GE

რა ტიპის ხარვეზებს ხედავენ მშობლები პირველი კლასის „დედაენაში“ და როგორია სპეციალისტების პასუხი

სახელმძღვანელოებზე კამათი არ წყდება. უკმაყოფილებას გამოთქვამენ მასწავლებლები, რომლებიც ამბობენ, რომ სახელმძღვანელოები ხშირად გამხდარა მათთვის ხელისშემშლელი ფაქტორი სწავლების პროცესში.  უკმაყოფილო არიან მშობლებიც. ხან რომელ წიგნზე იფეთქებს მათი უარყოფითი რეაქცია და ხან – რომელზე. უმეტესწილად, სახელმძღვანელოებზე მსჯელობა ამ საკითხში ნაკლებად კომპეტენტურის ადამიანების მიერ იმართება. შეიძლება, ერთი შეხედვით, ნებისმიერმა ადამიანმა შეაფასოს ტექსტი მოსაწონია თუ არა, მაგრამ სახელმძღვანელოს ავკარგიანობის გასარკვევად სიღრმისეული ანალიზია საჭირო.

აქვე გეტყვით, რომ არსებობს პეტიცია, რომელშიც სკოლაშ იაკობ გოგებაშვილის დედა ენის დაბრუნებას მოითხოვენ.

ამ ბოლო დროს, როგორც აღვნიშნეთ, მშობლები აქტიურობენ. ამჯერად EDU.ARIS.GE-ს ნათელა მაღლაკელიძის ჯგუფის მიერ შექმნილი პირველი კლასის „დედაენაზე“ მომართა მშობელმა, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ძალიან ცუდი წიგნია, ვინაიდან ტექსტები არ ვარგა, ბავშვთან ახლოს არ არის. მიიჩნევს, რომ სახელმძღვანელოში გასაცნობი ასოთი უნდა იწყებოდეს სიტყვა და ახალი ასოს სიტყვის შუაში მოქცევით ბავშვი იბნევა.

„კატა რომ ახატია, დადგენილია, რომ შუაში როცა არის შესასწავლი ასო, უფრო კარგად იმახსოვრებენ? და კატაში ბავშვი აუცილებლად „ტ“-ზე რომ აკეთებს აქცენტს და არა „კ“-ზე ამაზე არსებობს რაიმე სახის კვლევები? რა კვლევა ჩაატარეს, „კატათი“ რომ ასწავლი „ტ“-ს, ის „კ“-ს თან უფრო რატომ არ ასოცირდება?  როცა სიტყვაში პირველივე იწყებოდა შესასწავლი ასო, ბავშვი იმახსოვრებდა ასო-ბგერას. შუაში რომ არის შესასწავლი ასო-ბგერა უფრო უკეთესად იმახსოვრებს?“

მშობელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ანბანის რიგზეც.  მაღლაკელიძის ავტორობით გამოცემული „დედაენის“ მიხედვით და როგორც აღმოჩნდა სხვა წიგნებშიც, რომელიც გოგებაშვილის „დედაენის“ მიხედვითაა შექმნილი, ანბანთრიგის შესწავლის თანმიმდევრობა არეულია. საინტერესოა ასევე  შესასწავლი ასო-ბგერის დასურათხატება რა პრინციპით ხდება.

სანამ უშუალოდ სპეციალისტების შეფასებებზე გადავიდოდეთ, ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების გამოყენების სტატისტიკას მოგაწვდით ქართულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. ნ. მაღლაკელიძის სახელმძღვანელოთი (ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი, ნ. ღონღაძე , ქართული ენა და ლიტერატურა) ასწავლიან 946 სკოლის პირველ კლასში.

რაც შეეხება ქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წილს, რომლებიც იყენებენ ქართული ენისა და ლიტერატურის მოცემულ სახელმძღვანელოს, ზოგადი განათლების მოცემულ საფეხურზე, სურათი ასე გამოიყურება:

1. შპს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი” . ნ. გორდელაძე, გ. ჩხენკელი, თ. კუხიანიძე. დაწყებით საფეხურზე 27%.

2. შპს ,,საგამომცემლო სახლი “სწავლანი”, შპს “გაზეთი საქართველოს მაცნე” ვ. როდონაია, მ. მირიანაშვილი, ქ. თოფაძე, ლ. ვაშაკიძე, ა. არაბული, ნ. ნაკუდაშვილი, მ. ხუციშვილი, ე. ქურციკიძე. დაწყებით საფეხურზე 34%

3. შპს ”გამომცემლობა მერიდიანი”, ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი, ნ. ღონღაძე, დაწყებით საფეხურზე 48%.

როგორც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებიდან ირკვევა, ყველაზე მეტ სკოლას, 48% , დაწყებით საფეხურზე არჩეული აქვს ნ. მაღლაკელიძე, ე. მაღლაკელიძე, ც. ყურაშვილი, ნ. ღონღაძე,  ამ ჯგუფის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო, რომლის შეფასებასაც გთავაზობთ სპეციალისტების მიერ.

ჩვენი შეკითხვები მათი მისამართით იყო, რატომ ასწავლიან სკოლებში მოსწავლეს გასაცნობ ასო-ბგერას, როდესაც ის სიტყვის შუაშია და არა თავში? ამაზე თუ არსებობს რაიმე სახის კვლევები, რომ მოსწავლის ასოციაცია ნამდვილად შესასწავლი ასო–ბგერისკენ იხრება? ანბანთრიგის შესწავლის თანმიმდევრობა როგორ ჰქონდა იაკობ გოგებაშვილს და მიყვება თუ არა ამ რიგს ჩვენ მიერ განსახილველი სახელმძღვანელო და რა პრინციპით არის შერჩეული წიგნში სურათები?

ირინა სამსონია. ეროვნულ სასწავლო გეგმის სპეციალისტი. 

ქართული სახლმძღვანელობის უმეტესობა დაწყებით კლასში, გოგებაშვილის პრინციპს ეყრდნობა. ეს არის ე.წ. წერა-კითხვის სწავლების ანალიზურ-სინთეზური მეთოდი. რაც შეეხება ანბანის თანმიმდევრობას, ამ წიგნის საკრალიზება ხდება. იაკობ გოგებაშვილმა შემოიტანა თავიდან,  როგორც თვითონ ასაბუთებს თავის ნაწერებში ვიზუალური და წარმოსათქმელად შედარებით მარტივი ბგერების შესატყვისი ასოები. შემდეგ მოდის უფრო რთულად წარმოსათქმელი ასოები, როგორიცაა „ჯ, ჭ, წ“.

ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი იყო ის, რომ ეს ასოები ბევრჯერ უნდა მოხვედროდა თვალში მოსწავლეს. ბევრჯერ უნდა დაენახათ, რომ კარგად დაემახსოვრებინათ. თუ ძალიან ჩავუკირკიტებთ, გოგებაშვილის მიხედვით შექმნილი „დედაენის“ სახელმძღვანელოებში ყველგან არის ეს რიგი დარღვეული. ზუსტად არ მიყვება. ისევ და ისევ ამ პრინციპის გამო.

გოგებაშვილი პირდაპირ წერს, რომ თვალსაჩინოების პრინციპი უნდა იყოს დაცული, ანუ მოსწავლე უნდა ხედავდეს საგანს, რომელზეც ესაუბრები.  გოგებაშვილს როდესაც შემოაქვს ახალი ასო, ამ ასოს შემცველი სიტყვის შესაბამისი ნახატი შემოაქვს. დასურათხატებული აქვს. ნახატი მაქსიმალურად გასაგები, აღსაქმელი და ესთეტიკურად მიმზიდველი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, საგანი მისთვის ნაცნობი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, თუ მოსწავლისთვის უცნობ სიტყვას სთავაზობ, ეს მის დემოტივაციას იწვევს. „სიტყვები და ასოები ცალკე არა აზრს არ ხატავენო“, – ამბობდა გოგებაშვილი. ის აუცილებლად უნდა იყოს დაკავშირებული იმასთან, რასაც მოსწავლე აღიქვამს. სწორედ ამიტომ იყენებს თვალსაჩინოების პრინციპს.

გოგებაშვილთანაც არ აქვს მნიშვნელობა შესასწავლი ასო სიტყვის შუაში გვხვდება თუ  თავში. შესასწავლი ასო არ არის აუცილებელი თავში იყოს. დანარჩენი ასოები უნდა იყოს ნაცნობი. არ არის აუცილებელი პირველი იყოს.

–ამაზე თუ არსებობს რაიმე კვლევები ან დასკვნა, რომ შუაში როდესაც არის შესასწავლი ასო-ბგერა უკეთ სწავლობს მას მოსწავლე?

გოგებაშვილის „დედაენას“ თუ ჩახედავენ მშობლები, იქ არის ასეთი შემთხვევები, სადაც არ არის პირველი შესასწავლი ასო. ასეთი მკაცრი კანონი არც გოგებაშვილს ჰქონია და არც არავის და ახლა რატომ არ მოსწონთ, არ ვიცი. ასეთი დაკანონებული წესი არ არის. ყველა ასო-ბგერა არც გოგებაშვილთან შემოდის იმ სიტყვით, შესასწავლი ასო თავში რომ იყოს!

არსებული სამი მოქმედი სახელმძღვანელოდან 2 წმინდად მიყვება გოგებაშვილს. ეს არის მაღლაკელიძის ჯგუფი და გორდელაძე-ჩხენკელის ჯგუფი. მათი სახელმძღვანელოები შექმნილია ვალერიან რამიშვილის მიერ გამოცემული „დედაენის“ ადაპტირებული ვერსიების მიხედვით. არცერთში არ არის დარღვეული გოგებაშვილისეული წერა-კითხვის სწავლების მეთოდი. თემატიკაა ცოტა შეცვლილი, სავარჯიშოები, სააზროვნო მასალა.

რაც შეეხება ტექსტებს, ეს არის ძალიან რთული და აქტუალური თემა. ტექსტები სახელმძღვანელოებში შედის ისე, ან ავტორს მოსწონს, ან რაღაც აპრობირებულია. მაგრამ კვლევა, რომელიც აუცილებლად უნდა ჩატარდეს თითოეული სახელმძღვანელოს დანერგვის შემდეგ, როგორც წესი არ ტარდება. რეალურად, სახელმძღვანელოს გრიფირების შემდეგ გამოიცდება ის სკოლაში. მე ეს დიდ ხარვეზად მიმაჩნია, იმიტომ რომ წინასწარ ვერც ავტორი და ვერც შემფასებელი, თუ ძალიან თვალშისაცემი არ არის, ვერასდროს სწორად ვერ განსაზღვრავს იმ ნაკადისთვის, იმ თაობისთვის, რამდენად შესაბამისია ეს სასწავლო ტექსტი და რამდენად იმუშავებს სასწავლო პროცესში. ეს არის ჩვენი სახელმძღვანელოების პრობლემა!

გოგებაშვილმა დაახლოებით 20-ჯერ გადაამუშავა „დედაენის“ სახელმძღვანელო. ის მუდმივად ექვემდებარება გაუმჯობესებას, მაგრამ კვლევები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, 10 წლის წინ რომელი ტექსტიც შეიძლება მისაღები იყო მოსწავლეებისთვის, ამ ახალი თაობას შეიძლება დაშორებული იყოს. ამიტომ მუდმივად საჭიროებს დახვეწას, განახლებას, მაგრამ აუცილებელია კვლევების ჩატარება. საერთოდ, ეს უნდა გაკეთდეს ყველა სახელმძღვანელოზე. სახელმწიფო ამით დაინტერესებული უნდა იყოს!

გიორგი გოგოლაშვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თანათავმჯდომარე.

გოგებაშვილის „დედაენას“ მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი. ძეგლის სტატუსი მიენიჭა ანბანის სწავლების გოგებაშვილისეულ მეთოდს, ასე რომ ამ მეთოდში ანბანის თანმიმდევრობის, საანბანე სიტყვების შეცვლა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება, თუ რაიმე პრინციპული წინაარმდეგობა არ არის.  თვითნებობაა, როცა ცვლიან გოგებაშვილის საანბანე სიტყვას, ანბანის სწავლების თანამიმდევრობას!

გოგებაშვილი რომ ცვლიდა „დედა ენის“ გამოცემებს, აუმჯობესებდა და ასაბუთებდა, ახლა რაც არის გამოცემული იმ წიგნებს გაუმჯობესება არ ეტყობა. ეს არ ეხება მხოლოდ ერთ სახელმძღვანელოს, ეს ეხება სხვა გამომცემელთა მიერ გაკეთებულ დედაენებს. ყოველგვარი გააზრების გარეშე ხდება ეს ცვლილება.

გოგებაშვილი თვითონ ამბობდა, ჩემ შემდეგ თუ ცვლილებას არ შეიტანენ „დედაენაში“, „დედა ენა“ მოკვდება! მაგრამ ცვლილება უნდა შევიდეს პრინციპების დარღვევის გარეშე. ერთ მაგალითს მოვიყვან. „ჰ“-ს გოგებაშილი ასწავლის – „ჩიტი ტოტზე ჰკიდია“ – ამ წინადადებით. ანუ სამ სიტყვიანი ფრაზა. ესეც მისი პრინციპია, წინადადებით ასო-ბგერის შესწავლა და არა მარტო სიტყვებით. „ჩიტი ტოტზე ჰკიდიაში“ „ჰ“ გრამატიკულად გაუმართლებელია და ეს უნდა შეიცვალოს.  რატომ იცვლება „ნამგალი“ „გემით“, ეს ჩემთვის გაუგებარია. რამდენადაც ვიცი, 20-მდე საანბანე სიტყვა შეიცვალა მაღლაკელიძის ავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოში. ამ ცვლილების მოტივაცია გაუგებარია ჩემთვის!

რადგანაც გოგებაშვილის „დედა ენას“ აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დაიცვას ის და ვისაც როგორ მოესურვება ის ცვლილება არ შეიტანოს.

–რამდენად არის მიზანშეწონილი სიტყვის შუაში გავაცნოთ ბავშვს ასო-ბგერა?

რამდენადაც ვიცი, გოგებაშვილს „გ“-ს შესასწავლად „ნამგალი“ ჰქონდა. ან თავკიდურად უნდა იყოს ის ბგერა, რომლესაც ვასწავლით, ან ხმოვნებს შორის. ხმოვნებს შორის უფრო კარგად გამოითქმება. „ტოროლა“ ჰქონდა გოგებაშვილს „ტ“ ასოზე. თუ არის შესაძლებელი, უნდა იყოს საანბანე სიტყვა თავში. თუ არ არის შესაძლებელი, მაგალითად, „მაშათი“ ასწავლის „შ“-ს, დამარცვლას იოლად აკეთებს ბავშვი და მარცვლის დასაწყისი არის „შ“. ან „იხვით“, „ვ“-ს ასწავლის, მაგრამ მარცვლის თავშია. „კურდღელით“ “ლ“-ს ასწავლის.

უმჯობესია იყოს შესასწავლი ასო სიტყვის თავში, მაგრამ „ნამგალის“ შემთხვევაში, „გ“-ს გამონაწევრება არ გაუჭირდება. თუ არ მოიძებნა ასეთი შესაფერი სიტყვა, მაშინ იყოს ისეთი სიტყვა, როცა შესასწავლი ასო იქნება ხმოვნებს შორის, ან მარცვალს დაიწყებს.

ანბანთრიგს ასო-ბგერათა შესწავლა არ მიჰყვება. ქართულში არსებობდა სხვა გამოცემები, მეცხრამეტე, მეოცე საუკუნეში, რომელიც ანბანთრიგს მიყვებოდა, მაგრამ გოგებაშვილმა „ია“ რომ შემოიტანა პირველ გაკვეთილად, ეს არის ყველაზე დიდი მიგნება და აღმოჩენა. იოლად წარმოსათქმელია, იოლად მოსახაზია. ამის შემდეგ უკვე შემოაქვს „თ“, იმიტომ რომ გრაფიკულად „თ“  „ა“-სთან და „ი“-სთან უფრო ახლოს არის. ჯერ „ვ“ არის ანბანთრიგში, შემდეგ „კ“. ჯერ „კ“-ს ასწავლის და მერე „ვ“-ს, იმიტომ რომ „კ“-ს თავში რკალი აქვს და უფრო იოლი დასწერია ვიდრე „ვ“. ასოთა სწავლების თანამიმდევრობა დამოკიდებულია მის გრაფიკულ სახეზე და მისი გამოყენებით სიხშირეზე.

ნათელა მაღლაკელიძე. ქართული ენის მეთოდიკის დარგის მკვლევარი. მეცნიერი. სახელმძღვანელოს ავტორი.

აკროსტიხული ხერხია, როდესაც შესასწავლი ასოთი იწყება საანალიზო სიტყვა, მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ აკროსტიხული ხერხით ყველა ასო-ბგერის გაცნობა არ ხერხდება, თუნდაც იმის გამო, რომ გასაცნობი ბგერა უნდა იყოს მოქცეული ხელსაყრელ პოზიციაში, ანუ ის ამ სიტყვაში უნდა წარმოითქმებოდეს მკაფიოდ, ჩანდეს და არ ყლაპავდეს მას ბავშვი წარმოთქმისას.

ყველაზე მომგებიანი პოზიცია შესასწავლი ბგერის წარმოსათქმელად, თანხმოვან ბგერებზეა აქ, ძირითადად, საუბარი, თორემ ხმოვანს არ აქვს მნიშვნელობა, თანხმოვანი როდესაც ორ ხმოვანს შორისაა მოქცეული. ასეთ დროს ის ყოველთვის მკაფიოდ და სწორად წარმოითქმის ხოლმე.

გოგებაშვილმა „ჰ“ ბგერაზე ქართული სიტყვა ვერ მოიგონა, „ჰამაკი“ ქართული სიტყვა არაა. ის ბოცვაძე-ბურჯანაძემ გამოიყენა „დედაენაში“. იმიტომაც რომ ქართულში „ჰ“ ბგერა, ფაქტობრივად,  გვაქვს მხოლოდ პირის ნიშნებში. დანარჩენი, სადაც „ჰ“ სიტყვის თავში გვხვდება, არის ნასესხები სიტყვები. ბერძნულიდანაა შემოსული, მაგ. „ჰაერი“, „ჰავა“. დანარჩენ შემთხვევაში „ჰ“ არ გვაქვს.

ვერაფერი რომ ვერ გააწყო გოგებაშვილმა, წინადადება შეიტანა თავის წიგნში, „ჩიტი ხეზე ჰკიდია“. „ჰკიდიათი“ წინადადებით გააცნო „ჰ“ ბგერა. ეს არის გამონაკლისი. ყველგან სიტყვებით აცნობს.

მერე როდესაც ბოცვაძემ და ბურჯანაძემ გადაამუშავეს „დედაენა“ 1944 წელს, შეიტანეს უკვე „ჰამაკი“, იმიტომ რომ ქართულ მეტყველებაში დამკვიდრდა უკვე ეს სიტყვა. შემდეგ როდესაც ბატონმა ვალერიან რამიშვილმა გადაამუშავა 1969 წელს „დედაენა“, „ჰამაკი“ შეცვალა „რეჰანით“. „რეჰანში“  „ჰ“ კარგად წარმოითქმის, სიტყვის შუაშია, ორ ხმოვანს შორისაა მოქცეული. „ჰამაკში“ „ჰ“ არ ისმის, უფრო მეტსაც გეტყვით, ბავშვი „გამაკსაც“ ამბობს, მაშ სადღა წავიდა „ჰ“?

რა პრინციპით ვარჩევთ საანალიზო სიტყვებს? როგორც გოგებაშვილი ბრძანებდა, ეს ყველაზე რთული მომენტია ანბანის წიგნში. საანალიზო სიტყვა პირველი- ბავშვისთვის უნდა იყოს მახლობელი გარემოდან, მეორე – უნდა იყოს ადვილად დასასურათებელი და მესამე-უნდა შეიცავდეს საანალიზო, ახლად შესასწავლ ასო-ბგერას. ამ კუთხით თუ მივდუგებით, ძალიან რთულად მოსაძებნია ასეთი სიტყვები. ამიტომ იყო გოგებაშვილი სულ რომ ცვლიდა თავის „დედაენას“ და საანალიზო სიტყვებს. ვიღაცას კი ჰგონია, რომ გოგებაშვილმა როგორც დაწერა 1876 წელს „დედაენა“,  1912-წლამდე იმ სახით მოვიდა მისი წიგნი, მაგრამ არ ყოფილა ასე.

გოგებაშვილი წიგნში შეტანილი იყო სიტყვა „მაშა“. დღევანდელ ბავშვს შეიძლება ახლა „მაშათი“ ვასწავლოთ „შ“ ასო-ბგერა? მან არ იცის რა არის „მაშა“.  მეორე ისაა, რომ „მაშა“ ქართული სიტყვა არ გახლავთ, ბარბარიზმია, რუსულია. თავის დროზე შეიძლება იყო დამკვიდრებული ქართულ ლექსიკაში, დღეს – აღარაა.

ანბანის შედგენისას ვითვალისწინებთ გენეტურობის პრინციპს, რაც გულისმობს იმას, ესეც გოგებაშვილის დამკვიდრებულია, რომ ყოველი მომდევნო სიტყვა  წინა ასო-ბგერის ელემენტს უნდა შეიცავდეს. ავიღოთ „ი“ და „ა“. ორივე არის ნახევარრკალი. „ი“ უფრო ადვილი მოსახაზია, „ა“ შედარებით ცოტა რთული. ამიტომაც ჯერ „ი“- ს ვასწავლით, შემდეგ „ა“-ს. დასაწერად ორივე მარტივია. „ი“-ს და „ა“-ს მოხაზულობით „თ“ ჰგავს ყველაზე მეტად. ისიც შედგება რკალისაგან და ნახევარრკალისაგან. შემდეგ მოდის „ს“, ისიც თავის თავში ნახევარრკალს შეიცავს. „ს“-სთან ნათესაობაში მოდის „ხ“ – ჰგავს ერთამენთს. აი, რატომ მოიყარა თავი ი, ა, თ, ს, ხ -მ ერთად. „მ“ და „შ“ ასოები ერთმანეთთან ნათესაობაში ეცნობა იმიტომ, რომ მოხაზულობით ისინი ერთმანეთს ჰგავს.

მაშ, როდესაც ჩვენ ვალაგებთ შესასწავლ ასოებს, პირველი გენეტურობის პრინციპია, ყოველი მომდევნო წინას უნდა ჰგავდეს. მეორეა გავრცელებულობის პრინციპი, ეს ბგერა ყველაზე მეტად უნდა იყოს გავრცელებული ჩვენს მეტყველებაში. ყველაზე ხშირად უნდა ისმინებოდეს. შეიძლება რომელიმე ბგერა შედარებით ადვილი მოხაზულობისაა, მაგრამ იშვიათად გვხვდება, ან – პირიქით.

შედარებით ნაკლებად გავრცელებული ასოები, „ჭ, პ, ყ, წ“, – ეცნობა გვიან. მარტივი მოხაზულობის ასოები ეცნობა ადრე, რთული მოხაზულობის ასოები – გვიან. ამიტომ „პ“ და „ჰ“ ერთმანეთს საკმაოდ არის დაშორებული, თუმცა ჰგავს ერთმანეთს. „ჰ“ ყველაზე ნაკლებად არის გავრცელებული მეტყველებაში და ეცნობა ყველაზე გვიან. „ბ“ შეიძლება მეტყველებაში გავრცელებული ბგერაა, მაგრამ მოსახაზად ძალიან რთულია, ამიტომ ცოტა გვიან არის გადატანილი.

ბავშვისათვის ნათელი და ახლობელი უნდა იყოს საგანი და რაც მთავარია, მოსახერხებელი უნდა იყოს დასურათებისთვის. ყველა სიტყვას ვერ დაასურათებ. „მაშა“ თავის დროზე ძალიან კარგი დასასურათებელი იყო, მაგრამ დღეს „მაშა“ შეცვალა „შოშიამ“. რატომ „შოშია“? ჯერ-ერთი ორი „შ“ ბგერაა. ერთ-ერთი „შ“ სწორედ ორ ხმოვანს შორისაა მოქცეული და წარმოთქმაზე შეიძლება ვივარჯიშოთ და მერე – „შოშია“ დასასურათებლადაც ადვილია. „მაშას“ „შოშია“ სჯობს.

რაც შეეხება „ღ“-ს, ის „ღ“ ორ ხმოვანს შორისაა მოქცეული. თუმცა წლევანდელ ჩემს რედაქციაში „ფუღურო“ პირადად მე შევცვალე „ღამურათი“. „ფუღურო“ ძალიან ბევრმა ბავშვმა არ იცის, რა არის. იქ კი ხატია გამოფუღუროვებული ხე, მაგრამ სოფლის ბავშვმა იცის, ქალაქის ბავშვმა – არა. სამაგიეროდ, შევიტანეთ „ღამურა“. რომ ჩავატარე პირველკლასელებთან გამოკითხვა, ყველამ იცის “ღამურა“ „ბეტმენის“ გავლენით. არ იციან „ფუღურო“, იციან „ღამურა“.

სამაგიეროდ, “ჰ“ ბგერის გასაცნობად შევიტანე არა „რეჰანი“, კარგა ხანი მეც არ ვიცოდი, რა იყო ეს „რეჰანი“, არამედ, შევიტანე „ბეჰემოთი“, იმიტომ რომ იქ „ჰ“ ძალიან კარგად არის შუაში ჩამჯდარი, მერე მეორე, „ბეჰემოთი“ ასე თუ ისე ყველა ბავშვმა იცის, მულტფილმებიდან, ნახატებიდან, ზოოპარკიდან.

რაც შეეხება კვლევებს, არის თუ არა ჩატარებული იმის შესახებ ასო-ბგერას ბავშვი როდის უფრო კარგად სწავლობს, როცა სიტყვის თავშია თუ შუაში, მის შესახებ ბევრი უწერია პროფ. ვალერიან რამიშვილს, რომელიც თავის დროზე ამ დარგის აღიარებული სპეციალისტი იყო (გარდაიცვალა 1989 წ), ასევე პროფ. მარიამ   თალაკვაძეს. საერთოდ, ეს საკითხი სადავოდ მაშინ არავის მიაჩნდა. ახლა რატომ ატყდა ეს ამბავი, არ მესმის.

ყოველი საანალიზო სიტყვა მხოლოდ ერთ უცნობ ასო-ბგერას უნდა შეიცავდეს. თუ თავშია, უნდა იყოს ხმოვნის წინ (რომ არ დაიკარგოს წარმოთქმისას). თუ ეს არ ხერხდება, მაშინ შუაში უნდა მოვაქციოთ ხმოვნებს შორის. ასო და ბგერა ერთდროულად ეცნობა, ამიტომ  წარმოთქმასაც ისეთი მნიშვნელობა აქვს, როგორც ასოს მოხაზულობის გაცნობას. რატომღაც ბგერის წარმოთქმას არასპეციალისტები არ აქცევენ ყურადღებას!

საერთოდ, კი თუ ახალი მეთოდის დანერგვას ცდილობს ვინმე, არც ეგ არის პრობლემა. მთავარია მიზანს მიაღწიონ, პირადად, მე ამ აზრს ვიზიარებ, სხვა სხვა პოზიციაზე დგას, ბუნებრივია. ჰო, კიდევ  ამ მეთოდით ისწავლება ქართული წერა-კითხვა 1944 წლის შემდეგ (როცა ბოცვაძე-ბურჯანაძის “დედა ენა” შევიდა სკოლაში), ამ მეთოდს იყენებდა ვ. რამიშვილიც 1969 წლიდან. წერა-კითხვას ყველა სწავლობდა, ყოველ შემთხვევაში, აქამდე ეგ პრობლემა არ ყოფილა. და საერთოდ, ძალიან უმადური საქმეა ანბანის სახელმძღვანელოს შედგენა!

მანიფესტი გოგებაშვილის „დედაენის“ დაბრუნების მოთხოვნით, – იდეალური წიგნი ჩავანაცვლეთ საშინელებით

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური