ბათუმის საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს
პირველი სამედიცინო უნივერსიტეტი ბათუმში უცხოურმა კომპანია „ბაუ გლობალმა“ გახსნა. ბაუს საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტიში ჯერ მხოლოდ უცხოელი სტუდენტები ჰყავთ. სამედიცინო განათლების მისაღებად საქართველოში 6 სტუდენტი: სირიიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან და გერმანიიდან ჩამოვიდა.
მედიცინის ფაკულტეტის დეკანის განცხადებით, აკრედიტაციის გავლა უნივერსიტეტმა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდეგ შეძლო, რის გამოც ქართველი სტუდენტების მიღება სასწავლებელმა მიმდინარე წელს ვერ შეძლო.
Aris.ge-განათლებასთან საუბრისას ლეილა ახვლედიანი ამბობს, რომ დაწესებულებაში სტუდენტებისთვის განსაკუთრებული პირობებია შექმნილი. დაწესებულება თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით არის აღჭურვილი. პროფესორების უმრავლესობა კი თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და სტამბულის „ბაუ გლობალის“ სამედიცინო ფაკულტეტიდან არიან მოწვეული. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. შესაბამისად, უნივერსიტეტში განათლების მისაღებად ქართველ და უცხოელ სტუდენტებსაც განსაკუთრებული ფასის გადახდა მოუწევთ.
„საქართველოს მოქალაქეებისთვის წლიური გადასახადი 7 900 დოლარს შეადგენს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქე წლიურად 14 900 დოლარს იხდის. მიმდინარე წელს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უნივერსიტეტმა ერთჯერადად გამოუყო გრანტი, სტიპენდიის სახით 2 500 დოლარის ოდენობით, რის გამოც თითოეული სტუდენტი ამ ეტაპზე მხოლოდ 12 400 დოლარს იხდის.
სამწუხაროდ, აკრედიტაცია ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ვერ მოვასწარით, რის გამოც ქართველი სტუდენტები ჩვენს უნივერსიტეტში წელს ვერ მოხვდნენ. იმედი გვაქვს მომავალ წელს აუცილებლად მივიღებთ ქართველ სტუდენტებსაც. სასწავლებელში ჯერჯერობით მხოლოდ მედიცინის ფაკულტეტი ფუნქციონირებს და გვყავს 6 სტუდენტი. გარდა ამისა, გვყავს მოსამზადებელი კურსი ინგლისურ ენაში – 16 სტუდენტი“, – აცხადებს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი.
„ბაუ გლობალი“ უნივერსიტეტებს მსოფლიოს შვიდ ქვეყანაში ფლობს. კომპანიის თავმჯდომარე ენვერ იუჯელი აცხადებს, რომ „ამავე დაწესებულებაში მოსამზადებელი კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს საშუალება ექნებათ, აირჩიონ სად ისურვებენ სწავლის გაგრძელებას.“
თურქულმა კომპანიამ კლინიკა და უნივერსიტეტი ერთ დაწესებულებაში გააერთიანა, რაც სტუდენტებს მეტი სამედიცინო პრაქტიკის მიღების საშუალებას მისცემს. ამ ეტაპზე კლინიკა ლიცენზიის მიღების მოლოდინშია და ფუნქციონირებას ამის შემდეგ დაიწყებს.
როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, საერთო ჯამში ბაუს საერთაშორისო სამედიცინო უნივერსიტეტი 350 წტუდენტზეა გათვლილი. სამომავლოდ დაგეგმილია სტომატოლოგიისა და ტურიზმის ფაკულტეტების გახსნაც.
მაია შავაძე – ბათუმი
- 2025 წლის საგამოცდო პროგრამები ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის by აბიტურიენტებისათვის
- არსებითი სახელის მართლწერასთან დაკავშირებული საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი
- 2025 წლის აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით გამოქვეყნდა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე