ატესტატთან გათანაბრებული დიპლომის გაცემის უფლება რამდენიმე პროფესიულმა კოლეჯმა მოიპოვა – დეტალები
საქართველოში ცხრა კლასის განათლების მქონე პირს უკვე აქვს საშუალება სწავლა პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს და ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი მიიღოს. აღნიშნული პროგრამაზე მიღებას ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ პროფესიული სასწავლებელი, ქობულეთში მდებარე „ახალ ტალღა“ გამოაცხადებს, თუმცა განათლების სამინისტროში ვარაუდობენ, რომ შესაბამის ავტორიზაციას მიმდინარე წელს ჯამში 15-მდე კოლეჯი მოიპოვებს.
უწყებაში პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის პირობების ცვლილებაზეც მუშაობენ, რის შემდეგაც შესაძლოა, 15-18 წლის ახალგაზრდებს, ინტეგრირებულ კურსებზე ჩარიცხვის უპირატესი უფლება მიანიჭონ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ სამხარაძე ამბობს, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდეგ, პირს სურვილის შემთხვევაში, საშუალება ექნება სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს, რაც აქამდე შეუძლებელი იყო.
„წელს არის ის წელი, როდესაც საბაზო განათლების მქონე სტუდენტებს პირველად შეგვიძლია შევთავაზოთ პროფესიულ სწავლებასთან ერთად და პროფესიის მიღებასთან ერთად, სრული ზოგადი განათლების შესაბამისი ცოდნის დაუფლება. სამწლიანი სწავლების ციკლის დასრულების შემდეგ, მათ მიეცემათ დიპლომი. ეს იქნება, რა თქმა უნდა, პროფესიის დამდასტურებელი დიპლომი და ის ჩვეულებრივად გათანაბრებული იქნება სრული ზოგადი განათლების ატესტატთან. ეს თითქოს ადვილად ჟღერს, მაგრამ ამ სიახლის დანერგვას წლების განმავლობაში ელოდებოდნენ, როგორც პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები, ექსპერტები და ორგანიზაციები, ასევე ფართო საზოგადოება. მოგეხსენებათ, რომ ყოველწლიურად ათასობით მოზარდი ტოვებს სკოლას სავალდებულო 9 კლასის დასრულების შემდეგ, თუმცა სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ მათი ჩართულობა პროფესიულ განათლებაში ძალიან მცირეა. ამის ერთ-ერთი მიზეზი სამწუხაროდ არის ის, რომ პროფესიული განათლების სფერო ვერ სთავაზობდა მათ იმგვარ სერვისს, რომელიც ერთის მხრივ შესძენდა პროფესიულ უნარებს და მეორეს მხრივ მისცემდა სრული ზოგადი განათლების საპირწონე ცოდნას“, – ამბობს თამარ სამხარაძე.
პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში 6 კოლეჯია, რომლებსაც ინტეგრირებული პროგრამების განხორციელების უფლება გააჩნია და რამდენიმე ავტორიზაციის შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებას ელოდება.
„წელს პირველი კოლეჯი უკვე გვყავს, რომლმაც ამ ტიპის პროგრამების განხორციელების უფლება მოიპოვა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი მასთან ერთად 5 კოლეჯი ფლობს ამ უფლებას. ასევე მიმდინარე წარმოებაა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და გვაქვს მოლოდინი, რომ უახლოესი ორი თვის განმავლობაში, ჯამში 15-მდე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, როგორც საჯარო, ასევე კერძო, შეძლებს რომ ამ ინიციატივის დანერგვაში მიმდინარე წელს ჩაერთოს. მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, სამუშაო პროცესი არ შეჩერებულა არც ერთი წუთით“, – ამბობს თამარ სამხარაძე.
მისივე თქმით, ინტეგრირებული პროგრამებისთვის სასწავლო მოდულების შექმნაზე ეროვნული სასწავლო გეგმების გუნდმა პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად იმუშავა. სპეციალური კონკურსების შედეგად კი 150 -მდე მასწავლებელი იქნა შერჩეული.
„მოდულების შინაარსი დამუშავდა ეროვნული სასწავლო გეგმების გუნდის მიერ, პროფესიული განათლების ფრთასთან თანამშრომლობით. ჩვენ პროფესიულ განათლებაში უკვე რამდენიმე წელია აღარ გვაქვს საგნობრივი მიდგომა. მოგეხსენებათ, რომ გადავდგით ნაბიჯები მოდულური სწავლების მიმართულებით, გვაქვს უფრო კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც პროფესიული განათლების სივრცისთვის ბევრად უფრო მისაღები და წინგადადგმული ნაბიჯი იყო რეფორმის თვალსაზრისით. სკოლაში კი არის საგნობრივი მიმართულება, შესაბამისად ინტეგრირება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, სავალდებულო საგნობრივი სტანდარტებიდან ჩამოყალიბდა მოდულები და ამგვარად ინტეგრირდა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში.
„ერთ ერთი მთავარი კითხვა იყო, ვინ უნდა ყოფილიყო მასწავლებელი აღნიშნულ პროგრამებზე. პირველი ნაბიჯი რაც გადავდგით ეროვნული სასწავლო გეგმის ჯგუფთან და მასწავლებლის სახლთან ერთად, იყო იმ საკვალიფიკაციო ნორმებზე შეთანხმება, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ამ მოდულების სწავლებისთვის მოწვეული მასწავლებელი. ზამთარში ჩატარდა კონკურსები, რომლის ორგანიზებას ახდენდნენ თავად პროფესიული სასწავლებლები. შერჩეულ იქნა 150-მდე კანდიდატი და ამის შემდეგ დავიწყეთ მათი მომზადება, რომ შემდგომში უკვე პრაქტიკული ნაბიჯები გადადგან“, – ამბობს თამარ სამხარაძე.
ის ასევე აცხადებს, რომ პროგრამის დანერგვის შემდეგ, 15-18 წლის ადამიანების პროფესიული განათლებაში ჩართულობის მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან და მათი წახალისებისთვის პროფესიული პროგრამებზე ჩარიცხვის მიდგომების ცვლილებაზე მუშაობენ.
„იმისათვის რომ წაგვეხალისებინა ისინი, უკვე წელს ვმუშაობთ პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიდგომის ცვლილებაზე, სადაც მათ ექნებათ ერთგვარი პრიორიტეტი ამ პროგრამებზე ჩარიცხვისთვის. მიმდინარე თვეში როდესაც გამოცხადდება რეგისტრაცია, ასევე გამოცხადდება ინტეგრირებულ პროგრამებზე, სხვა პროგრამებთან ერთად“, – განმარტავს სამინისტროს წარმომადგენელი.
განათლების სისტემაში ზოგადი განათლების პროფესიულ განათლებასთან ინტეგრირების შესახებ საუბარი რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ეს საკითხი თეორიულ დონეზე პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის ფარგლებში უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა პრაქტიკაში აქამდე განხორციელებული არ ყოფილა.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები