GE

აბიტურიენტი: „გამოცდაზე დარიგებული რუკების წამოღება და ჩემი სკოლისთვის ჩუქება მომინდა“

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 24 ივლისს გაგრძელდა გეოგრაფიის გამოცდით, რომელიც წელს 2 600-ზე მეტ გამოსაცდელს აქვს არჩეული. აბიტურიენტები გამოცდას ერთ, დილის სესიაზე აბარებდნენ.

როგორც თავად გვიამბეს, ყველაზე მეტად იმ დავალებების შიში ჰქონდათ, რომლებიც ტოპოგრაფიებს, საქართველოსა და მსოფლიოს ფიზიკურ რუკებს ეხებოდა. ჩვენს კითხვაზე, რატომ? აბიტურიენტების პასუხი ასეთი გახლდათ: “სკოლებში რესურსების სიმწირეა”.

გამოცდის დასრულების შემდეგ კი გვითხრეს, რომ მათი შიში გამართლდა და სკოლებში რუკების არასაკმარისი რესურსების შესახებ ჩვენთან ღიად ისაუბრეს.

აბიტურიენტი, რომელმაც თბილისის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული სკოლა დაასრულა, EDU.ARIS.GE-სთან ჰყვება, რომ გეოგრაფიის გაკვეთილებზე პედაგოგს რუკების საკუთარი კატალოგი დაჰქონდა, რადგან სკოლას საჭირო რესურსები არ ჰქონდა.

“რუკების კატალოგი ჰქონდა მასწავლებელს, ელექტრონული ვერსიაც და წიგნის სახითაც და ეს დაჰქონდა გაკვეთილებზე. სკოლაში ამბობდნენ – “როგორ არ გვაქვს რუკებიო”, მაგრამ რომ მოვიკითხავდით, მერე არ იყო. მაინც მასწავლებელს უწევდა სახლიდან მოტანა, დიდი რუკებიც მას მოჰქონდა. ვფიქრობ, რომ ეს შესაცვლელია. სკოლებში საკმარისი რესურსი უნდა იყოს, გეოგრაფია ისეთი საგანია, რომ რუკების გამოყენება სწავლებისას აუცილებელია, გამოცდაზეც ხომ ამიტომ გვირიგებენ?!”, – გვიყვება თბილისელი აბიტურიენტი გოგონა.

ჩვენს მეორე რესპონდენტს კი კარტოგრაფობა სურს და როგორც გვიხსნის, რომ არა ის ფაქტი, რომ ოჯახის წევრი ჰყავს კარტოგრაფი, შესაბამისი რესურსებით მეცადინეობა მისთვის წარმოუდგენელი იქნებოდა.

“მამაჩემია კარტოგრაფი და ძალიან საინტერესო პროფესიაა. სხვათა შორის, საკმაოდ კარგად ანაზღაურებადიც. მამა სულ ცდილობს, რაღაცები აღმოაჩინოს და მათი გაყიდვაც შეიძლება, უცხოელებს საინტერესო აღმოჩენებში ფულის გადახდა არ ენანებათ. ვიცი, რომ ამ პროფესიის დაუფლება შემდეგ გამიჭირდება და მსოფლიო თუ საქართველოს რუკა, ოკეანეები, ზღვები, სხვადასხვა სტრატეგიული გეოგრაფიული სივრცეები ახლავე საფუძვლიანად უნდა მქონდეს შესწავლილი, რესურსები რომ არ აქვს სკოლას, ეს შეუძლებელია. პირადად მე, რესურსები არ მაკლდა, მაგრამ ეს ოჯახის და არა სკოლის დამსახურებით”, – ამბობს მომავალი კარტოგრაფი.

აბიტურიენტი გიორგი ლობჟანიძე კი გვიყვება, რომ გამოცდაზე A3 ფორმატის მსოფლიოსა და საქართველოს ფიზიკური რუკები მისცეს. აბიტურიენტი ხუმრობს, რომ ეს რუკები იმდენად მოეწონა, სურვილი გაუჩნდა, საკუთარი სკოლისთვის ეჩუქებინა.

“დარიგებული რუკების წამოღება მომინდა და ჩემი სკოლისთვის ჩუქება. იყო ძალიან ლამაზი, ფერადი რუკები, ბავშვები გამოიყენებდნენ, თუმცა წამოღება არ შეიძლებოდა”, – ხუმრობს გამოცდიდან ახლად გამოსული აბიტურიენტი.

გამოცდილი სტუდენტი, შოთა მშვიდობაძე, რომელიც წელს ეროვნულ გამოცდებს აბარებს, გვიხსნის, რომ იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც რუკებს ეხებოდა, მხოლოდ საკუთარი და უნივერსიტეტში მიღებული განათლება დაეხმარა.

“ერთ-ერთ დავალებაში აფრიკის კონტინენტის დამოკიდებულებას გვეკითხებოდნენ რუსეთ-უკრაინის ომზე. დიახ, რუკებზე იყო უმეტესი დავალება. მე ზოგადი ცოდნა დამეხმარა, სტუდენტი რომ არ ვყოფილიყავი, სკოლაში მიღებული განათლებით ნამდვილად გამიჭირდებოდა ამ დავალებების შესრულება”, – აღნიშნავს გამოსაცდელი.

ჩვენი გამოკითხული რესპონდენტების ინფორმაციით, წლევანდელი გეოგრაფიის ტესტი რთული არ ყოფილა, ტოპოგრაფიული რუკის ანალიზი, სტატისტიკური ინფორმაციები, დიაგრამა, ინფოგრაფიკა და სხვადასხვა ტიპის რუკები მოვიდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გეოგრაფიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 59, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი – 2 საათი და 40 წუთი. აბიტურიენტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ ის დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური