აბიტურიენტთა ქართულის ტესტებში მოცემულ თემებსა და სავარაუდო რთულ ვარიანტზე რეპეტიტორი საუბრობს
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რეპეტიტორი სალომე უსტარაშვილი EDU.ARIS.GE-სთან აბიტურიენტების ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტებში შეტანილ ავტორებსა და საკითხებს აფასებს და ამბობს, რომ ის თემები, რომლებზეც გამოსაცდელები მსჯელობენ, ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნული ზრდისა და ღირებულებების შესახებ მსჯელობის უნარის განვითარებას:
„ბოლო წლების ტენდენციის თანახმად, 34-ქულიანი თხზულების წერისას აბიტურიენტებს წელსაც იმ თემებზე უწევთ მსჯელობა, რომლებიც უბიძგებს არა მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოების ანალიზისკენ, არამედ საპროგრამო თუ არასაპროგრამო მასალის საზოგადოებრივ, ფსიქოლოგიურ თუ ეთიკურ კონტექსტში გააზრებისკენაც.
პიროვნული თავისუფლება და წინააღმდეგობების გადალახვა; თანადგომის მნიშვნელობა და რეალობის აღქმის პრობლემა; მორალი და მიზანი, შებრალების ძალა; საკუთარი თავის რწმენა და ბედნიერების ძიების მორალური კომპლექსურობა – როგორც ვხედავთ, ოთხივე ვარიანტში ყოფითი ხასიათის ზნეობრივ ფასეულობებზე აქცენტირებული საკითხია განსახილველი.
ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, განსაკუთრებით სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ ეს თემები ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნული ზრდისა და ღირებულებების შესახებ მსჯელობის უნარის განვითარებას“.
ქართულის სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ასეთი დავალებები რეალურად ამზადებს ახალგაზრდებს სამომავლო ცხოვრებისათვის — აჩვევს ფიქრს, პასუხისგებლობასა და ჰუმანურობაზე დაფუძნებულ მსოფლმხედველობას, თუმცა “ვეფხისტყაოსანის” შემოტანას კონტექსტიდან ამოვარდნილად მიიჩნევს.
„ცხოვრების ეს მტკიცე მორალური საყრდენები გამოსაცდელებს უნდა შეემჩნიათ, ძირითადად, მე-19-მე-20 საუკუნის ავტორთა ნაწარმოებებში. თუმცა ერთიანმა ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა არც წელს უღალატა ტრადიციას და მესამე ვარიანტის საპროგრამო ტექსტად კვლავ შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ შემოიტანა“, – აცხადებს სალომე უსტარაშვილი.
EDU.ARIS.GE-ს კითხვას, “ეთანხმება თუ არა აბიტურიენტების უმრავლესობის პოზიციას, რომ ქართულში რთულ ვარიანტად IV ვარიანტი უნდა გამოცხადდეს” რეპეტიტორი ასე პასუხობს:
„მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი მეოთხე ვარიანტის ტექსტის რედაქტირების დავალებას შედარებით რთულად ასახელებს, თუმცა, ვფიქრობ, თითოეულ ვარიანტში გასასწორებელი შეცდომები ტექსტის “ზედაპირზევე” იყო მოცემული და მათი ამოცნობა/გასწორება აპლიკანტებს არ უნდა გასჭირვებოდათ.
გარდა პირველი დავალებისა, გალაკტიონის შემოქმედების გარჩევა ერთულათ აბიტურიენტებს.
საქმე ისაა, რომ აღნიშნული ლექსი საპროგრამო ნაწარმოებია, რომელსაც წლის განმავლობაში პედაგოგთან ერთად აანალიზებენ. ეს სირთულეს აღარ უნდა წარმოადგენდეს.
ამასთან, თეზისზე მსჯელობა არ მოიაზრებს ნაწარმოების სიღრმისეულ ლიტერატურულ ანალიზს, პრობლემა ცხოვრებისეული ხასიათისაა და ნებისმიერ მოზარდს უნდა შეეძლოს წერილობითი მსჯელობის ჩამოყალიბება და აქტუალობის დასაბუთება.
ამიტომ – რომელიმე ვარიანტის მნიშვნელოვან სირთულეს ვერ გამოვყოფ, ამას საგამოცდო შედეგები გვაჩვენებს“.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც 6 წელს მიღწეულ ბავშვებს პირველ კლასში აღარ ჩარიცხავენ, ომბუდსმენი შეისწავლის
by ARIS.GE-განათლება
-
გაიზარდა 2026 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩასარიცხ აბიტურიენტთა რაოდენობები პროგრამების მიხედვით – ახალი დადგენილება
by ARIS.GE-განათლება
-
ვინ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის მოადგილე – ბიოგრაფია
by ARIS.GE-განათლება