GE

აუდიტის სამსახურმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მძიმე სისტემური დარღვევები აღმოუჩინა

„ეფექტიანობის აუდიტს სახელმწიფო ტყუილად არ ატარებს. ე.ი ხედავს,  რომ  ამ სისტემაში  მნიშვნელოვანი პრობლემებია. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას და მათ გადაჭრა სჭირდება,“ – ასეთია აუდიტის სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლის შეფასება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით.

აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ იქნა ცენტრის ეფექტიანობა ავტორიზაცია-აკრედიტაციის მიმართულებით და მათ ანგარიშში საკმაოდ ბევრი და მძიმე შენიშვნა მოხვდა, რომლის გათვალისწინებაც ეროვნულ ცენტრს მოუწევს.

მანამ, სანამ აუდიტის ანგარიში დღის სინათლეს იხილავდა და მანამ, სანამ  ჟურნალისტებს წარუდგენდნენ, EDU.ARIS.GE-მ მოახერხა მას გაცნობოდა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსთან ირაკლი წიწილაშვილთან და აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელთან ცირა ლაშქარავასთან ინტერვიუ ჩაეწერა. მათ ყველა იმ დარღვევის შესახებ გვიამბეს, რაც მოკვლევის შედეგად აკრედიტაციის გაცემისას გამოვლინდა.

-როდის ჩატარდა კვლევა და რას მოიცავდა იგი?

ირაკლი წიწილაშვილი: აუდიტის ობიექტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი იყო. თემა კი – უმაღლესი განათლების გარე ხარისხის მექანიზმები.  კვლევა ორ ეტაპად დავყავით. პირველი ეტაპი ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ აკრედიტაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების ანალიზს მოიცავდა. ანუ იმას, თუ როგორ უზრუნველყოფს ეს ორგანო უმაღლესი განათების ხარისხის განვითარებას. მეორე ეტაპი  კი თავად უნივერსიტეტების მიერ დანერგილი ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების შესწავლაა. ეს ჯერ არ დაწყებულა, თუმცა  უკვე შევარჩიეთ რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ეფექტიანობის აუდიტი ახლო მომავალში დაიწყება.

–რომელი უნივერსიტეტებია შერჩეული?

ირაკლი წიწილაშვილი: ჯერ-ჯერობით შერჩეულია ტექნიკური უნივერსიტეტი, თსუ და ილიაუნი. თუმცა, ამ სიას შეიძლება სხვა უნივერსიტეტებიც დაემატოს.

–რაც შეეხება ანგარიშს, რომელიც უკვე დამტკიცდა, ანუ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აუდიტს, რა გამოვლინდა მოკვლევით?

ირაკლი წიწილაშვილი:  კვლევა 2015 წელს ჩატარდა, თუმცა ეს არაა შესაბამისობის აუდიტი, როცა კონკრეტულ თარიღებს ვირჩევთ და ამ დროში ვანხორციელებთ მოკვლევას. ეფექტიანობის აუდიტი მომავლის ხედვას ემსახურება და დებს რეკომენდაციებს, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს. შესაბამისად, აუდიტის ანგარიშში შესულია როგორც ცენტრის 2015 წლის საქმიანობა, ისე წინა წლებისაც. ეს ყველაფერი იმისთვის დაგვჭირდა, რომ სწორი ანალიზი გაკეთებულიყო და არა მხოლოდ იმისთვის, რომ 2015  წლის დარღვევები გვენახა.

ცირა ლაშქარავა:  საუბარი ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმებზე იყო, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ანხორციელებს. გარე ხარისხის უზრუნველყოფაში ავტორიზაცია და აკრედიტაცია მოიაზრება.

მოგეხსენებათ, ავტორიზაციას უნივერსიტეტები შექმნისას გადიან, რომელიც 5 წლიანია და შემდგომ განახლებას საჭიროებს. აკრედიტაცია კი უნივერსიტეტის თითოეული პროგრამისათვის არსებობს და ავტორიზაციისაგან განსხვავებით ნებაყოფლობითია. აკრედიტირებული პროგრამა სახელმწიფო დაფინანსებაზეა მიბმული. ანუ, სტუდენტს გრანტის აღება მხოლოდ აკრეტირებულ პროგრამაზე ჩაბარებით შეუძლია. სწორედ ამიტომ ცდილობენ უნივერსიტეტები მათი პროგრამები აკრედიტირებული იყოს. რა თქმა უნდა, აქ ეროვნულ აკრეტიდაციაზეა საუბარი და არა საერთაშორისოზე, რომელიც ზოგიერთ უნივერსიტეტს ასევე აქვს.

ამა თუ იმ პროგრამისათვის აკრედიტაციის მისანიჭებლად გარკვეული პროცედურა არსებობს. მაგალითად, როცა  თსუ-ის რომელიმე პროფესორი პროგრამას დაწერს და  იგი აკრედიტაციისათვის  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიდის, ამისათვის გარკვეული საფასურის გადახდაა საჭირო. გადახდის შემდეგ, 90 დღის განმავლობაში, ეროვნულმა ცენტრმა მოთხვნა ან უნდა დააკმაყოფილოს, ან უარით გაისტუმროს.

–რას ეხება თქვენი შენიშვნები?

ცირა ლაშქარავა: ჩვენი ძირითადი მიგნება სტანდარტებს ეხება. ეროვნული სტანდარტების შედგენა 2010 წელს დაიწყეს. აკრედიტაციების გაცემა კი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, 2011 წლიდან დაიწყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევისწავლეთ პროგრამები, რომელთაც აკრედიტაცია 2011 წლიდან მიენიჭათ.

როდესაც უნივერსიტეტი ეროვნულ ცენტრში აკრედიტაციაზე მოთხოვნას შეიტანს, უმაღლეს სასწავლებელში ცენტრის მიერ დაქირავებული ექსპერტი მიდის, რომელიც ამოწმებს თუ რამდენად შეესაბამება პროგრამა აკრედიტაციის  ეროვნულ სტანდარტებს. ცენტრს აქვს სტანდარტები, რომელიც უმაღლესმა აკრედიტაციის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს. თუმცა, ისინი ნათლად და მკაფიოდ განსაზღვრული არაა.

ექსპერტებთან მიმართებაში კი შემდეგი პრობლემა გამოიკვეთა: ცენტრის მიერ ექსპერტები მიმართულების მიხედვით არ იყო შერჩეული. 29 %-ის შემთხვევაში შერჩეულ ექსპერტთა ჯგუფი შესაბამისი დარგის სპეციალისტებს არ მოიცავდა. ანუ, მარტივად რომ ავხსნათ, იყო შემთხვევები, როცა დავუშვათ ისტორიის პროგრამის შესაფასებლად  ქიმიის სპეციალისტი იყო გაგზავნილი.

ასევე შეუსაბამო იყო ექსპერტების რაოდენობაც.  მაგალითად აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივლენილი იყო დავუშვათ ხუთი ექსპერტი, როცა შესაფასებელი 20 პროგრამა იყო. თანაც, ვადების პრობლემაც ჰქონდათ –  ამ ექსპერტებს 5 დღეზე ნაკლები დრო ჰქონდათ მოსამზადებლად.

–5 დღე ხომ ძალიან ცოტაა?

ცირა ლაშქარავა: დიახ, ძალიან ცოტაა. ცენტრს არ ჰქონდა მექანიზმი ვადების დასარეგულირებლად.  ჩვენ 2011 წლიდან მოყოლებული 2015 წლის სექტემბრამდე ყველა ასეთი ვიზიტი შევისწავლეთ და აღმოჩნდა, რომ  ექსპერტს პროგრამის შესასწავლად 5 დღე ეძლეოდა და 29 %-ის შემთხვევაში ეს 5 დღეც არ იყო გამოყენებული.

ანუ, პრობლემა იყო ის, რომ ექსპერტი მისი სპეციალობის მიმართულებით არ იყო გაგზავნილი და ის, რომ 2-3 ექსპერტს 5–დღეზე ნაკლებ დროში 20-30 პროგრამის შესწავლა ევალებოდა. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით კი, ექსპერტებს ერთი პროგრამის შესასწავლად მინიმუმ ორთვიანი ვადა ეძლევა, ზოგჯერ 6–თვიანი და ერთწლიანიც კი.

პრობლემები გამოვლინდა აკრედიტაციის საბჭოსთან დაკავშირებითაც. პროცედურის ჯაჭვს გავყვეთ – როცა ექსპერტი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიდის და პროგრამას აფასებს, დასკვნას წერს. შემდეგ მის დასკვნას  ეროვნულ ცენტრში აკრედიტაციის საბჭო განიხილავს, რომელსაც განათლების მინისტრი წარადგენს და პრემიერი ნიშნავს. სხდომაზე საბჭო ექსპერტის დასკვნაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას იღებს – მიანიჭონ თუ არა პროგრამას აკრედიტაცია.

–ანუ, დასკვნა თუ ნაჩქარევადაა მოპოვებული და ხარვეზებითაა, გამოდის, რომ საბჭოც შეცდომაში შედის?

ცირა ლაშქარავა: რა თქმა უნდა. ამიტომაც ვანიჭებთ ამხელა მნიშვნელობას ექსპერტის სწორად შერჩევას. საბჭო დაახლოებით  თვეში ერთხელ იკრიბება. ზაფხულში უფრო ხშირად. თავიდან, 2011-2012 წლებში, როცა ეს აკრედიტაციები შემოიღეს და უნივერსიტეტებმა მისი მიღება დაიწყეს,  ცენტრს სირთულეები ჰქონდა, რადგან მათ ერთბაშად ბევრი საქმე მიაწყდათ. რა თქმა უნდა, ყველა უნივერსიტეტს მოუნდა მათი პროგრამები აკრედიტირებული ყოფილიყო და ყველამ ერთად მოითხოვა.  ამიტომ, ამ წლებში ცენტრში შედარებით ქაოტური მდგომარეობა იყო და ეს ანგარიშშიც გავითვალისწინეთ. იყო შემთხვევები, როცა საბჭოს სხდომაზე ერთ დღეში 100-200 პროგრამის საკითხი განიხილებოდა.

–ამ შემთხვევაში ხარისხი ხომ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება?

ირაკლი წიწილაშვილი: აქ უკვე ფორმალობამდე მივდივართ. ანუ, აკრედიტაცია ფორმალურად ენიჭებოდა და არა შესწავლისა და რეკომენდაციების გათვალისწინების შედეგად.

ცირა ლაშქარავა: ჩვენი ერთ-ერთი მიგნებაა ისიც, რომ აკრედიტაციის საბჭოს წევრებს არ აქვთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ ექსპერტის დასკვნას გაეცნონ. ამის მექანიზმი არ არსებობს. იყო შეთხვევები, როცა ექსპერტის დასკვნის დასრულების თარიღი და საბჭოს სხდომის დღე ერთმანეთს ემთხვეოდა. ანუ,  ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოს ერთი დღეც კი არ ჰქონდა პროგრამის გასაცნობად. რა თქმა უნდა, ექსპრეტის მოსაზრებას  უნდა დავეყრდნოთ, მაგრამ ობიექტურობისათვის საჭიროა ისინი თავადაც ეცნობოდნენ პროგრამას.

როგორც წეღან  ვთქვი, როდესაც უნივერსიტეტი აკრედიტაციის საფასურს გადაიხდის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პასუხი 90 დღეში უნდა გასცეს – ან დააკმაყოფილოს, ან არ დააკმაყოფილოს. ჩვენი შესწავლით კი აღმოჩნდა, რომ ცენტრს ამისათვის 26 დღეზე ნაკლები ჰქონდა გამოყენებული. ანუ, ამ 90 დღეს არ იყენებდნენ. არადა ეს კარგი იქნებოდა, რადგან ექსპერტსაც და საბჭოს წევრსაც საკუთარი საქმის გასაკეთებლად მეტი დრო ექნებოდათ.

რთულია ანალიზის ჩატარება ნამდვილად საჭიროა თუ არა ეს 90 დღე და რაში ხარჯავენ. როგორც ჩანს, ამის ანალიზს თავადაც ვერ აკეთებენ, რადგან სხვადასხა შემთხვევებში ექსპერტის მოსაძიებლად ცენტრი ხან 1 დღეს ხარჯავს, ხან 10-ს და ხანაც 20-ს. ადმინისტრაციულ საკითხებს ხან 1 დღეში წყვეტენ, ხანაც 30 დღე სჭირდებათ. ეს იმის ბრალია, რომ არ აქვთ გაწერილი მექანიზმი, თუ რას რამდენი დრო უნდა დაეთმოს. ჩვენი რეკომენდაციაც ის იყო, რომ შიდა პროცედურები ერთგვაროვანი გაეხადათ.

ირაკლი წიწილაშვილი: ამ დროს კი ეროვნული ცენტრი ამ ვადის 180 დღემდე გახანგრძლივებას ითხოვს, რაც არალოგიკურია. რატომაა საჭირო ამ ვადის გახანგრძლივება, როცა არსებულ ვადას – 90 დღესაც კი არ იყენებენ სრულად?  იმის ნაცვლად, რომ შიდა სამზარეულო უკეთ დაალაგონ, ვადის გაზრდას ითხოვენ. 180 დღე ნახევარი წელია. 90  დღიან ვადაში თუ ბოლო  5 დღეში წყვეტენ ყველაფერს, 180 დღიან ვადაში ბოლო 10 დღეში გადაწყვეტენ. ამიტომ, ამ ვადის გაზრდაზე ჩვენ რეკომენდაცია არ მიგვიცია.

ცირა ლაშქარავა: ჩვენ საბჭოს სხდომებსაც დავესწარით, წევრებიც გამოვკითხეთ და უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც და აღმოვაჩინეთ, რომ სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს წევრს შესასწავლად და შესაფასებლად მხოლოდ ექსპერტის დასკვნა აქვთ.  უნივერსიტეტის მხრიდან  რაიმე წერილობითი შენიშვნა მათ არ მიეწოდებათ. ანუ, უნივერსიტეტს არ ეძლევა საშუალება საბჭოს თავისი არგუმენტები და განმარტება წარუდგინოს. რა თქმა უნდა, ექსპერტს ვენდობით, მაგრამ უნივერსიტეტებსაც ხომ უნდა მოვუსმინოთ, რათა საბჭო მიკერძოებული არ იყოს და მხოლოდ ერთი მხარის დასკვნას არ ეყრდნობოდეს. უნივერსიტეტებს თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალება მხოლოდ ზეპირი ფორმით ეძლევათ და ეს არცთუ კარგია. წარმოიდგინეთ, როცა საბჭოს წევრები ერთ დღეში 20-30 პროგრამას განიხილავენ, დაღლილები ზეპირად რომ უსმენენ ვიღაცას, ობიექტური და სწორი გადაწყვეტილების მიღება ხომ რთულია.

ამიტომ, ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ შეიმუშავონ მექანიზმი – როცა საბჭოს წევრს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე ექსპერტის დასკვნა მიუვა, თან უნივერსიტეტების მოსაზრებაც ახლდეს დასკვნასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი პრობლემა შემდეგში მდგომარეობდა: მოგეხსენებათ აკრედიტაციის ვადა  5– წლიანია, თუმცა უნივერსიტეტები ყოველწლიურად ცენტრს წარუდგენენ ანგარიშს. რაც საშუალებას აძლევს მათ გააცნონ ცენტრს  პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები. ანუ, ესაა თვითშეფასების ანგარიში, რომელსაც უნივერსიტეტის ხარისხის სამსახური და პროგრამის ხელმძღვანელი  წელიწადში ერთხელ წერენ. ამის ფორმაც არსებობს, რომელიც  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს შემუშავებული აქვს. უნივერსიტეტები კანონით ვალდებულნი არიან იგი ყოველ წელს შეავსონ. თუმცა, ჩვენი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ წლიური თვითშეფასების საფუძველზე ცენტრის მხრიდან არც ერთი მონიტორინგის ვიზიტი არ განხორციელებულა. არ მინდა ვთქვა, რომ ამ თვითშეფასების ანგარიშებს არავინ კითხულობს, მაგრამ ასე ჩანს.

ირაკლი წიწილაშვილი: ჩვენს ანგარიშს რომ წაიკითხვათ, შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ დარღვევები კი არის, მაგრამ უმნიშვნელო. არადა რეალურად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ერთგვარი ტვინია, ჰაბი, რომელიც ყველა ინფორმაციას იღებს, უნდა დაახარისხოს და უკანვე გაუშვას. შესაძლოა, საზოგადოება ამ უწყებას ნაკლებად იცნობს, მაგრამ ის ქვეყნისათვის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულებაა. მასზე ქვეყნის მომავალია დამოკიდებული და დიდი პასუხისმგებლობა აქვს აღებული. სწორედ ამიტომ, ის შენიშვნები, რაც ჩვენს ანგარიშში მოხვდა, ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

–ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება თუ არა გასულ წლებში გაცემული აკრედიტაციები ეჭქვეშ დადგეს?

–ირაკლი წიწილაშვილი: ჩვენ ვამბობთ, რომ ხარისხი გასაუმჯობესებელია. ამ კუთხით თუ ამბობთ, კი, შეიძლება ასე შევხედოთ.

–ანუ, იყო პროგრამები, რომლებიც რეალურად აკრედიტაციას არ იმსახურებდნენ, მაგრამ მიიღეს?

ირაკლი წიწილაშვილი: მაგას ჩვენ ვერ ვიტყვით. ზოგი უნივერსიტეტი კარგია, ზოგი საშუალო, ზოგიც  – არც ისე კარგი. ბევრი უნივერსიტეტია, რომელიც აკრედიტაციას გაივლიდა, მაგრამ იმასაც ვხვდებით, რომ არის პროგრამები, რომლებიც ვერ გაივლიდნენ, ეს ფილტრი კარგად რომ მუშაობდეს. ამიტომ, სიტყვა ეჭვი შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ კონკრეტულ უნივერსიტეტებს ვერ დავასახელებთ.

ცირა ლაშქარავა: უნივერსიტეტებს, როგორც კერძოს, ისე სახელმწიფოს აქვთ შესაძლებლობა ხარისხი თავადვე გაზარდონ, იმის მიუხედავდ, თუ რას ითხოვს ეროვნული ცენტრი. ანუ, იმის მიუხედავად თუ რამდენად სწორად მიუგზავნეს ექსპერტი, მას შეუძლია, ხარისხზე იზრუნოს და ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. ეს კეთილი ნებაა.

–მაგრამ ეს ალბათ ნაკლებსავარაუდოა. თუკი უნივერსიტეტს ეცოდინება, რომ იგი აკრედიტაციას ნაკლები ძალისხმევითაც მიიღებს, რატომ დახარჯავს მეტს?

ცირა ლაშქარავა: ამიტომ ვამბოთ, რომ ამის რისკი არსებობს, მით უმეტეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. კერძოს მეტი მოტივაცია აქვს.

ირაკლი წიწილაშვილი: აქ საუბარი იმაზეა, რომ მინიმალური ხარისხის ზღვარი მაღალი იყოს. სტანდარტის დაკმაყოფილება საუკეთესოობას არ ნიშნავს. სტანდარტი იმას ნიშნავს, რომ ესაა სახელმწიფოსთვის მისაღები, გონივრული ხარისხი, მაგრამ მათ შეუძლიათ განვითარდნენ და ჰარვარდის დონეზე ავიდნენ.

ჩვენ საუბარი იმაზე გვაქვს, რომ ეს ხარისხის გონივრული ზღვარი უფრო მაღლა უნდა გადიოდეს, ამ დროს კი დაბლა გადის. როცა ამ ზღვარს ავამაღლებთ, ეს კონკურენციას კიდევ უფრო მძაფრს გახდის, რადგან  ის უნივერსიტეტი, რომელიც ერთი ან ხუთი წლის წინ თავს კომფორტულად გრძნობდა, დღეს ვეღარ იგრძნობს. სახელმწიფოს მიერ დადგენილი ზღვარი მინიმალურია და თუკი უნივერსიტეტებს უპირატესობის მოპოვება უნდათ, კიდევ უფრო უნდა განვითარდნენ.

–დასკვნის სახით, რა წარმოაჩინა აუდიტმა – არის თუ არა ეს უწყება ავტორიზაცია – აკრედიტაციის მიმარულებით ეფექტური?

ირაკლი წიწილაშვილი: საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ეფექტიანობის აუდიტი სხვა  აუდიტებისაგან განსხვავებით საბოლოო დასკვნის გაცემას არ ითვალისწინებს. ანუ, ვერ იტყვის იგი  დადებითია თუ უარყოფითი. შესაბამისად, ასეთ კონკრეტულ დასკვნას ვერ გავაკეთებთ, ჩვენ აქცენტს მთავარ პრობლემებზე ვაკეთებთ – რა პრობლემები და სისტემური ხარვეზებია და მათი გაუმჯობესების გზებზე რეკომენდაციებს გავცემთ.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეფექტიანობის აუდიტს სახელმწიფო ტყუილად არ ატარებს. ე.ი ხედავს, რომ  ამ სისტემაში  მნიშვნელოვანი პრობლემებია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუდიტის ობიექტი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას და მათ გადაჭრა სჭირდება.

მკაცრდება თუ არა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მინიჭების პროცედურა

თაკო არის© მათეშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური