა სააკრედიტაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის მაღალ ხარისხსა და პროგრამების განვითარების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას.
სულ მალე, აკრედიტაციის პროცესს დაასრულებს IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამაც, რომელმაც აკრედიტაციის ექსპერტთა ვიზიტი სულ ახლახანს გაიარა. ცნობისთვის, IBSU ერთადერთი უნივერსიტეტია, სადაც, არქიტექტურის მიმართულებით, ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა ხორციელდება. აკრედიტაციის საბჭოს მოლოდინში არიან ეკონომიკის საბაკალავრო ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამებიც. უნივერსიტეტის ვიცე რექტორი ხარისხის განვითარების მიმართულებით, ასოცირებული პროფესორი, ნინო ჯოჯუა ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ ვიზიტი საკმაოდ წარმატებული იყო და ახლა მათ პოზიტიური მოლოდინები აქვთ. ჯამში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს, სულ მალე, ექვსი ახალაკრედიტებული პროგრამა ექნება.
ვიცე რექტორი EDU.ARIS.GE-სთან იმ პროცედურებზე საუბრობს, რომელთაც პროგრამები აკრედიტაციისთვის გადიან და დასძენს, რომ ეს პროცესი საკმაოდ შრომატევადია, ვინაიდან აკრედიტაციის მოსამზადებელი პროგრამა, თავის თავში, პროგრამის განვითარებას გულისხმობს. ნინო ჯოჯუას თქმით, ეს, უპირველესად, საერთშორისო გამოცდილებების შესწავლაა – კვლევის ჩატარება, მსგავსი პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რათა პროგრამაში ასახული იყოს ყველა ის სიახლე და თანამედროვე მიდგომა, რომელიც უცხოურ ანალოგიურ პროგრამებს აქვთ.
„პროგრამის ხელმძღვანელები სწავლობენ საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებსაც, ვინაიდან კურსდამთავრებულების დასაქმება, ჩვენთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. გარდა იმისა, რომ ჩვენი კურსდამთავრებულები საქმდებიან საქართველოში (ქართულ თუ უცხოურ კომპანიებში), ამავდროულად, ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვაქვს მათი უცხოეთში დასაქმების. ასევე, უცხოეთში სწავლის გაგრძელებისაც, უფრო მაღალ საფეხურზე. რაც იმის შედეგად არის მიღწეული, რომ ჩვენი პროგრამები საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამებიან.
„პროგრამის შემუშავებისას, აუცილებელია, ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდეს – სტუდენტები, კურსდამთავრებულები, აკადემიური თუ მოწვეული პერსონალი, პოტენციური დამსაქმებლები. აკადემიური პერსონალი, რასაკვირველია, სრულადაა ჩართული პროგრამის შემუშავებაში იმ მხრივ, რომ ერთად მსჯელობენ რომელი სასწავლო კურსი დაამატონ, როგორ განავითარონ პროგრამა, რა მიმართულების თემატიკა შეჰმატონ და ა.შ. ამავე დროს, ერთად იღებენ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდეს პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და როგორ შეფასდეს მიღწევები. არსებულ პროგრამებს აუცილებლად აფასებენ სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პოტენციური დამსაქმებლები. დამსაქმებლების მხრიდან აუცილებლად ხდება იმ კურსდამთავრებულების შეფასებაც, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ. სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან და დამსაქმებლებისგან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით პროგრამებში ცვლილებები შედის. ცვლილებების შეტანის შემდეგ კი პროგრამა კვლავ დაინტერესებულ მხარეებს წარედგინებათ და მათგან შეფასებებს ვიღებთ. ეს ყველაფერი იმაში გვეხმარება, რომ შევქმნათ პროგრამა, რომელიც ყველა მხარის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი კურსდამთავრებული კი მაღალი კლასის სპეციალისტი, შრომით ბაზარზე სასურველი კადრი იქნება, რომლის უნარებიც სრულად შეესაბამება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს“, – აღნიშნავს IBSU-ს ვიცე რექტორი.
სწორედ დასაქმების მაღალ მაჩვენებელს ასახელებს იგი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამების ერთ-ერთ მთავარ ბენეფიტად, თუმცა, არა ერთადერთად. სარგებელსა და ხელშესახებ სიკეთეებზე საუბრისას, რომლებიც უნივერსიტეტის ახლანდელ თუ მომავალ სტუდენტებს აქვთ, ნინო ჯოჯუა მაღალკვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების მეთოდებს, სამართლიან და გამჭვირვალე შეფასების სისტემასა და გაცვლით პროექტებში მონაწილეობის მრავალფეროვან შესაძლებლობებს ასახელებს.
ვრცლად საუბრობს სასწავლო პროცესში უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების ჩართულობაზეც და დასძენს, რომ თითოეული პროგრამა, რომელიც აკრედიტაციაზე იგზავნება, ერთი ან რამდენიმე უცხოელი დარგის სპეციალისტის მიერ ფასდება. მათი რჩევები და რეკომენდაციები კი, ვიცე რექტორის თქმით, პროგრამების განვითარების პროცესში, ძალზედ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იგი დარწმუნებულია, რომ ყველა პროგრამა, რომელთა ნაწილი ახლადაკრედიტირებულია, ნაწილი კი სულ მალე იქნება, სტუდენტებში პოპულარობით ისარგებლებს და ახალ ნაკადს საკმაოდ მაღალი კონკურსითაც მიიღებს.
გზა, რომელზეც ვიცე რექტორის, ჩვენთან ინტერვიუში, დეტალურად საუბრობს, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებმაც ნაბიჯ-ნაბიჯ გაიარეს. თითოეულ ეტაპს, პროგრამების ხელმძღვანელის, ბაია ივანეიშვილის თქმით, განსაკუთრებული პასუხისმგებლობითა და ყურადღებით უდგებოდნენ. შეისწავლეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და კურიკულუმის აგებისას, გაითვალისწინეს ისეთი უნივერსიტეტების გამოცდილება, როგორებიცაა ოქსფორდი, კემბრიჯი, სტენფორდი, იელი, ლონდონის სამეფო კოლეჯი და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი უმაღლესი სასწავლებლები.
IBSU-ს საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებმა აკრედიტაციის საბჭოს შვიდწლიანი აკრედიტაცია მიიღო
შესაბამისად, ხელმძღვანელის თქმით, წინასააკრედიტაციო სამუშაოები მრავალმხრივი და მოცულობითი იყო, რადგან, მოიაზრებდა პროგრამის ფუნდამენტურ განახლებას, მრავლობითი კვლევის განხორციელებასა და მექანიზმების შემუშავებას, მისი მდგრადობისა და დასახული შედეგების უზრუნველყოფის მიზნით. პროგრამების დეტალური და ყოვლისმომცველი შესწავლის შედეგად დამტკიცდა, რომ ისინი დარგის თანამედროვე სტანდარტებსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამებიან. ამიტომაც, მიიჩნევს, რომ წარმატება დამსახურებული იყო.
„პროგრამებს გამოარჩევს მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობებით დატვირთული ყოველწლიური კალენდარი, რომელიც მოიცავს სტუდენტურ კონფერენციას, სხვადასხვა სახის სასერტიფიკატო კურსებს, ვორკშოპებსა და ტრენინგებს, დებატების ტურნირს და სხვა – რომლებიც სტუდენტებისათვის უფასოდ ხორციელდება. მიგვაჩნია, რომ ლექციების მიღმა წარმართული მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს სტუდენტების, როგორც თეორიული ცოდნის გამყარებას, ასევე დამატებითი პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, როგორებიცაა ლიდერობის, ორგანიზაციული, საჯარო გამოსვლის, ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის და სხვა.
„აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამების ბიუჯეტში გათვალისწინებულია სტუდენტების მხარდაჭერა საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შემთხვევაში სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსების შესაძლებლობით. და ბოლოს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებს გამოარჩევს მულტიკულტურული გარემოც, რასაც საერთაშორისო სტუდენტები და ლექტორები ქმნიან. თანამედროვე სამყაროში, მულტიკულტურულ გარემოში ფუნქციონირების გამოცდილება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა პრაქტიკული უნარები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ“, – აღნიშნავს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში ბაია ივანეიშვილი.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი 40 პროგრამა ფუნქციონირებს. მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების, ამერიკისმცოდნეობის, ინგლისური ფილოლოგიის, ჟურნალისტიკის, საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო ადმინისტრირების, მარკეტინგის, არქიტექტურის, ტურიზმის, მენეჯმენტის, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, საბუღალტრო აღიცხვისა და აუდიტის, კომპიუტერული მეცნიერებების, სამართალმცოდნეობის პროგრამები. უნივერსიტეტში ამჟამად 2100-ზე მეტი ქართველი და უცხოელი სტუდენტი სწავლობს.
- ამბის თხრობის ხელოვნება სოციალურ მედიაში – ვორქშოფი IBSU-ში by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- „სამართალი ფილმებში“ – IBSU-ში აბიტურიენტებისთვის ზამთრის სკოლაში რეგისტრაცია დაიწყო by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- დაპროგრამებაში უნივერსიტეტებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის (ACM ICPC) ნახევარფინალში IBSU-ს ორი გუნდი გადავიდა by შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი