„უცხოური ენის შესასწავლად 2-3 წელი საკმარისია“ – აბიტურიენტების პოზიციები ინგლისური ენის პირველი კლასიდან გატანაზე
2026-2027 სასწავლო წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეები პირველი უცხოური ენის (ინგლისური ენა) სწავლას II კლასიდან დაიწყებენ. აქამდე ინგლისურს ბავშვები I კლასშიც სწავლობდნენ.
სიახლეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის მიერ ქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის გადაგზავნილი საათობრივი ბადე ითვალისწინებს, რომელიც ყველასთვის სავალდებულოა.
ინგლისური ენის პირველი კლასიდან გატანის გადაწყვეტილების მიზეზებზე განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შესაბამის სამსახურში EDU.ARIS.GE-სთან საუბრისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ რომ წლიდან-წლამდე, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, აბიტურიენტების არჩევანის მიხედვით, უცხოურ ენებში უპირობო ლიდერი ინგლისურია. მათ შორის 2026 წლის აპლიკანტების 96%-მა გამოცდა სწორედ ინგლისურ ენაში ჩააბარა მაშინ, როდესაც სხვა უცხოური ენები – ფრანგული, რუსული და გერმანული, ჯამში, აბიტურიენტების მხოლოდ 4%-მა აირჩია. წელს, სამივე ენას მხოლოდ ერთი საგამოცდო დღის ერთი სესია დაეთმო, ინგლისური ენის გამოცდა კი 4 სესიად, 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
რამდენად მისაღებია სკოლებში ინგლისური ენის სწავლების ერთი წლით შემცირება, იმ ფონზე, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის ხანგრძლივობა 12-წლიანის ნაცვლად, 11 წელი ხდება [მე-12 კლასი არჩევითი იქნება] და შეძლებს თუ არა სკოლა, რომ 10-წლიანი სასწავლო პროგრამით მოსწავლეს ენა სრულყოფილად ასწავლოს? – გადავწყვიტეთ ამ საკითხებზე აბიტურიენტების მოსაზრებები მოგვესმინა – იმ ადამიანების, რომლებიც თავად ინგლისურს 1-დან მე-12 კლასების ჩათვლით სწავლობდნენ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც სწორედ ამ უცხოურ ენაში გავიდნენ ტესტირებაზე.
EDU.ARIS.GE-ს პირველი რესპონდენტი საბა კოშაძეა, რომელსაც თბილისში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან ვესაუბრეთ. აბიტურიენტი დიდ განსხვავებას ვერ ხედავს, დაწყებით საფეხურზე ინგლისური ენის სწავლა „ერთი წლით ადრე დაიწყება თუ ერთი წლით გვიან“ და საკუთარ მაგალითსაც გვიზიარებს – ამბობს, რომ თავად იმის მიუხედავად, რომ 1-ლი კლასიდან სწავლობდა ინგლისურს, უწევდა მომზადება კერძო მასწავლებელთანაც, ძირითადი ცოდნაც სწორედ მისგან ჰქონდა და არა – სკოლიდან:
„რაც უფრო პატარა იწყებს ბავშვი უცხო ენის სწავლას, მით უფრო კარგია, მაგრამ ამ სიახლით დიდ ცვლილებას ვერ ვხედავ – ერთი წლით ადრე დაიწყებს, თუ ერთი წლით გვიან, დიდი განსხვავება არ იქნება. მე მაგალითად, სკოლაში სწავლის პარალელურად, ინგლისურში ადრეული ასაკიდანვე ვემზადებოდი რეპეტიტორთან, თუმცა ძირითადი ცოდნა კერძო მასწავლებლებისგან მქონდა, ვიდრე სკოლიდან. შემდეგ ერთი წელი კიდევ ვემზადებოდი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.
ჩემი აზრით, ახალგაზრდებს მე-5 კლასიდან უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ ის საგნები, რომლებიც ეროვნულებზე უნდა ჩააბარონ. ამ საგნებისთვის უფრო მეტი დრო უნდა იყოს გამოყოფილი და მეტად კარგი სწავლება უნდა იყოს. მე ვფიქრობ, ნაკლები დრო არის სკოლაში იმისთვის, რომ სრულყოფილი საშუალო განათლება მიიღო. მასწავლებლები ცდილობენ, თავიანთი საქმის მაქსიმალურად კარგად გაკეთებას, მაგრამ ძირითადი პრობლემა მაინც დრო მგონია“.
სიახლეში პრობლემას ვერ ხედავს ზაზა ჩიქოვანი, თუმცა ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუკი დაწყებით საფეხურზე ინგლისურის სწავლება პირველივე კლასიდან დაიწყებოდა. EDU.ARIS.GE-ს შეკითხვას – რამდენად რეალურია, რომ მოსწავლემ სკოლაში ინგლისური ენის კარგად სწავლა შეძლოს, ჩვენი რესპონდენტი ასე გვპასუხობს:
„თუ მონდომებული არ ხარ, კარგად ვერ ისწავლი. თუ ნიშანსა და მედალზე პრეტენზია არ აქვს მოსწავლეს, დარწმუნებული ვარ, ისე დიდად არავინ სწავლობს სკოლაში. არის კატეგორია მასწავლებლების, რომლებიც ცდილობენ, რომ ბავშვს გაკვეთილი გასაგებად აუხსნან, თუმცა ასევე არიან პედაგოგები, რომლებიც მოვალეობის მოხდის მიზნით ხსნიან მასალას. ასეთ დროს, რომც გინდოდეს სწავლა, შესაძლოა, ვერც ისწავლო – მასწავლებელზეცაა დამოკიდებული. ჩემი აზრით, ბავშვი რაც უფრო პატარაა, მით მარტივად ითვისებს სხვადასხვა ენას. ამიტომ, აჯობებდა, რომ ინგლისური სკოლებში პირველივე კლასიდან ესწავლებინათ. მე თავად პირველი კლასიდან ვსწავლობდი, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამ საგანში ბოლო ერთი წელი ვემზადებოდი“.
პირველკლასელი რომ მხოლოდ მშობლიურ ენას სწავლობდეს – ამ სიახლეს ემხრობა ცოტნე ბუხრაშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ უცხოური ენის შესასწავლად 2-3 წელი ისედაც საკმარისია. აბიტურიენტი ამბობს, რომ თავად სკოლაში ინგლისურს ძალიან კარგად ასწავლიდნენ და ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც მხოლოდ იქ მიღებული ცოდნის იმედად გავიდა:
„მე ინგლისური ენის სწავლა სკოლაში პირველივე კლასიდან დავიწყე, თუმცა რაღაც მხრივ, მომხრე ვარ, რომ მოსწავლე პირველ კლასში მთლიანად მშობლიურ ენაზე იყოს კონცენტრირებული და არ ჰქონდეს დამატებითი ენა სასწავლი. ჩემი შეხედულებით, 2-3 წელი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მოსწავლე ინგლისური ენა კარგად ისწავლოს.
ჩემს მაგალითს გეტყვით – ინგლისურს ძალიან კარგად ვსწავლობდი, არც კერძო რეპეტიტორთან ვემზადებოდი და ერთიანი ეროვნული გამოცდა სკოლაში მიღებული ცოდნით და დიდი თავდაჯერებულობით ჩავაბარე. ბევრ ინგლისურ ლიტერატურას ვკითხულობდი, ჩემი თავი მე თვითონ მოვამზადე და ასევე, რა თქმა უნდა, კარგი მასწავლებლებიც მყავდა. სკოლამ კარგად უნდა მოამზადოს ბავშვები მათემატიკა იქნება ეს თუ ფიზიკა და ა.შ. ეს სკოლის პრესტიჟს გაზრდის და ამით ნაკლები ფულიც დაიხარჯება [კერძო რეპეტიტორებთან]“.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
გამოქვეყნდა აბიტურიენტთა შედეგები და გამსვლელი ქულა უცხოურ ენებში – გამოცდები 2026
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების წესი და პროგრამების ღირებულებები ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე – დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
გამოქვეყნდა აბიტურიენტთა შედეგები და გამსვლელი ქულა ბიოლოგიაში – გამოცდები 2026
by ARIS.GE-განათლება