GE

„ბალანსის მოძებნა განათლებასა და გართობას შორის შესაძლებელია სწორედ მუზეუმში“

ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძალიან მნიშვნელოვანი და უძვირფასესი ნაწილი სამუზეუმო ფონდებშია დაცული. ამ რესურსების სასწავლო პროცესში გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს და დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია სწავლების ხარისხზე.

სამუზეუმო განათლების საქმეში ერთნაირად მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის მუზეუმების ჩართულობა, როგორებიცაა: ისტორიული მუზეუმები, მუზეუმ-ნაკრძალები, საუნივერსიტეტო მუზეუმები, ხელოვნების მუზეუმები.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სკოლების მოსწავლეებისთვის უკვე დანერგილია სამუზეუმო პედაგოგიკა და ბალანსის პოვნა გართობასა და განათლებას შორის, სწორედ მუზეუმშია შესაძლებელი. ამის შესახებ მან 17 მაისს, „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

„სწორედ ეროვნული მუზეუმი იყო პიონერი, როდესაც სამუზეუმო პედაგოგიკა, როგორც ასეთი, მეთოდოლოგია შემოიტანა. წარსულში ჩვენ დავდიოდით სკოლებიდან მუზეუმში, ავტობუსში ჩაგვსვამდნენ, მივდიოდით და უკან მოვდიოდით. სწორედ ამ პროგრამების მომზადება, სხვადასხვა ტიპის ბანაკების მომზადება და სწორედ ამ ბალანსის მოძებნა განათლებასა და გართობას შორის, არის სწორედ ეს ადგილი“, – განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში შესვლა თავისუფალი იქნება. მათ შორის, საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, მთელი დღის მანძილზე ღია იქნება გიორგი ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური