GE

ახდენს თუ არა მშობლიური ენა გავლენას ადამიანის მათემატიკურ შესაძლებლობებზე

თუ ზრდასრულ ადამიანს ოთხმოცდათორმეტის დაწერას თხოვენ, ამას დაუფიქრებლად, ყოველგვარი გართულების გარეშე შეძლებს. ასაკის მატებასთან ერთად, კავშირი რიცხვსა და მის დასახელებას შორის იმდენად მყარდება, რომ მას ავტომატურად ვცნობთ. 92-ის აღწერა ინგლისურში არც ისე მარტივია. ზოგ ევროპულ ენაში საქმე კიდევ უფრო რთულადაა და ის არა მხოლოდ სემანტიკას ეხება.

ჯერ კიდევ 1798 წელს მეცნიერები თვლიდნენ რომ ენას, რომელზეც ადამიანი დათვლას სწავლობს, მის მათემატიკურ შესაძლებლობებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ამიტომ, მეოცე საუკუნეში, ერთ-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ თავის დათვლის სისტემას გადახედა და ის უფრო მარტივი გახადა.

რომელია დათვლის საუკეთესო ხერხი? დღეს თითქმის ყველა ქვეყანაში თვლის ათობითი სისტემა გამოიყენება. ყველაზე ლოგიკური სისტემები ათობითი სტრუქტურის ამსახველ სიტყვებს იყენებენ და მათ გასაგები წესები აქვთ. თუმცა ბევრ ენაში ეს წესები რთული და არეულია. მაგალითად, ფრანგულში ციფრი 92 – quatre-vingt douze ჟღერს როგორც ,,ოთხჯერ 20 და 12“. დანიურში 92 – tooghalvfems, სადაც halvfems აღნიშნავს 90 (შემოღებული ძველი სკანდინავიური სიტყვა halvfemsindstyve, ,,ოთხნახეავრჯერ 20“).

ინგლისურში ისეთი ციფრები როგორიცაა twelve (12) ან eleven (11) თავის სტრუქტურაზე პრაქტიკულად არაფერს გვეუბნებიან. ისინი ძველი საქსონური ellevan და twelif-დან (რომლებიც ნიშნავს ,,დარჩა ერთი“ და ,,დარჩა ორი“- მას შემდეგ, რაც გამოაკლეს 10) წარმოიქმნა.

მათგან განსხვავებით ლიტერატურულ ჩინურ ენაში (პუტუნხუა) ათეულებსა და ერთეულებს შორის კავშირი გასაგებია. 92 პირდაპირ თარგმანში იქნება ,,ცხრა ათი ორი“. იაპონურ და კორეულ ენებშიც მსგავსი წესები გამოიყენება. ფსიქოლოგები ასეთ სისტემებს გამჭვირვალესა და ნათელს უწოდებენ. კავშირი ციფრებსა და მათ დასახელებებს შორის გასაგები და ლოგიკურია.

რა ზეგავლენას ახდენს ენა ადამიანის მათემატიკურ შესაძლებლობებზე

ჩნდება უფრო და უფრო მეტი მტკიცებულება იმისა, რომ დათვლის სისტემის სირთულესა და ადამიანის მათემატიკურ შესაძლებლობებს შორის კავშირი არსებობს. მაგალითად ბავშვებს აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მრავალნიშნა ციფრის წარმოების არსი უკეთესად ესმით. ერთ-ერთი კვლევის დროს პირველი კლასის მოსწავლეებს ციფრების გამოსახვა (მაგალითად, 42) ათეულებისა და ერთეულების აღმნიშვნელი კუბიკების საშუალებით სთხოვეს. ამერიკელი, ფრანგი და შვედი მოსწავლეები ციფრს ორმოცდაორი კუბიკისგან აწყობდნენ, მაშინ როდესაც პატარა კორეელებმა და იაპონელებმა ოთხი ცალი ათეულებისა და ორი ცალი ერთეულების აღმნიშვნელი კუბიკი გამოიყენეს. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთ პატარა ასაკშიც კი, ენა ადამიანის მიერ ციფრის წარმოსახვაზე ზეგავლენას ახდენს.

სავსებით შესაძლებელია არსებობდეს ბევრი მიზეზი, რომელთა გამო სხვადასხვა ქვეყნის ბავშვებს განსხვავებული მათემატიკური შესაძლებლობები აქვთ. მაგალითად როგორ ასწავლიან მათ მათემატიკას ან როგორ ზრუნავენ საერთო განათლებაზე. ამ ფაქტორების გათვალისწინებით განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებზე საუბარი რთულია. თუმცა სასაუბრო ენა რაღაცის ახსნაში მაინც გვეხმარება.

თანამედროვე უელსულ ენაში ციფრების წარმოება ძალიან მარტივი და გასაგებია. ციფრი 92- naw deg dau, ანუ ,,ცხრა ათი ორი“ პრაქტიკულად ისე ჟღერს, როგორც აღმოსავლეთ აზიის ენებში. ხოლო უელსური ენის ძველ, ტრადიციულ სისტემაში 92 იქნება – dau ar ddeg a phedwar ugain, ანუ ,,ორი ათთან და ოთხჯერ ოცი“.

ახალი სისტემა არგენტინაში მცხოვრებმა უელსის დიასპორის წარმომადგენელმა შექმნა. ბიზნესმენმა ის ბუღალტერიის მარტივად საწარმოებლად შეიმუშავა. თუმცა 1940-იან წლებში სისტემა უელსის სკოლებმაც შემოიღეს.

დღეს უელსში მოსწავლეების 80% ინგლისურ ენაზე, დანარჩენი 20% კი თანამედროვე უელსურზე სწავლობს. ეს ექსპერიმენტის ჩასატარებლად იდეალური გარემოა: ბავშვები სხვადასხვა ენაზე ანალოგიურ სასკოლო პროგრამას გადიან და ისინი ერთი სოციალური გარემოდან არიან. მათ მაგალითზე აღმოსავლეთსა და დასავლეთში მიღებული დათვლის სისტემების შედარება შეგვიძლია.

ექსპერიმენტის დროს ექვსი წლის ბავშვების მიერ ორნიშნა ციფრების აღქმის უნარი შეაფასეს. მათ სთხოვეს დასახელებული ციფრები ჰორიზონტალურ ხაზზე (მის ერთ ბოლოზე 0, მეორეზე კი 100 იყო აღნიშნული) მოენიშნათ. ამოცანა მოსწავლეების ორივე ჯგუფმა შეასრულა, მაგრამ ბავშვებმა, რომლებიც სკოლაში უელსურ ენაზე სწავლობენ მას თავი უფრო დიდი წარმატებით გაართვეს. კვლევის წამყვანი ავტორის, ენ დაუკერის აზრით, ეს იმიტომ მოხდა, რომ ამ ბავშვებს ორნიშნა ციფრებსა და მათ ურთიერთკავშირზე უკეთესი წარმოდგენა აქვთ.

ზოგიერთ ენაში ორნიშნა რიცხვში ათეულებმა და ერთეულებმა ადგილები გაცვალეს. მაგალითად ნიდერლანდურში 94 იწერება როგორც vierennegentig (ანუ ,,ოთხი და 90“) ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება აისახოს დათვლის მსგავსი სისტემა განსაზღვრული მათემატიკური დავალებების შესრულებაზე.

მაგალითად ჰოლანდიელი ბაღის მოსწავლეებს ინგლისელებთან შედარებით ორნიშნა რიცხვის წარმოება გაუჭირდათ. თანაც ისინი ასაკით უფრო დიდები იყვნენ (საბავშვო ბაღი ნიდერლანდებში დიდ ბრიტანეთთან შედარებით გვიან იწყება). თუმცა ყველა სხვა დავალებას ბავშვები ერთნარად გაუმკლავდნენ (დათვლა, წერტილების რაოდენობის დაჯგუფება და შედარება, ერთნიშნა ციფრების ზრდის მიხედვით დალაგება). კვლევის ავტორის, ირო ზინიდუ-დერვუს აზრით, ამგვარ შედეგებში მთავარ როლს ენა თამაშობს. მისი აზრით, ბავშვები გაგონილ ციფრს, მაგალითად 38, ჯერ თავისთვის წარმოთქვამენ და შემდეგ განსაზღვრავენ მის ადგილს რიცხვით მონაკვეთზე. ნიდერლანდურ ენას დამატებითი გონებრივი ძალისხმევა სჭირდება, ბავშვმა დასახელებულ რიცხვში ჯერ ციფრები უნდა გადააადგილოს, რომელიც ჟღერს როგორც ,,რვა და 30“. ეს დამატებითი მენტალური დატვირთვა კი საბოლოო შედეგზე აისახება.

იბადება კითხვა, თუ როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს მათემატიკა, თუ მათ მშობლიურ ენას დათვლის რთული სისტემა აქვს? მკვლევარების აზრით საკითხის ამგვარად ფორმულირება არასწორია. მათი თქმით, მშობლებსა და პედაგოგებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათემატიკის შესწავლისას წამოჭრილი სირთულეები შეიძლება დათვლის რთულ სისტემასთან იყოს დაკავშირებული.

ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთნაირ ციფრებს გამოვიყენებთ, სიტყვებს, რომელთაც მათ ვუწოდებთ, მათ აღქმაზე ზეგავლენა შეუძლიათ.

ამბობენ, რომ მათემატიკა უნივერსალური ენაა, თუმცა ეს მთლად ასეც არაა.

წყარო: bbc

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური