GE

758 741 ლარი სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენის დასაბრუნებლად

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება და ბუნებრივია, ეს თარიღი პირველ რიგში ქართული ენის პირველ სახელმძღვანელოსთან, დედაენასთან, ასოცირდება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს პოპულარიზაციის მიზნით, ბოლო წლებია სოლიდურ თანხებს ხარჯავს. 1912 წლის გამოცემის მიხედვით შედგენილ სახელმძღვანელოს პირველკლასელები საჩუქრად იღებენ და პედაგოგების დიდი ნაწილი მას დამხმარე სახელმძღვანელოდ იყენებს.

იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის „დე­და­ენ­ას“ (სა­ან­ბა­ნე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შედ­გე­ნის ი. გო­გე­ბაშ­ვი­ლი­სე­ულ მე­თოდს) 2013 წელს ­მ­ატ­ერი­ალ­ური კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი მი­ენ­იჭა . 2019 წელს კი – პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კა­ნონ­ში შეტანილი ცვლილებით კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის ძეგ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შექ­მნა დააკანონა. სახელმძღვანელოს ტექსტი სპეციალურმა კომისიამ შეადგინა და ის 2019-2020 სასწავლო წლიდან პირველკლასელებს საჩუქრად გადაეცემათ.

განახლებული დედაენის პირველი ეგზემპლარები, რომელიც წიგნის პირველ და მეორე ნაწილს მოიცავდა, სკოლებს 2019-2020 სასწავლო წელს გადასცეს. მომდევნო სასწავლო წელს კი, კომპლექტს მოსწავლის რვეული და წერის დედანიც დაემატა. ორივე სასწავლო წელს დედაენის სახელმძღვანელოს შესაძენად სახელმწიფომ ჯამში 758 741 ლარი გადაიხადა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ EDU.ARIS.GE – სთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში 2019-2020 სასწავლო წლისთვის 56 500 კომპლექტი დედაენის სახელმძღვანელოს (I ნაწილი, II ნაწილი) შესყიდვა განხორციელდა, საერთო ღირებულებით 253 120 ლარი, ხოლო 2020-2021 სასწავლო წელს – 60 250 კომპლექტი დედა ენის სახელმძღვანელოს (I ნაწილი, II ნაწილი, მოსწავლის რვეული, წერის დედანი) შესყიდვა, საერთო ღირებულებით 505 621 ლარი.

2019-2020 სასწავლო წელს სკოლებს 55 452 კომპლექტი (I ნაწილი, II ნაწილი) დედაენის სახელმძღვანელო გადაეცა, ხოლო 2020-2021 სასწავლო წელს 61 298 კომპლექტი (I ნაწილი, II ნაწილი, მოსწავლის რვეული, წერის დედანი) სახელმძღვანელო.

დედაენის კომისიის წევრები წიგნის ახალ რედაქციაზე მუშაობისას საუბრობდნენ, რომ ახალი სახელმძღვანელო ერთის მხრივ დაეფუძნებოდა ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, რასაც გოგებაშვილის „დედა ენა“ ჰქვია, მეორეს მხრივ კი – გაითვალისწინებდა სწავლების მიმართ თანამედროვე მიდგომებს.

სახელმძღვანელო მეორე სასწავლო წელია უკვე სკოლებშია, თუმცა რამდენად იქნა მიღწეული კომისიის მიერ დასახული მიზნები, ეს დრომ და კვლევებმა უნდა აჩვენოს. პედაგოგების ნაწილი სახელმძღვანელოს ვერსიაში გარკვეულ ხარვეზებს ხედავს და მიიჩნევს, რომ ის თანამედროვე მოთხოვნებს ვერ პასუხობს და კიდევ უფრო მეტ დახვეწას საჭიროებს, თუმცა მატერიალური კულტურის ძეგლის მიხედვით შექმნილი წიგნის ნაკლოვანებებზე ხმამაღლა საუბარი არ სურთ.

დედაენის შესახებ საკუთარ შეხედულებებს გვიზიარებენ მოსწავლეების მშობლები. როგორც აღმოჩნდა გოგებაშვილის დედაენა საჯარო სკოლის მოსწავლეების გარდა, სურვილის შემთხვევაში კერძო სკოლების მოსწავლეებსაც უფასოდ გადაეცემათ და სასწავლო პროცესშიც სახელმძღვანელოს კერძო სკოლები უფრო აქტიურად იყენებენ.

„კერძო სკოლის მოსწავლეა ჩემი შვილი, უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებული სახელმწიფო შეღავათები ჩვენზე არ ვრცელდება და ძალიან გამიკვირდა, რომ საჩუქრად დედა ენა გადმოგვცეს, მთელი სემესტრი ამ წიგნით გავიარეთ, ბავშვობა გამახსენა და ძალიან მომეწონა, სწავლის პროცესში მასწავლებელი სხვა რესურსებსაც იყენებს, მაგრამ ძირითადი სახელმძღვანელო დედაენაა და ძალიან მიხარია“, – ამბობს პირველკლასელი მოსწავლის მშობელი ლელა ჯოხაძე.

„კერძო სკოლაში დავდივართ, პირველ სემესტრში შევიძინეთ მშობლიური ენის სახელმძღვანელო რაც სკოლამ მიგვითითა და ანბანი იმ წიგნით გაიარეს ბავშვებმა, მეორე სემესტრში კი დედაენით გავდივართ, რომელიც საჩუქრად მივიღეთ თავის რვეულებთან ერთად. თავის დროზე, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო სახელმძღვანელო იყო, თუმცა ახლანდელი ბავშვებისთვის ცოტა პრიმიტიულიც მგონია და მოძველებულიც, დამხმარე მასალად კი ბატონო და ძირითად წიგნად ისიც ძალიან კარგი იყო რაც გვქონდა ნაყიდი – ამბობს კიდევ ერთი მოსწავლის დედა ანა მალაციძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

რაც შეეხება საჯარო სკოლებს, სასწავლო დაწესებულებების დიდ ნაწილში იაკობ გოგებაშვილის დედაენას კვირაში ერთ გაკვეთილს უთმობენ, სკოლების ნაწილში კი -ყოველდღიურ რეჟიმში იყენებენ.

„მეორე კლასშია უკვე ჩემი შვილი, გასულ წელს დედაენის ორივე ნაწილი გვაჩუქეს, სხვა გრიფირებული სახელმძღვანელოც გვქონდა ძირითადი, მაგრამ მასწავლებელი ყოველდღე აძლევდა დავალებებს ორივე წიგნიდან. მე ძალიან მომწონდა, ვფიქრობ, რომ დედაენა უნიკალურია და მომავალმა თაობებმა არ უნდა დაივიწყონ, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს კარგი ნაბიჯი იყო სამინისტროს მხრიდან. კარგია ასევე ის, რომ ეს სახელმძღვანელო ბავშვს საჩუქრად რჩება და ზაფხულის პერიოდშიც კითხულობდა და იხსენებდა გავლილ მასალას, სხვა სახელმძღვანელოებს როგორც იცით სკოლას ვუბრუნებთ სასწავლო წლის ბოლოს. ჩვენ მართლაც როგორც ძეგლს ისე ვუფრთხილდებით დედაენას და სამახსოვროდ ვინახავთ“, – ამბობს ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნინო მომცემლიძე ჩვენთან საუბარში.

„სახელმძღვანელოს ავკარგიანობა უნდა შეაფასოს სპეციალისტმა, მე ნამდვილად ვერ გამოვდგები, მაგრამ როგორც მშობელს ჩემი შეხედულება მაქვს. პროფესიით პედაგოგი ვარ და ვფიქრობ ის უნიკალური ძეგლი, რაც გაგვაჩნია დედაენის სახით, შენარჩუნებული უნდა გვქონდეს. მაგრამ იმ წესით, როგორც ეს შემოიტანეს სკოლებში არ მიმაჩნია რომ სწორია. თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, უნდა იყოს ძირითადი სახელმძღვანელოს სახით და არა დამხმარედ. საჯარო სკოლის მოსწავლეა ჩემი შვილი, კვირაში ერთი გაკვეთილი აქვთ დედაენისთვის, სხვა დღეებში მშობლიური ენის სხვა სახელმძღვანელო აქვთ. ანბანს რომ სწავლობდნენ ამ ძირითადი წიგნიდან გადიოდნენ და კვირაში ერთხელ, როცა დედაენა ჰქონდათ, ნასწავლი ასოების თანმიმდევრობა ერთმანეთს არ ემთხვეოდა და ბავშვები იბნეოდნენ, მასწავლებელსაც გარკვეული ტექსტები და წინადადებების წყობა არ მოსწონდა და სულ წუწუნებდა რომ ამ სახელმძღვანელოთი სწავლება უჭირდა.

„სიტუაცია შედარებით გამოსწორდა მეორე სემესტრში, როცა ანბანის შესწავლა დაამთავრეს. ტექსტები ძირითადად ტრადიციულია იაკობ გოგებაშვილის წიგნის მიხედვით, მაგრამ კითხვები და დავალებები არის ისეთი, რაც დღევანდელობასაც ეხება. ძალიან კარგი და ლოგიკური დავალებებია მოსწავლის რვეულშიც, თუმცა არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ კუთხით ძირითადი სახელმძღვანელო და მისი რვეული უფრო მომწონს, სადაც უფრო მარტივი ტექსტებია და ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გენდერული საკითხებიც კია შეტანილი. ვფიქრობ თანამედროვე ბავშვის ემოციებთან ის სახელმძღვანელო უფრო ახლოსაა. როცა სახელმწიფო დიდ თანხებს ხარჯავს სახელმძღვანელოების მომზადებაზე, ჯობს ერთი გააკეთოს და საუკეთესო და არა ასე დანაწილებულად, ზუსტად და კარგად უნდა გათვალოს ყველა ნაბიჯი და ასევე შედეგები“, – ამბობს თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი თინათინ აბულაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

რა ტიპის ხარვეზებს ხედავენ მშობლები პირველი კლასის „დედაენაში“ და როგორია სპეციალისტების პასუხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური