GE

1 წლის დაკარგვა თუ „უკეთესი“ არჩევანი? – მოსწავლეები სკოლაში 9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხურის იდეაზე

ეროვნულ სასწავლო გეგმაში აქამდე უცნობი და ფუნდამენტური ცვლილების შესაძლო განხორციელების თაობაზე ინფორმაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აპრილის დასაწყისში დაადასტურა. გიორგი ამილახვარმა თქმით, იდეას, რომლის თანახმად, სკოლის საბაზო საფეხური 9-ის ნაცვლად 10-წლიანი გახდება, სასკოლო საზოგადოებისგანაც დიდი მხარდაჭერა აქვს. სასკოლო საზოგადოება კი უპირველესად მოსწავლეები არიან და საინტერესოა, რას ფიქრობენ თავად მოსწავლეები, რომლებსაც აღნიშნული ინიციატივა ყველაზე მეტად შეეხებათ.

„შეუძლებელია 2084 საჯარო სკოლა იდენტური სასწავლო გეგმით ახორციელებდეს სასწავლო პროცესს. ჩვენ უნდა დავუტოვოთ სასკოლო საზოგადოებას, სასკოლო ადმინისტრაციას და მასწავლებლებს თავისუფალი გადაწყვეტის საშუალებები, თუ როგორ მიაღწიონ ზოგადი განათლებით ეროვნული მიზნების გზებს“, – ფაქტობრივად ასე ახსნა მინისტრმა იდეა, რომლის განხორციელებაზე მსჯელობაც, მისივე თქმით, განათლების სამინისტროში უკვე დაწყებულია.

9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხური სკოლაში – „ფუნდამენტური ცვლილება“ განათლების სამინისტროში განიხილება

განათლების სისტემაში ქრონიკული გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარების გზების ძიებისას საბაზო განათლების ხანგრძლივობის გადახედვას, წლების განმავლობაში არაერთი მინისტრი გეგმავდა. ყველაზე აქტიურად ამაზე და განათლების სისტემის ე.წ. ბრიტანულ მოდელზე გადასვლაზე, ჯერ კიდევ გიორგი მარგველაშვილის მინისტრობის დროს იყო საუბარი. თუმცა, მაშინ იდეა იდეად დარჩა და კანონპროექტის სახეც არ მიუღია. მათ, ვინც აღნიშნული ცვლილების მომხრენი არიან, არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ სავალდებულო ათი კლასის დამთავრების შემდეგ, მოსწავლეებს სასკოლო საგნებში მეტი საბაზო ცოდნა და უნარ-ჩვევები ექნებათ. ამ ასაკში ისინი მეტად ქმედუნარიანები იქნებიან და იმის მზაობაც ექნებათ, უკეთ გადაწყვიტონ, სწავლას უმაღლესში გააგრძელებენ, პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარებენ თუ შრომით ბაზარზე გავლენ. მე-11 და მე-12 კლასი კი, უფრო მეტად იქნება ორიენტირებული პროფილურ სწავლებასა და უმაღლეს განათლებაზე.

როგორც ჩანს, სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოების იმ ნაწილს არ წარმოადგენენ, რომლებიც გიორგი ამილახვარმა იდეის მხარდამჭერებში იგულისხმა, რადგან 9 წლის ნაცვლად, 10-წლიანი საბაზო საფეხურის შემოღების თემაზე მოსწავლეებთან საუბრისას, რამდენიმე ისეთი მიმართულება და პრობლემა გამოიკვეთა, რომლებზე ყურადღების გამახვილება, განათლების სამინისტროს მიერ ინიციატივის განხილვისას მნიშვნელოვანი იქნება. EDU.ARIS.GE-მ სხვადასხვა კლასისა და სკოლის არაერთი მოსწავლე ჩაწერა და სტატიაში რამდენიმეს პოზიციას გაგიზიარებთ.

მე-11 კლასის მოსწავლე, ლევანი მიიჩნევს, რომ იდეის განხორციელებისას მთელი საქართველოს მასშტაბით ერთნაირი მიდგომა არასწორი იქნება. მისი აზრით, საბაზო საფეხურის 1 წლით გახანგრძლივება გარკვეულწილად ლოგიკური და მისასალმებელია, მაგრამ ფიქრობს, რომ რეგიონებში ამის გაკეთება გართულდება.

სავალდებულო საბაზო საფეხურის ვადის გაზრდა რომ გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის რეგიონების მოსწავლეებს, ამას კონკრეტული მაგალითით გვიხსნის იმერეთის ერთ-ერთი სოფლის მე-10 კლასის მოსწავლე გიორგი, რომელიც გვიმხელს, რომ მისი რამდენიმე თანატოლი სავალდებულო 9 კლასის დასრულების შემდეგ გავიდა სკოლიდან და საოჯახო სამეურნეო საქმიანობაში ჩაერთო. რამდენიმემ კი, გაჭირვების გამო მუშაობა დაიწყო და ოჯახს ფინანსურად ეხმარება. სწორედ ამაში ხედავს ის პრობლემას.

„ამ ახალგაზრდებისთვის კიდევ 1 წლით სკოლაში დარჩენა, ალბათ, არ იქნებოდა კარგი. მათ სხვა, ფინანსური პრობლემების მოგვარება უწევთ და კარგია, რომ ამის შესაძლებლობა დროულად მიეცათ. სამწუხაროდ, რეგიონებში მსგავსი პრობლემების წინაშე ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ჩემი თანატოლები, რაც ძალიან ცუდია. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ადამიანმა სკოლაში სრული და უმაღლესი განათლებაც უნდა მიიღოს და ამიტომაც ვაპირებ სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარებას“, – ამბობს გიორგი.

ინიციატივას არ ეთანხმება მე-12 კლასელი ნუცა. მისი არგუმენტი ისაა, რომ ადამიანს, თავისი ნიჭის გამომჟღავნებისა და მისთვის საინტერესო საქმიანობის შესწავლის შესაძლებლობა მე-9 კლასის დასრულებისთანავე უნდა ჰქონდეს.

„მოზარდმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სწავლის გაგრძელებას აპირებს თუ არა. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების გააზრებულად მიღების უნარი, ადამიანს, 9 კლასის დამთავრების შემდეგაც აქვს. მყავდა ერთი კლასელი, ნიკა, რომელსაც პროგრამირება აინტერესებდა. მე-9 კლასიდან გავიდა, დაეუფლა ამ პროფესიას და დღეს უკვე სამსახური აქვს. საბაზო სავალდებულო განათლება 10-წლიანი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, ნიკა წელს ტყუილად დაკარგავდა“, – აცხადებს ნუცა.

ჩვენს კიდევ ერთ რესპონდენტს, მე-8 კლასელ გაბრიელს, უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ სამომავლოდ უმაღლესი განათლების მიღებას არ აპირებს. კულინარიით არის დაინტერესებული და გეგმავს, ცხრაწლიანი საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ, ამ პროფესიას დაეუფლოს:

„პროფესიულ სასწავლებელში მინდა სწავლის გაგრძელება და ძალიან ცუდი იქნება, თუ საბაზო განათლების ხანგრძლივობას გაზრდიან. გამოდის, პროფესიაში შესვლას 1 წლით დავაგვიანებ“.

მე-9 კლასიდან გასული და ამჟამად უკვე დასაქმებული მეგობრების გამოცდილება გაგვიზიარა მე-12 კლასის მოსწავლე მარიამმა, რომელიც მიიჩნევს, რომ საბაზო საფეხურის ვადის გაზრდის შემთხვევაში, მისი მეგობრების დასაქმება ერთი წლით მაინც დაიგვიანებდა. გარდა ამისა, ჩვენთან საუბარში მარიამი იმ პრობლემაზეც საუბრობს, რომლის გადაჭრაც, განათლების სისტემის მმართველების მიერ, სკოლებისა და მოსწავლეებისთვის უმნიშვნელოვანესია:

„სწავლების ხარისხი უნდა შეიცვალოს, თორემ საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლას რა აზრი აქვს? ისედაც, ამ იდეას არ ვეთანხმები. ვფიქრობ, რაც უფრო მალე ექნებათ ბავშვებს შესაძლებლობა ის საგნები ისწავლონ, რომლებიც მართლა უყვართ და აინტერესებთ, უკეთესი იქნება. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ადამიანმა 12-კლასი უნდა დაამთავროს და უმაღლესი განათლებაც მიიღოს, მაგრამ ბევრი ნაცნობი მყავს, ვინც მე-9 კლასიდან გავიდა და უკვე მუშაობს. მათთვის, ეს ინიციატივა, დროის კარგვა იქნებოდა“.

EDU.ARIS.GE-მ ისეთი მოსწავლეც იპოვა, ვინც საბაზო საფეხურის გაზრდის მომხრეა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლე ელენეს საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის გაზრდის ინიციატივა მოსწონს და მისი არგუმენტი ის არის, რომ ადამიანი 16 წლის ასაკში უფრო გააზრებულად გადაწყვეტს, სწავლა გააგრძელოს თუ არა. ელენეს აზრით, სავალდებულო 10 კლასის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებს პროფესიის არჩევაც უფრო გაუადვილდებათ.

„მომწონს ეს ინიციატივა. ვფიქრობ, მაღალ კლასებში ბევრი საინტერესო რამ ისწავლება და არავინ უნდა გავიდეს სკოლიდან. არ მგონია მე-9 კლასში ბავშვი იმდენად ჩამოყალიბებული იყოს, რომ სწავლის გაგრძელება-არგაგრძელებასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. 16 წლის ასაკში კი, უფრო გააზრებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის, ვინც სკოლაში დარჩება, უფრო ჩამოყალიბებული იქნება, რა პროფესიის არჩევა სურს და მე-11-მე-12 კლასებში საჭირო საგნების შესწავლაზე იქნება ორიენტირებული“, – ასეთია ელენეს პოზიცია.

განათლების სამინისტროში განხილვის პროცესში არსებული იდეის დადებითი და უარყოფითი მხარეების უკეთ გასაგებად EDU.ARIS.GE რამდენიმე პედაგოგსაც ესაუბრა.

მასწავლებლები ამბობენ, რომ საკითხთან დაკავშირებით უფრო გამოკვეთილი მოსაზრება ინიციატივის მეტი დეტალის გასაჯაროების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი, მათი ზოგადი აზრი თითქმის იდენტურია – საბაზო სავალდებულო განათლების 10-წლამდე გაზრდას არანაირი შედეგი არ ექნება, თუ განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა.

„თუ დაფინანსების სისტემა და საერთოდ ეს სფერო ასეთი დარჩა, არაფერი შეიცვლება. საკითხავი ისაა, რას იძლევა საბაზო საფეხური და რამდენად იქნება მეათე კლასის შემდეგ ბავშვი საბაზო ცოდნით აღჭურვილი. ამას ძალიან ბევრი რამ განაპირობებს და მხოლოდ წლების გახანგრძლივება შედეგს ვერ მოგვცემს. უხარისხო განათლება უხარისხოდ დარჩება 9 წლის პირობებშიც და 10 წლის შემთხვევაშიც. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. შედეგი თუ გვინდა, განათლების ხარისხი უნდა გავზარდოთ“, – აცხადებენ პედაგოგები და იმედს გამოთქვამენ, რომ ინიციატივის საჯარო განხილვების პროცესში საკუთარი აზრის დაფიქსირებისა და მოსაზრებების წარდგენის საშუალება ექნებათ.

დარჩება თუ არა საბაზო საფეხურის 10-წლამდე გაზრდის იდეა იდეად გიორგი ამილახვარის მინისტრობის დროსაც, დრო გვიჩვენებს. EDU.ARIS.GE საკითხთან დაკავშირებით სიახლეებს ეტაპობრივად მოგაწვდით.

ასევე იხილეთ:

დაიწყება თუ არა სკოლაში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება? – რა პასუხი აქვს განათლების მინისტრს

მოსწავლეები გაცდენების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სკოლაში მოწყენილობას ასახელებენ – საქართველოს შედეგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური