კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ფუტსალის ჩემპიონთა ლიგისთვის ემზადება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ფუტსალის გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის წინასწარი რაუნდისთვის მზადების გადამწყვეტ ეტაპს ასრულებს და ბოსნია-ჰერცეგოვინაში გასამგზავრებლად ემზადება.
უნივერსიტეტის მიერ 23 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე გუნდი C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მთავარ რაუნდში გასასვლელად მხოლოდ პირველი ადგილის დაკავებაა საჭირო.
ბოსნიურ ქალაქ კაზინში მატჩების სერიას „კავკასიელები“ 26 აგვისტოს, გიბრალტარის ჩემპიონ „ლინქსთან“ („ყვითელ კატებთან“) დაპირისპირებით დაიწყებს, 27 აგვისტოს ქართველი ფეხბურთელები ნორვეგიის სამგზის ჩემპიონ „უტლეირას“ („ნარინჯისფერ ვეფხვებს“) შეხვდებიან, ხოლო 29 აგვისტოს ჯგუფური ეტაპის დასკვნით, გადამწყვეტ მატჩს მასპინძელ „ბუბა მარასთან“ გამართავენ – მეტოქესთან, რომელიც „კავკასიელებისთვის“ გასული წლის ჩემპიონთა ლიგიდან უკვე კარგად არის ნაცნობი.
პირველი და მეორე ტურის მატჩები თბილისის დროით 19:00 დაიწყება, ხოლო მესამე ტურის შეხვედრა 22:00 საათზე გაიმართება.
საერთაშორისო ასპარეზობამდე გუნდმა მზადების გენერალური რეპეტიცია თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში გაიარა. სომხურ კლუბ „უნისპორტთან“ გამართული ორდღიანი ამხანაგური შეხვედრები საკმაოდ დაძაბული და შედეგიანი გამოდგა: პირველი მატჩი CIU-ის გამარჯვებით, 6:4 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრაში საბრძოლო ფრე, 3:3 დაფიქსირდა.
ევროპულ სარბიელზე გამგზავრებას „კავკასიელები“ შთამბეჭდავი შიდა მიღწევებით ხვდებიან. გასულ სეზონში გუნდმა ეროვნული ჩემპიონატის ოქროს მედლები მესამედ მოიპოვა, ასევე არის ფუტსალის თასის მოქმედი გამარჯვებული.
ფუტსალის ლიგის გასული სეზონის შედეგების მიხედვით, ინდივიდუალური ჯილდოების უმრავლესობაც CIU-ის წარმომადგენლებმა დაისაკუთრეს: საუკეთესო მეკარე და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: ალი ასლანი; საუკეთესო მცველი: საბა ტყეშელაშვილი; საუკეთესო თავდამსხმელი და ბომბარდირი: ჯანიკო გიორგაია (21 გოლი); საუკეთესო მწვრთნელი: ლევან კობაიძე.
გუნდის სტაბილური წარმატება მჭიდროდ უკავშირდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკას. CIU-სთვის სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. უნივერსიტეტის მხრიდან ფინანსური თუ სხვა სახის მოტივაციური მხარდაჭერა გუნდს აძლევს შესაძლებლობას, კონცენტრირდეს მხოლოდ მაღალ სპორტულ შედეგებზე.
წინ ევროპული ფუტსალის გადამწყვეტი ბრძოლებია, სადაც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე ქართული სპორტისა და საკუთარი სასწავლებლის ღირსებას დაიცავს.
-
CIU-ში თანამედროვე სპორტული კომპლექსი და კალათბურთის აკადემია იხსნება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე – ფასები და კრიტერიუმები
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი