GE

ქართულის სპეციალისტი, როგორც აბიტურიენტის „კომპასი“ პირველი გამოცდისთვის – ყველა ნაბიჯი ტესტის წერისას

ავტორი: სალომე უსტარაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რეპეტიტორი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის.

ახლა შუაღამეა, გამთენიას ბევრი არაფერი აკლია. ვზივარ, ვასწორებ ჩემი აბიტურიენტების ბოლოს დაწერილ ნამუშევრებს და ვხვდები, რომ მათ მიღმა კიდევ 42 ათას ახალგაზრდას უძგერს გული. 2024-ის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე 24 საათიღა რჩება. კარგად მესმის თქვენი მღელვარების, ბუნებრივიცაა! თუმცა, თუ მარტივად შეხედავთ, მიხვდებით, რომ იმაზე ბევრად მეტი იცით, ვიდრე გგონიათ. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ხომ, ძირითადად, თქვენი შეხედულებებისა და შეფასებების წერილობითი დადასტურებაა.

საგანგაშო არაფერია, რედაქტირების დავალებაში ის შეცდომებია გასასწორებელი, რომლებსაც სოციალურ ქსელებსა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისედაც ხშირად აწყდებით.

წაკითხულის გააზრების დავალება, პირიქით, გეხმარებათ, იმ ტექსტს, რომელზეც მსჯელობა მოგიწევთ, უკეთ ჩაუღრმავდეთ. ისეთი დეტალები აღმოაჩინოთ, რომლებზეც, ერთი შეხედვით, შესაძლოა, არც კი გიფიქრიათ. თანაც – ამ დავალებაში როგორი მარტივია უმაღლესი ქულის მიღება?! შეგიძლიათ, არჩეული ტექსტის გააზრების პასუხები მეორე ტექსტის პასუხებსაც შეადაროთ და დარწმუნდეთ ათივეს სისწორეში (პასუხების ფურცელში მხოლოდ ერთი გრაფაა სწორი ვერსიების გადასატანად – თქვენ არსად უთითებთ, რომელ ტექსტს ირჩევთ გააზრების დავალების შესასრულებლად, ამიტომ, ლოგიკურია, რომ სწორი ვერსიები ერთმანეთს დაემთხვევა).

თხზულების წერისას ორ მთავარ პუნქტს მიანიჭეთ მნიშვნელობა: თეზისის გაცნობისას დააკვირდით – გთხოვენ, რომ იმსჯელოთ, როგორ იკვეთება აღნიშნული პრობლემა ნაწარმოებში და რამდენად აქტუალურია იგი დღეს. სწორედ ეს ორი პუნქტია, რომლებზეც თქვენი მსჯელობა უნდა ააგოთ (ნაწარმოების სიღრმისეულად გაანალიზების კრიტერიუმს 6 ქულა აქვს, აქტუალობის ჩამოყალიბებას კი – 5).

ეცადეთ, რამდენიმე საკითხი გაითვალისწინოთ წერისას:

  • დაიწყეთ მსჯელობა პრობლემის ირგვლივ ზოგადი რამდენიმე წინადადებით;
  • შემდეგ ახსენეთ, რომ აღნიშნული ავტორი სწორედ ამ საკითხს წამოჭრის თავის ნაწარმოებში;
  • დაიწყეთ მსჯელობა ტექსტზე, მასში წარმოდგენილ სიტუაციაზე, პერსონაჟებზე, ავტორის დამოკიდებულებაზე, რომელ მონაკვეთებში ჩანს თეზისში დასმული საკითხი, …;
  • აუცილებლად გახსოვდეთ, რომ ნაწარმოების შინაარსი გამსწორებელმა ისედაც ძალიან კარგად იცის, არ მოჰყვეთ თხრობას, რა ხდება ტექსტში. თქვენი შეხედულებების წარმოჩენა გაცილებით მაღალი ქულით ფასობს.
  • ნუ ინერვიულებთ ე.წ. „პარალელზე“. ხშირად ამ უკანასკნელს იმაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ ხოლმე, ვიდრე აქტუალობის აბზაცის აგებას. არც ისაა აუცილებელი, მაინცდამაინც სხვა ნაწარმოებს დაუკავშიროთ მოცემული ეპიზოდი – თქვენი ზოგადი განათლება მხოლოდ ლიტერატურული ცოდნით არ ისაზღვრება. შესაძლოა, ისტორიაში გაცილებით ძლიერები იყოთ ან კინემატოგრაფიასა თუ ხელოვნების სხვა დარგში. ამიტომ – არ არის დოგმა, რომ ალუდა ქეთელაური მხოლოდ იგისთან გააიგივოთ;
  • მით უმეტეს (სწორად შენიშნე, ცალ-ცალკე იწერება) ზოგადი განათლების კრიტერიუმს მხოლოდ და მხოლოდ სამი ქულა აქვს, ამ სამიდან 1-2 ქულის მოპოვება თქვენი ერუდირებული მსჯელობის უნარითაც კი გახლავთ შესაძლებელი.

გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდით, ოღონდ აუდიტორიაში მაშინვე ნუ შეხვალთ (1 საათი ლოდინი უფრო დამღლელი იქნება, ვიდრე წერის 3-საათიანი პროცესი).

ტესტის გახსნისთანავე შეამოწმეთ, რომელი საპროგრამო ნაწარმოებია მოსული. რამდენჯერმე გადაიკითხეთ პროზის თეზისიცა და პოეზიისაც. გონებაში აირჩიეთ, რომელ პრობლემაზე უფრო გაგიადვილდებათ მსჯელობა. არ მიაქციოთ ყურადღება, სათაური ნაცნობი ტექსტისაა თუ უცნობის. დარწმუნებულები იყავით, რომ თუ თეზისი თქვენთვის ორგანულია, ნაწარმოებსაც ძალიან მარტივად დაუკავშირებთ და მსჯელობად გაშლით.

მხოლოდ ამის შემდეგ გადადით საწყის გვერდზე და მშვიდად, აუღელვებლად შეუდექით რედაქტირების დავალების შესრულებას (გახსოვდეთ, რომ სამი საათი სამივე დავალების შესასრულებლად და პასუხების ფურცელში მშვიდად გადასატანად – სრულიად საკმარისია). დაახლოებით ნახევარი საათი გამოყავით რედაქტირებისათვის. ორჯერ წაიკითხეთ ტექსტი და შავ ფურცელზე ამოიწერეთ მხოლოდ შეცდომები. დარწმუნდით, რომ ცდომილებათა რაოდენობა არ არის არც 14-ზე ნაკლები და არც – 16-ზე მეტი. შემდეგ დაიწყეთ თეთრ ფურცელში პირველი დავალების გადატანა.

ყოველი საკითხი დასრულებისთანავე გადაათეთრეთ, გამოცდის ბოლო მომენტში რომ არ მოგიწიოთ სიჩქარით შესრულება. ქვეშ არ გაუსვათ ხაზი ნაპოვნ შეცდომებს.

ორიოდე წუთი მიეცით თქვენს თავს, რომ ამოისუნთქოთ და შეუდექით თქვენ მიერ შერჩეული ტექსტის გაცნობას. წაიკითხეთ ერთხელ, კარგად გაიაზრეთ შინაარსი და დასმული პრობლემა. შემდეგ წაიკითხეთ მეორედაც – უფრო მკაფიოდ რომ აღიქვათ მხატვრული დეტალები.

გააზრების დავალების გადატანისას გაითვალისწინეთ, რომ პირველი შეკითხვა ნუმერაციით მეორე დავალებაა (პირველი რედაქტირება იყო). ამიტომ შავ ფურცელშიც იმავენაირად დანომრეთ კითხვები.

უჯრედებში X ნიშნით შეიტანეთ პასუხები – ამ დავალებას კომპიუტერული პროგრამა გისწორებთ და მხოლოდ ამ ნიშანს სცნობს სწორ ვერსიად (არც „თოლია“ და არც უჯრედის ცენტრში დასმული წერტილი არ ჩაგეთვლებათ სწორ პასუხად).

34-ქულიანი ესეს წერა კი ბოლოს, რამდენიმე წუთის შესვენების შემდეგ დაიწყეთ. ისაუბრეთ თავისუფლად. დააფიქსირეთ თქვენი პოზიციები, რას ფიქრობთ აღნიშნულ საკითხზე, როგორ გგონიათ, რა არის პრობლემის გამოსავალი. რატომ არის დღემდე მოცემული პრობლემა აქტუალური – რით ვამტკიცებთ, რომ კვლავ საგანგაშო ვითარებაა ამ კუთხით ჩვენ ირგვლივ?! არ შეუშინდეთ განსხვავებული აზრის წარმოჩენასაც. გაითვალისწინეთ, რომ მონეტას ორი მხარე აქვს და ორიგინალური მოსაზრება თქვენი დამოუკიდებელი აზროვნების დემონსტრაციაა.

და ბოლოს,

ღელავთ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იცით და არ გსურთ, რამე დაგავიწყდეთ… როგორც კი წერის პროცესს შეუდგებით, ყალიბში მოქცეული თქვენი ცოდნა მომენტალურად გააქტიურდება. ისიამოვნეთ გამოცდით და გქონდეთ გარანტია, რომ ნაშრომს გატანებული სასიამოვნო ატმოსფერო აუცილებლად მიაღწევს გამსწორებლის ქვეცნობიერამდე.

გისურვებთ უდიდეს წარმატებას!

ამავე თემაზე:

ერთად დავწეროთ ტექსტის რედაქტირების დავალება – ნიმუში ქართულის სპეციალისტისგან 2023 წლის აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური