მკაცრდება თუ არა უმაღლესი სასწავლებლებისთვის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მინიჭების პროცედურა
,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია–აკრედიტაციის კუთხით ცვლილებები იგეგმება. კანონპროექტი, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა უკვე განიხილა და პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზეც გაიტანეს. როგორც დოკუმენტშია მითითებული ცვლილებების მიზანი უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის და აკრედიტაციის სტრუქტურის შინაარსობრივი გადახედვაა. ,,დღეს არსებული ფორმა მინიმალურ სტანდარტს ადგენს. არსებულმა რეალობამ დაკარგა ეფექტური მექანიზმის ფუნქცია და ფორმალური ხასიათი მიიღო, არსებობს მისი შეცვლის აუცილებლობა” – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებაში. კონკრეტულად რის შეცვლა იგეგმება აკრედიტაცია-ავტორიზაციის პროცესში, რა კუთხით რთულდება მოთხოვნები და სტანდარტები და გაართმევენ თუ არა თავს ახალ მოთხოვნებს უმაღლესი სასწავლებლები – აღნიშნულ საკითხებზე Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი შარვაშიძე ესაუბრა:
–ცვლილებების ძირითადი მიზანია ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესება. ეს არის ამომავალი პრინციპი. ცვლილებების მთელი პაკეტია, თუმცა ძირითადი გახლავთ ის, რომ შეცვლილია ავტორიზაცია-აკრედიტაციის სტანდარტები და სტრუქტურის შინაარსი. ახალი მოთხოვნები სრულ შესაბამისობაშია იმ ვალდებულებებთან, რაც საქართველომ თავის თავზე აიღო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერით.
–უფრო კონკრეტულად გვითხარით, რას გულისხმობს ცვლილებები?
–ავტორიზაცია, აკრედიტაციის დღემდე არსებული სისტემა არ იძლეოდა საშუალებას, რომ მომხდარიყო საბოლოო გადაწყვეტილების პროფესიული გასაჩივრება. ავტორიზაციის თუ აკრედიტაციის საბჭოებს ჰქონდათ ძალიან ლიმიტირებული სტანდარტები, ისინი უმაღლეს სასწავლებლებს ეუბნებოდნენ ან კი-ს ან არას. არ არსებობდა მექანიზმი ამ გადაწყვეტილებების გადახედვისათვის. ამ კანონპროექტით კი შეიქმნება სააპელაციო კომისია, სადაც მოხდება გადაწყვეტილების გასაჩივრება. თუმცა სააპელაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ის უკან დაუბრუნებს საბჭოს ამა თუ იმ უმაღლესთან თუ სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რომელზეც თავიდან უნდა მოხდეს მსჯელობა. ეს არის აუცილებელი დონე, სანამ უმაღლესი სასწავლებელი პირდაპირ სასამართლოს მიმართავენ. მეორე სიახლეა ავტორიზაცია-აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილების და საქმიანობის წესებში ცვლილებები…
–ფართოვდება საბჭოების უფლებები თუ პირიქით იზღუდება?
–ასე ცალსახად ვერ ვიტყვით. პრინციპულად სულ სხვა რამ ხდება. აი მაგალითად, უმაღლესებს აქვთ გარკვეული გადაცდომები, თუმცა არც ძალიან მნიშვნელოვანი, რომელთა აღმოსაფხვრელად საჭიროა დრო – აი აქ საბჭოს შემოაქვს მონიტორინგის პირობით, პირობითი აკრედიტაციის უფლება. ანუ უმაღლესი აგრძელებს პირობითი ავტორიზაცია-აკრედიტაციის ფარგლებში ჩვეულებრივ საქმიანობას და პარალელურად ცდილობს აღმოფხვრას ხარვეზები. ყველა ცვლილების ამოსავალი წერტილი გახლავთ ის, რომ პროცესი უნდა იყოს ხარისხის ამაღლებაზე ორიენტირებული. არ უნდა იყოს აღქმული როგორც სადამსჯელო პროცესი. როდესაც უმაღლესი სასწავლებელი ქმნის თვითშეფასების დოკუმენტს ის უნდა ემსახურებოდეს პროცესების დახვეწას და არ უნდა შეიქმნას პრინციპით: დავწერე, დავდე და ხუთი წლის მერე არ უნდა გაახსენდეს რომ ისევ დასაწერია.
–როგორც ცნობილია, იცვლება როგორც ავტორიზაციის, ასევე აკრედიტაციის ვადები, რითაა ეს ცვლილებები ნაკარნახევი?
–დიახ, ასეა. ვადებიც გადაიხედა. ავტორიზაციის ვადა 5 წლის ნაცვლად განისაზღვრა 6 წლით. აკრედიტაციის კი 7 წლით. კანონში აქამდე აშკარა შეუსაბამობას ჰქონდა ადგილი. 5 წლიან ავტორიზაციას ვაძლევდით სასწავლებელს რომელსაც ჰქონდა 6 წლიანი სასწავლო ციკლი, მაგალითად სამედიცინოს. აკრედიტაციის ვადის გაზრდას რაც შეეხება, მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ვნახოთ დასაქმების მაჩვენებელი, რადგან ეს პროცესის შეფასებისას მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომლითაც უნდა ხდებოდეს ხარისხის შეფასება. კიდევ ერთი უხერხული მომენტი იყო: სტრატეგიული განვითარების გეგმას უმაღლეს სასწავლებლებს ვთხოვდით 6 წლიანს და ამასობაში ავტორიზაციას ვაძლევდით 5 წლიანს. ეს უზუსტობაც გამოსწორდება.
–ავტორიზაციის პროცესში სამი მიმართულებით ფასდებოდა სასწავლებელი. როგორც ვიცი, ეს პარამეტრები გაიზარდა. თუ კანონპროექტი დამტკიცდა, რა კრიტერიუმების წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებს სასწავლებელი ავტორიზაციას?
–ავტორიზაციის მოქმედი სამი სტანდარტისგან განსხვავებით, ახალი სტანდარტები დეტალურ მოთხოვნებს დაუწესებენ – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას, სტრატეგიულ ხედვას ადამის განვითარებას; დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურასა და მართვას; სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლა- სწავლების პროცესის სრულფასოვან უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას; კვლევის, განვითარებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობას. ავტორიზაციის განახლებული სტანდარტები ორიენტირებული იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალის, მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსების, საგანმანათლებლო პროგრამისა და დაწესებულების მიერ მიღწეული შედეგების შეფასებაზე, რაც განათლების ხარისხის რეალური სურათის შეფასების საშუალებას უზრუნველყოფს.
–ავტორიზაცია –აკრედიტაციისთვის დაწესებული ფიქსირებული გადასახადი ხომ არ მოიმატებს ან დაიკლებს?
–რადგან აკრედიტაცია-ავტორიზაციის ვადები გაიზარდა, ეს პირიქით, შეღავათს მისცემს უმაღლეს სასწავლებლებს, უფრო ნაკლები დანახარჯი ექნებათ. თანხა იგივე დარჩება. არ ვთვლი, რომ გადასახადი საკმაოდ მაღალია. ეს არის სწორედ ის თანხა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩადებული ნებისმიერი სასწავლებლის განვითარების ბიუჯეტში. ეს სწორედ ის თანხაა რომელიც სჭირდება ექსპერტების დაქირავებას და საქმის შესწავლას…
–კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ძველი წესი არაეფექტურია და ავტორიზაცია-აკრედიტაციის მოპოვება უმაღლესი სასწავლებლებისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბევრი სასწავლებელი წარმატებით ვეღარ გაივლის აკრედიტაციას და ავტორიზაციის პროცესს?
–ამ კანონპროექტის მიზანი ვინმეს დასჯა არ არის, პირიქით, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ხარისხიან განათლებას. თუმცა ხარისხი აუცილებლად უნდა იყოს. ალბათ, იქნებიან უმაღლესი სკოლები, რომლებიც ამ პროცესს ვერ გაივლიან და ეს სავსებით ნორმალურია. და იქნებიან ისეთებიც, ვინც დაძლევენ. ჩვენი მიზანი არ არის, წესი წესისთვის შემოვიტანოთ და ვნახოთ ვინ გაცურავს და ვინ არა. სახელმწიფო მაქსიმალურად დაეხმარება სასწავლებლებს. ბიუჯეტში გათვლილია 5 მილიონი ლარი, საკმაოდ სოლიდური თანხა, იმისთვის, რომ უმაღლესებმა თუ საჭიროდ ჩათვლიან, იზრუნონ ხარისხის გაუმჯობესებაზე. ადრე ასე არ იყო; ახლა კი შეუძლიათ ეს სახსრები გამოიყენონ. საუბარია სახელმწიფო სასწავლებლებზე, კერძოებს კი კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ. რა თქმა უნდა მათაც მოუწევთ ამ პროცესში მონაწილეობის მიღება.
–და ბოლოს, ბატონო გიორგი თავად უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელი პირების მოსაზრებებს თუ გაეცანით კანონპროექტთან დაკავშირებით?
–საბედნიეროდ ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც სადღაც კაბინეტში მომზადდა და ახლა მთელი სისტემა დადგება სიახლის წინაშე. ყველა, ვისაც შეეხება ეს კანონპროექტი მისი მთავარი პრინციპებისა და დიზაინის შექმნაში მონაწილეობდა. უმაღლესები მზად არიან. მათი მონაწილეობა თავიდანვე საჭიროა და ეს მხოლოდ სტექიჰოლდერების გადასაწყვეტი არ არის. გადაწყვეტილების მიღებამდე პროფესიული განსჯა ძალიან კარგი ფორმატია.
„ეს უნივერსიტეტის დამოუკიდებლობაში ჩარევაა”,- რა ხარვეზებს ხედავენ მეცნიერების სტატუსის განსაზღვრაში
ეკა არის© წივწივაძე
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი