GE

„აბიტურიენტებს შეგიძლიათ, თქვენი ნიშნისთვის დამახასიათებელი პროფესიებიც განიხილოთ“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნების შესაბამის პროფესიებზე

თუ გეტყვით, რომ საქართველოში ასტროლოგიით დაინტერესებულთა წრე ფართოა გაგიკვირდებათ? – რა თქმა უნდა, არა. შედარებით უნდა გაგიკვირდეთ თუ გეტყვით, რომ ასტროლოგიამ ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სფეროშიც შეაღწია. მაგალითად ინდოეთში, სადაც ასტროლოგიას აქტიურად მიჰყვებიან, უამრავი წარმატებული კომპანიის HR გუნდში ასტროლოგებსაც ასაქმებენ.

აი, რა ევალებათ მათ: ასტროლოგები ცდილობენ, პოტენციური დასაქმებულის ჰოროსკოპი კომპანიის ჰოროსკოპთან დააკავშირონ. მაგალითად, რამდენად ჰარმონიულად უკავშირდება ერთმანეთს დასასაქმებელი კადრის დაბადების და კომპანიის დაარსების რიცხვები. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი განსაზღვრავენ, რა სარგებელს მოუტანს პოტენციური დასაქმებული კომპანიას.

მაშინ, როცა EDU.ARIS.GE მთელი სასწავლო წლის მანძილზე ყველასთვის საყვარელი აბიტურიენტების დახმარებას ცდილობდა, რათა სწორი პროფესიის შერჩევა შეგძლებოდათ, რატომ არ უნდა მოისმინოთ ასტროლოგის აზრიც? განსაკუთრებით ახლა, როცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა დრო რჩება და თქვენ იმ პროფესიას ირჩევთ, რომელიც 4 წელი უნდა ისწავლოთ. აბა, გაინტერესებთ თქვენი ნიშნისთვის ყველაზე შესაფერისი პროფესია? EDU.ARIS.GE ასტროლოგს, ქეთი ვაწაძეს ესაუბრა.

– ქალბატონო ქეთი, თუ გქონიათ შემთხვევა, როცა აბიტურიენტის მშობელმა ან თავად აბიტურიენტმა მოგმართათ, რომ პროფესიის შერჩევაში ასტროლოგიური რუკის გათვალისწინებით დახმარებოდით?

– რასაკვირველია. არა მხოლოდ აბიტურიენტები და მათი მშობლები, ზოგადად, სასკოლო ასაკის ბავშვთა მშობლები განსაკუთრებული სიხშირით მოგვმართავენ ასტროლოგებს. ჩვენ ბავშვს/მოზარდს ვუდგენთ ნათალურ, იგივე პირად რუკას. რასაკვირველია, არ ვერევით და არ ვცდილობთ, რომ მისი სურვილი შევცვალოთ. ზოგჯერ ბავშვებსა და მოზარდებსაც ქვეცნობიერად აკვიატებული აქვთ, რომ უნდა გამოვიდნენ მაგალითად ექიმები, მხატვრები… ე.ი. ის ინტუიტიურად მიჰყვება თავის გზას და ხედავს საკუთარ მისიას. როცა ბავშვი ამბობს – აი, მე ეს საქმე ისე მიყვარს, უფასოდაც გავაკეთებ, სწორედ ეს პროფესიაა მისი წარმატების ადგილი.

– როცა მოგმართავენ რის მიხედვით აცნობთ მათთვის შესაბამის პროფესიებს, პრაქტიკაში როგორ ხდება?

– ზოგადად, პროფესიაზე პასუხისმგებელია რუკის მეათე სახლი. მეათე სახლის ელემენტები და პლანეტების ასპექტები. ხშირად, მეორე და მეექვსე სახლიც გვაძლევს დამატებით ინფორმაციას, მაგრამ ვისაც არ აქვს რუკა შედგენილი და არ იცის, როგორ იხელმძღვანელოს, (საუბარია ნათალურ რუკაზე), უბრალოდ მიჰყევით [საკუთარ] ინტუიციას, ის არასდროს ცდება. შინაგანად უნდა გრძნობდეთ, რომ ეს თქვენი ადგილია! ასევე, აბიტურიენტებს შეგიძლიათ, თქვენი ნიშნის პროფესიებიც განიხილოთ. ბევრი სწორედ თავისი ნიშნისთვის დამახასიათებელ პროფესიას ირჩევს და არც ცდება.

– გვესაუბრეთ ზოდიაქოებისა და მათთვის ყველაზე შესაბამისი პროფესიების შესახებ

1. ვერძი – ამ ნიშნის ადამიანი გახლავთ დამოუკიდებელი, მიზანდასახული და ინიციატივებით სავსე. აქვს დიდი ენერგია და ზოგჯერ აგრესიითაც გამოირჩევა. ვერძს უყვარს კონკურენტული გარემო და პირველობა. ისინი ყოველთვის ირჩევენ ისეთ პროფესიებს, სადაც თავიანთი ბუნების გამოხატვის საშუალება ექნებათ. ძალიან კარგად გრძნობენ თავს უფროსის, ანუ მმართველის პოზიციაზე. წარმატებულები არიან ისეთ პროფესიებში, სადაც პირველობას გამოხატავენ. მაგალითად სპორტში, სამხედრო ან საპოლიციო სამსახურში. მათი მარსიანული ბუნება კარგად ესადაგება ასევე ბროკერის, მექანიკოსის, დანტისტის, პროფესიებს. ასევე, ვერძები საუკეთესო ქირურგები არიან.

2. კურო – ხშირად ირჩევს ისეთ პროფესიებს, სადაც კომფორტულად იგრძნობს თავს. ფინანსები მათთვის მნიშვნელოვანია. უყვართ სტაბილურობა და თავიანთ მიზნებს სიმშვიდითა და მოთმინებით აღწევენ. კუროები ხელოვნების სფეროში ძალიან წარმატებულები არიან. ასევე აგრარულ და სოფლის მეურნეობის კონკრეტულ დარგებშიც. ისინი საოცარი დიზაინერები არიან. შეუძლიათ ბიზნესის სტაბილურად მართვა, ეს მათი სფეროა.

3. ტყუპები – ყველაზე ინტელექტუალური ნიშანია, რადგან მათ მართავთ მერკური – გონების პლანეტა. მათთვის აუცილებელია ჰქონდეთ ისეთი სამსახური, სადაც მაქსიმალურად გამოავლენენ საკუთარ ინტელექტს. რეპორტიორები, ჟურნალისტები, მწერლები, გამომგონებლები… არიან საუკეთესო გაყიდვების სპეციალისტები. მათთვის იდეალურია დასაქმება კომუნიკაციის სფეროში, კავშირგაბმულობაში, მარკეტოლოგიის მიმართულებით. ურთიერთობა შესანიშნავად გამოსდით და არ უყვართ ჩარჩოები.

4. კირჩხიბი – სხვათა შორის, ბევრს ორჭოფობენ გადაწყვეტილების მიღების დროს და ხშირად მისთვის ძვირფას ადამიანებს ანდობენ, გადაწყვეტილებებს. ეს იმიტომ, რომ თავიდან საკუთარი ადგილის პოვნა მათთვის რთული პროცესია. არიან საუკეთესოები მედიცინის მიმართულებით, უყვართ განათლების სფერო. შესანიშნავი მასწავლებლები არიან, პოლიტიკოსები, ფსიქოლოგები. რაც ზრუნვასა და სახლთან კავშირშია, ყველაფერი იდეალურად გამოსდით. უყვართ მცენარეებთან ურთიერთობა, კულინარია. სარესტორნო ბიზნესში ძალიან დიდ წარმატებებს აღწევენ.

5. ლომი – მათ უყვართ ყველგან თავის გამოჩენა. ცხოვრებაშიც და სცენაზეც. მათი მთავარი უნარია შთაბეჭდილება მოახდინონ გარშემომყოფებზე. ხელოვანი ხალხია. შემოქმედებითი ბუნებიდან გამომდინარე ხდებიან საუკეთესო დიზაინერები, შოუბიზნესის წარმომადგენლები, მსახიობები. ლომისთვის განსაკუთრებით სასურველია მენეჯმენტური საქმიანობა. იმისთვის, რომ იყვნენ საუკეთესოები, მათ მუდმივად სჭირდებათ დარწმუნდნენ, რომ არიან შეუცვლელნი. მუდმივას სჭირდებათ აღიარება და აპლოდისმენტები.

6. ქალწული – ყველაზე შრომისმოყვარე, მოწესრიგებული, აკურატული. სრულყოფილებას ესწრაფვის, პერფექციონისტია. უნდათ, ყველაფერი საუკეთესოდ შეასრულონ, მათ შორის რუტინული საქმეც. ყველაფერი მიჰყავთ ბოლომდე. არიან კარგი ექიმები, ექთნები, მედდები. სოციოლოგიასა და ლოჯისტიკის სფერო მათთვის შესაფერისია. ასევე ბუღალტერია და საფინანსო სფერო. ანალიტიკური და სამეცნიერო მუშაობა განსაკუთრებით იზიდავთ.

7. სასწორი – დიდი დრო სჭირდება მიიღოს გადაწყვეტილება პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით. იდეალურად გამოსდით საზოგადოებასთან ურთიერთობა და ნებისმიერ რთულ სიტუაციაში, თუნდაც ჩიხში შესული მოლაპარაკების დალაგება. არიან საუკეთესოები პოლიტიკაში, დიპლომატიაში, პიარში, მარკეტინგში, სილამაზის ინდუსტრიაში, დიზაინსა და ხელოვნებაში.

8. მორიელი – იდუმალება იზიდავთ. აქვთ საიდუმლოს მიგნების ძალიან კარგი უნარი. კარგად ერკვევიან სიტუაციებსა და ადამიანებში. არიან საუკეთესო კერძო დეტექტივები, სპეციალური სამსახურების აგენტები, პოლიციელები, გამომძიებლები. მორიელისთვის მისაღებია ისეთი სფეროები, რომელიც სამედიცინოს ეკუთვნის. სამედიცინო მიმართულებებიდან რეანიმაცია, გინეკოლოგია, რეპროდუქტოლოგია, სექსოლოგია და ჰიპნოზი – ეს დარგები შეეფერებათ. ასევე, ეკონომიკის სფერო, საბანკო, სადაზღვევო სფერო. კარგი ქიმიკოსები და ლაბორანტები არიან.

9. მშვილდოსანი – გამოირჩევა ოპტიმიზმითა და ინტერესით. უყვარს მოგზაურობა, დაკვირვება და სიახლეების ძიება. არიან კარგი მასწავლებლები, სასტუმროს მენეჯერები, მთარგმნელები, თარჯიმნები იურისტები, ფილოსოფოსები, პოლიტიკოსები, მასწავლებლები, რაც დაკავშირებულია უცხო ქვეყნებთან და მოგზაურობასთან. ეს სფეროები ძალიან იზიდავთ. თუნდაც საერთაშორისო ურთიერთობები და ტურიზმი. თუ კარგად ისწავლიან თავიანთი ემოციების მართვას, დიპლომატიურ საქმიანობაშიც ექნებათ წარმატებები.

10. თხის რქა – არის პასუხისმგებლიანი, ამბიციური და იცის საკუთარი თავის ფასი. მათგან ძალიან კარგი სახელმწიფო მოხელეები და მმართველები გამოდიან. სახელმწიფოს ადმინისტრაციულ სტრუქტურებში აღწევენ დიდ წარმატებებს. მიუხედავად იმისა, რომ კუს ნაბიჯებით მიიწევენ წინ ისინი ყოველთვის მიდიან მიზნამდე. ასევე მათთვის შესაფერისია ბიზნესის ადმინისტრატორის, მშენებლის, არქიტექტორის, სტომატოლოგის პროფესიები. კარიერული განვითარება მათთვის მნიშვნელოვანია. თუ გინდათ საქმე კარგად გაკეთდეს, თხის რქას უნდა ჩააბაროთ.

11. მერწყული – თავისუფლების მოყვარე ადამიანია. ვერ იტანს ჩარჩოებს. გახსნილი და კომუნიკაბელურია. გამომგონებლების ნიშანია. ცასთან და კოსმოსთან რაც არის კავშირში, ძირითადად იმ პროფესიებს ირჩევენ. ასტროლოგის, მფრინავის, მეცნიერის, ბორტგამცილებლის, ელექტრო ინჟინერიის მიმართულებებს, ასევე რეჟისურასა და კინოს. ტყუპების მსგავსად, იზიდავთ ინტელექტუალური საქმიანობა, ახალი ტექნოლოგიები, ციფრული მიმართულებები, სარეკლამო სფერო, ფოტოგრაფია, ოპერატორის პროფესია, ტელევიზია და რადიო.

12. თევზების – ნიშნის ქვეშ დაბადებულები მგრძნობიარე ადამიანები არიან. უფრო ისეთი სამსახური ხიბლავთ, სადაც თავიანთი მგრძნობიარე ბუნების გამოვლინების საშუალება მიეცემათ. არიან კარგი ვეტერინარები, მუსიკოსები, მოცეკვავეები, ექიმები, მასწავლებლები, ქველმოქმედები. მისტიკოსებიც არიან და ფსიქოლოგებიც. მათთვის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა ნაკლებად საინტერესოა.

ასევე იხილეთ:

აბიტურიენტის ცნობარი 2023

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური