GE

ამ 5 კომპონენტით მოხდება სკოლის კომპლექსური შეფასება – ბერიკა შუკაკიძე

განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლების და სკოლის ხელმძღვანელების შეფასების სისტემის ცვლილება იგეგმება. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორ, ბერიკა შუკაკიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ მოხდეს სკოლების კომპლექსური შეფასება. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ ახალი ხედვის ფარგლებში სკოლების დაფინანსების სისტემაც შეიცვლება.

“მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე, მასწავლებლის შემდეგ, ყველაზე დიდ გავლენას სკოლის ხელმძღვანელობის ხარისხი ახდენს. სკოლის დირექტორობა არც პროფესია და არც თანამდებობა არ არის, ამიტომ, როცა სკოლა კარგად მუშაობს არის მასწავლებლების დამსახურება, როცა ცუდად მუშაობს, არის სკოლის დირექტორის ბრალი.

ახლა ჩვენ ვფიქრობთ სკოლის კომპლექსურ შეფასებაზე, რომელიც ხუთ კომპონენტს მოიცავს: სწავლა-სწავლების პროცესი, დისციპლინა, ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. სკოლების ეს კომპლექსური შეფასება არ იქნება დასჯაზე ორიენტირებული. არ შეიძლება, ხვალ მივადგეთ რომელიმე კონკრეტულ სკოლას და დავხუროთ, რადგან ამ ხუთი კომპონენტის მიხედვით ვერ მუშაობს კარგად. როგორ შეიძლება სახელმწიფომ დასაჯოს სკოლა იმისათვის, რომ თვითონ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას? ამიტომ სკოლის შეფასების თითოეულ ამ კომპონენტს ექნება სამი-ოთხი დონე. ვთქვათ სკოლას დავუდგინეთ, რომ ისინი არიან მესამე დონეზე. დირექტორის პასუხისმგებლობა არის ის, რომ სტრატეგიული გეგმა შეიმუშავოს და მობილიზება გააკეთოს სასწავლო პროცესის ისე, რომ მომავალ წელს ისინი გადავიდნენ მეორე დონეზე. ამისათვის მათ დასჭირდებათ მეტი თანხა. შესაბამისად, სკოლების ყბადაღებული ვაუჩერული დაფინანსება გადავა უფრო მიზნობრივ დაფინანსებაზე ანუ სადაც გვიჭირს, იქ დავხარჯავთ თანხას“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

ამასთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ თუ მასწავლებელს ერთხელ მიენიჭა სტატუსი, ეს არ ნიშნავს, რომ ის ყოველთვის კარგი მასწავლებელი იქნება, ამიტომ მასწავლებლის შეფასება ყოველწლიურად მის მიერ მიღწეული შეფასებით უნდა მოხდეს.

„დაფაზე ყველა მწვრთნელს შეუძლია მოიგოს თამაში, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელსაც უნდა მოერგოს შემდგომ ეროვნული სასწავლო გეგმა და მას უნდა მოერგოს სასკოლო სასწავლო გეგმა. როგორც ჩვენ საერთაშორისო შეფასებები გვაჩვენებს, დიდად ვერ დავიკვეხნით შედეგებით, თუმცა პროგრესი გვაქვს. განათლება არ არის იაფი პროდუქტი, ჩვენ განათლების ეროვნული მიზნები რომ დავწეროთ და ეს მასწავლებლებს ვაჩვენოთ, აბა ახლა მიაღწიეთ ამას, ეს ასე არ მოხდება. ამიტომ გაჩნდა უკვე სტატუსთან მიბმული ანაზღაურება.

თუ თქვენ, მასწავლებელს, ერთხელ სტატუსი მოგანიჭეთ, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის კარგი მასწავლებელი იქნებით. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ყოველ წელს მასწავლებლის შეფასება უნდა მოხდეს მის მიერ მიღწეული შედეგებით და შედეგი უნდა იყოს პროგრესზე ორიენტირებული და არა მაგალითად, რამდენი ათოსანი ეყოლება მას კლასში“, – აღნიშნა ბერიკა შუკაკიძემ.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური