თინათინ სადუნიშვილი: „ძალიან მინდა, მეცნიერება საქართველოში რეალურად იყოს პრიორიტეტული“
რუბრიკა: „გაიცანი მეცნიერი“
„მთელი ცხოვრება კვლევით საქმიანობას ვეწევი. ეს ჩემი საყვარელი საქმეა. მიმაჩნია, რომ მეცნიერება სწორედ კვლევით ინსტიტუტებში უნდა განვითარდეს“, – აცხადებს EDU.ARIS.GE-სთან ინტერვიუში აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი. აღტაცებით საუბრობს მისი ხელმძღვანელობით თუ მონაწილეობით განხორციელებული კვლევების შედეგებზე, რომლებსაც ქართველი მეცნიერების მიღწევასა და დიდ წარმატებას უწოდებს. მათგან ერთ-ერთი, ახალი ბაქტერიული ვირუსის აღმოჩენა და ვირუსების ახალი გვარის შემოღებაა. შესაძლებელია ამ ვირუსმა სამომავლოდ სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში უდიდესი როლი ითამაშოს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე შხამქიმიკატები ჩაანაცვლოს. არც მისი მედიცინაში გამოყენებაა გამორიცხული. ამ ფონზე, პროფესიით ბიოლოგი სადუნიშვილი, თამამად ამბობს, რომ ქართველ მეცნიერებს მეცნიერების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
2013 წლიდან აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიას ხელმძღვანელობს. სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში მიწვეული იყო პროფესორად თუ მკვლევრად. არის მონოგრაფიისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოშიც წლებია ეწევა, რადგან მიაჩნია, რომ მეცნიერმა თავისი ცოდნა და გამოცდილება მომავალ თაობებს უნდა გაუზიაროს. EDU.ARIS.GE-ს კი იმას უზიარებს, რატომ არის ბიოლოგიის ელემენტარული ცოდნა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელი, როგორ უნდა შევაყვაროთ მოსწავლეებს ეს საგანი, რა მნიშვნელოვან კვლევებს ახორციელებენ ქართველი მეცნიერები, რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა და ზოგადად, რა კრიტერიუმით იზომება მეცნიერის წარმატება.
– ქალბატონო თინათინ, ბიოლოგიით რატომ დაინტერესდით და პროფესიის არჩევისას მნიშვნელოვანი როლი რამ ითამაშა?
– ბავშვობიდანვე ნატურალისტი ნამდვილად არ ვიყავი. მეადვილებოდა და ძალიან კარგად ვსწავლობდი ზუსტ მეცნიერებებს. განსაკუთრებით ფიზიკასა და ქიმიას. თუმცა ქართული ლიტერატურა და ინგლისური ენაც მიყვარდა, რაც ამ საგნების მასწავლებლების დამსახურებაც იყო. ბევრი ფიქრის შემდეგ არჩევანი ბიოლოგიაზე შევაჩერე, რადგან ჩავთვალე, რომ ყველაზე ამოუხსნელი და საინტერესო სიცოცხლეა, ყველაზე ორგანიზებული და თვითრეგულირებადი – ცოცხალი ორგანიზმი. ჩვენი ცხოვრება დედამიწაზე განპირობებულია მზის ენერგიით და მცენარით. ეს უკანასკნელი ჩვენთვის აუცილებელი და საჭირო ნივთიერებების მთელი სპექტრის სინთეზის უნარით გამოირჩევა. ამიტომ დავინტერესდი თავის დროზე მცენარეთა ბიოქიმიით. არჩევანი არასდროს მინანია. მეტიც, მთელი ცხოვრება კვლევით საქმიანობას ვეწევი და რაც უფრო სიღრმისეულად ვსწავლობ ამა თუ იმ საკითხს, ინტერესი უფრო ღვივდება.
– ბიოლოგიისადმი თქვენი ინტერესიც მასწავლებლის დამსახურებაა? ზოგადად, რა უნდა გააკეთოს პედაგოგმა, რომ მოსწავლეებს ეს საგანი უყვარდეთ?
– პედაგოგზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. დღეს, ციფრული ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი საგანს მხოლოდ წიგნიდან არ ასწავლიდეს და მოსწავლეებს ბევრ საინტერესო სიახლეს უზიარებდეს. ასევე, აუცილებელია სკოლებში იყოს ზუსტი და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებებით დაინტერესებისა და ექსპერიმენტირებისათვის საჭირო პირობები. როცა მოსწავლე ვიყავი, სკოლაში სათანადო საილუსტრაციო მასალაც გვქონდა, კარგი ლაბორატორიაც, სადაც ცდებს ვატარებდით, საგნების მიკროსკოპულ დათვალიერებას ვახდენდით და გვქონდა ნაკვეთიც, სადაც ბუნებასთან მეტი სიახლოვის მიზნით, მასწავლებელს ხშირად გავყავდით. ყველაფერი ეს ერთად, აღვივებს ინტერესს საგნის მიმართ. სკოლებთან უშუალო შეხება არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ ბევრ მათგანში არის ლაბორატორიების აღჭურვილობის პრობლემა და ამ ფონზე ბავშვებისთვის ინტერესის გაღვივება ნამდვილად რთული იქნება. ასევე მნიშვნელოვანია სწორი მეთოდოლოგიითა და ხარისხიანი სახელმძღვანელოებით სწავლება. იმის მომხრეც ვარ, თუ რთულია ბავშვებისთვის, გავამარტივოთ და ისეთ დონეზე ვასწავლოთ ბიოლოგია, რომ ყველას ჰქონდეს ის მინიმალური ცოდნა, რაც საჭიროა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
– და ყოველდღიურობაში ბიოლოგია როგორ გამომადგება, მისი ცოდნა აუცილებელია?
– რა თქმა უნდა, აუცილებელია. ბიოლოგია მნიშვნელოვანია გარემოსთან და სოციუმთან ურთიერთობისთვის, გარემოს დაცვისთვის. ადამიანმა ბავშვობიდანვე უნდა გაიაზროს, რომ ბუნებაში ყველაფერი ურთიერთკავშირშია და ეკოლოგიური ბალანსის დარღვევით ვნებთ საარსებო გარემოს და საკუთარ თავს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი ორგანიზმის ფუნქციონირებაც. შეიძლება ადამიანი ვერ ჩასწვდეს ევოლუციის, გენეტიკის საკითხებს, მაგრამ ელემენტარულ დონეზე ბიოლოგიის ცოდნა აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრებისთვის, ჯანსაღი საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის, ოჯახის შექმნისთვის, შვილის გაზრდისთვის და ა.შ.
– ამ ცოდნის მიღებაში სტუდენტებს უკვე წლებია ეხმარებით. სწავლების რაიმე განსაკუთრებული მეთოდი გაქვთ, რომ მათ საგანი უფრო დააინტერესოთ?
– მეცნიერისთვის კვლევაზე ორიენტირება უმნიშვნელოვანესია, მაგრამ აუცილებელია თავის ცოდნას და გამოცდილებას მომავალ თაობასაც უზიარებდეს. მეტიც, მიმაჩნია, რომ ლექტორი, მკვლევარი უნდა იყოს. ლექციების წაკითხვა არ არის წაკითხულის შინაარსის მოყოლა. ამის უკან უნდა იყოს ღრმა ცოდნა, ექსპერიმენტული გამოცდილება, ახალი ცოდნის შექმნა და მისი გადაცემა. პედაგოგიური საქმიანობა ტექნიკურ უნივერსიტეტში დავიწყე ბიოტექნოლოგიის კათედრაზე. პირველივე წელს საოცარი ნაკადი შემხვდა. მახსოვს, 20 სტუდენტიდან 5-იანი 16-ს დავუწერე. მათგან რამდენიმე დღეს ძალიან წარმატებულია, რაც მეამაყება. 2013 წლიდან აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი ვარ და ვასწავლი 2 საგანს: ბაკალავრებს „ზოგად ბიოქიმიას“ და მაგისტრანტებს – „გამოყენებითი ბიოლოგიური მეცნიერებების მიღწევებს“.
მაქსიმალურად ვცდილობ, სტუდენტებს საგნის მიმართ ინტერესი გავუღვივო. სიახლეებზე, უახლეს კვლევებზე, გამოყენებით ასპექტებზე ვამახვილებ ყურადღებას. წლების განმავლობაში ცოტა დამთმობიც გავხდი და მაგისტრატურაში, სადაც ხშირად განსხვავებული სპეციალობის და განათლების სტუდენტებია, ვცდილობ ინდივიდუალური ინტერესისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით მივაწოდო და შევუფასო ცოდნა. ბოლო პერიოდში ხშირია, როდესაც სხვა პროფილის სტუდენტები ჩვენთან იმ მიზნით მოდიან, რომ ნაკვეთს, ვენახს, თხილის ბაღს, პაპისეულ მარანს მოუარონ, ააღორძინონ და ბიზნესიც განავითარონ. მიხარია, რომ ახალგაზრდები ოჯახურ ტრადიციებს არ ივიწყებენ და შეძლებისდაგვარად ვეხმარები მათ.
განსაკუთრებული სიამოვნებაა ბიოლოგიაზე, ქიმიაზე შეყვარებული სტუდენტების ლექტორობა. მინდა მათი რიცხვი უფრო გაიზარდოს, მაგრამ… იცით რაზე მტკიცა გული? მოდის ნიჭიერი ახალგაზრდა, სწავლობს, მაგისტრატურასაც ამთავრებს, დოქტორანტურასაც, ექსპერიმენტშიც რთავ, ეხმარები დისერტაციის დაცვაში და… ბოლოს მეცნიერებაში აღარ რჩება.
– რატომ არ არის ახალგაზრდებისთვის სამეცნიერო საქმიანობა მიმზიდველი?
– იმიტომ, რომ მეცნიერება აღარ არის სათანადოდ დაფასებული და პრესტიჟული. მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა. შეიძლება ახალგაზრდას ცოდნა, უნარები, რესურსი ჰქონდეს რომ გახდეს კარგი მეცნიერი, მაგრამ მაღალანაზღაურებად სამსახურზე აკეთებს არჩევანს. ესაა ჩემი გულისტკივილი. ვისაც ამის შეცვლა ხელეწიფება, აუცილებლად უნდა გააკეთოს რამე. ყველა ნორმალური სახელმწიფო მოწადინებულია განავითაროს მეცნიერება, ამაში დიდ თანხებს დებენ, უნივერსიტეტებს აქვს თანამედროვე ტექნოპარკები, კონკურენტული გარემო. ჩვენთან კი, მთლიანი შიდა პროდუქტის იმდენად მცირე ნაწილი იხარჯება მეცნიერებაზე, რომ დიდი იმედები ამ მიმართულებით არ უნდა გვქონდეს. განათლებისა და მეცნიერების გარეშე კი, საზოგადოებისა და ზოგადად, ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია.
– თქვენი აზრით, მწირი დაფინანსების მიზეზი რესურსის არქონაა თუ ხელისუფლებისთვის მეცნიერება პრიორიტეტი არ არის?
– ერთიც და მეორეც. პრიორიტეტად მეცნიერების მხოლოდ გამოცხადება საკმარისი არ არის. ამასთანავე, წლების წინ ისეთი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომლებმაც ამ სფეროს განვითარება შეაფერხა. მაგალითად, კვლევითი ინსტიტუტებისთვის დამოუკიდებლობის წართმევა და უნივერსიტეტებთან მიერთება დიდი შეცდომა იყო. სულ სხვა შედეგი დგება, როცა საკითხს, პრობლემას ერთი ინსტიტუტი ყველა კუთხით და კომპლექსურად სწავლობს. მცენარეთა ბიოქიმიის მიმართულებით ჩვენი ქვეყანა მოწინავე იყო. მსოფლიოში ასეთი სულ 2 ინსტიტუტი იყო. ერთი გერმანიაში, მეორე კი, საქართველოში – მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტი, რომელიც თანდათან ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტად გარდაიქმნა და უმნიშვნელოვანესი კვლევები განახორციელა ჩვენი მდიდარი ბიომრავალფეროვანი ფლორისა და მიკრობული სამყაროს შესწავლაში, შექმნა ფერმენტების მიღებისა და გამოყენების, გარემოს რემედიაციის და სხვ. ტექნოლოგიები. გვყავს უდიდესი პოტენციალის, გამოცდილებისა და ცოდნის მკვლევრები, რომლებსაც შეუძლიათ, იყვნენ მსოფლიო დონის წარმატებული მეცნიერები და მეცნიერების განვითარებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანონ.
– რა კრიტერიუმით ფასდება მეცნიერის წარმატება და კონკრეტულად თქვენ რა წვლილი შეგაქვთ მეცნიერების განვითარებაში?
– მეცნიერის წარმატება ფასდება რეიტინგით. ეს რეიტინგი კი იმის მიხედვით დგება, რამდენად რეიტინგულ წინასწარ რეცენზირებად ჟურნალში აქვეყნებ სტატიას და როგორ ხარ ციტირებული. მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება თუ შენს შრომებს იყენებს კონკრეტული საკითხის, მოსაზრების გასაშუქებლად და გასავითარებლად, ესე იგი წარმატებული მეცნიერი ხარ და მეცნიერების განვითარებაში შენი წვლილი შეგაქვს. საკუთარ მიღწევებზე საუბარი უხერხულია, მაგრამ მე და ჩემი კოლეგები შეძლებისდაგვარად ვაქვეყნებთ სტატიებს ევროპულ და ამერიკულ რეიტინგულ ჟურნალებში, სადაც მაღალი მოთხოვნებია – თემის აქტუალობა, მეცნიერული სიახლე და კვლევის თანამედროვე მეთოდებით მიღებული შედეგები. ეს ძალიან რთულია რადგან ასეთი შედეგებისთვის საჭიროა თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიები. ძველი აპარატურა მორალურად და ფიზიკურად ამორტიზებულია. ახალი ძვირადღირებულის შეძენა კი არსებული თუნდაც საგრანტო დაფინანსებით შეუძლებელია. ამას რა პირობებში ვახერხებთ, უკვე მოგახსენეთ. კვლევითი თემების არჩევაც კი, არსებული მდგომარეობისა და რესურსების გათვალისწინებით გვიწევს. მიუხედავად ამისა, არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა ჩავატარეთ და არაერთ წარმატებას მივაღწიეთ – თავდაპირველად, მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში აზოტის მეტაბოლიზმის ფერმენტების სტრუქტურის, კინეტიკის და რეგულაციის, ამონიუმის ასიმილაციის მეტაბოლური გზების გამოკვლევებზე ვმუშაობდი და ახალ-ახალი ფერმენტების შესწავლა და კვლევაში ჩართვა გვიწევდა.
მოგვიანებით, ჩემი კვლევების ინტერესები გაფართოვდა მცენარის სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების შესწავლით ორგანული ტოქსიკანტებით დაბინძურებულ გარემოში. ჩემი ხელმძღვანელობით განხორციელდა საერთაშორისო პროექტები მიკრობულ მრავალფეროვნებაზე, ბიო და ფიტორემედიაციულ ტექნოლოგიებზე, ფიტოპათოგენურ ბაქტერიებსა და მათ სპეციფიკურ ბაქტერიოფაგებზე. დიდ წარმატებას სწორედ ამ მიმართულებით მივაღწიეთ: 2006 წელს, დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში, პომიდვრის ბაქტერიული სილაქავის გამომწვევი ფიტოპათოგენის სპეციფიკური ბაქტერიოფაგი გამოვყავით და გამოვიკვლიეთ. აღმოჩნდა, რომ ფაგის გენომი უნიკალური და ყველა ცნობილი ვირუსისაგან განსხვავებულია. ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის დადგენა კანადელმა კოლაბორატორმა, გელფის უნივერსიტეტის პროფესორმა ანრიუ კროპინსკიმ დააფინანსა. გავშიფრეთ ყველა „ღია წაკითხვის ჩარჩო“ და შევქმენით გენეტიკური რუკა. ეს ძალიან რთული და შრომატევადი პროცესი იყო. ვირუსის მონაცემები აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.
წარმოიდგინეთ, რა დიდ ყურადღებას აქცევს აშშ-ის მთავრობა მეცნიერებას, რომ მის ოფიციალურ გვერდზე ასეთი ინფორმაციების განთავსება ხდება. თუმცა, ამ ფაგისათვის ვირუსების ტაქსონომიაში ადგილი არ მოიძებნა. 15 წლის შემდეგ, ლიტვაში გამოყვეს 2 ბაქტერიოფაგი, რომელთა გენომი ჩვენი ფაგის მსგავსი აღმოჩნდა. ამიტომ, 2020 წელს, ვირუსების ტაქსონომიის საერთაშორისო კომიტეტში (ICTV) კანადელ და ლიტველ კოლეგებთან ერთად შევიტანეთ ერთობლივი განაცხადი ვირუსების ახალი გვარის შექმნის თაობაზე. საკითხის შესწავლის და ფართო განხილვის შემდეგ, 2024 წლის აპრილში კომიტეტმა შემოიღო ახალი გვარი, რომელსაც პირველაღმოჩენილი ფაგის პრიორიტეტის აღიარებით, ეწოდა Dibbivirus (https://ictv.global/taxonomy). მისი სახელწოდება მომდინარეობს დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტიდან (Durmishidze Institute of Biochemistry and Biotechnology). სამივე (ქართული და ორი ლიტვური) ბაქტერიული ვირუსი ატარებს გვარს Dibbivirus, და მომავალშიც, თუკი რომელიმე ქვეყანაში მსგავსი გენომის ფაგს გამოყოფენ, ამ გვარის ქვეშ გაერთიანდება. წარმოიდგინეთ, ეს ქართველი მეცნიერების რა უმნიშვნელოვანესი მიღწევაა.
– გეთანხმებით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იმის წარმოდგენა უფრო მინდა, მე, რიგით ადამიანს რა სიკეთეს მომიტანს ახალი გვარი Dibbivirus და რას შეცვლის სამომავლოდ ჩვენს ცხოვრებაში?
– დავიწყოთ იმით, რომ ფაგი არის ვირუსი, რომელიც მრავლდება ბაქტერიაში (მასპინძელი) და შესაბამისად ანადგურებს მათ. ფაგები დიდი სპეციფიკურობით გამოირჩევა და აინფიცირებს მხოლოდ კონკრეტულ ბაქტერიებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, როგორც კი მასპინძელი ბაქტერია გამოილევა, ფაგი ვეღარ მრავლდება. ყველა სახეობის ფაგი მხოლოდ განსაზღვრული სახეობის ბაქტერიაში მრავლდება. აქედან გამომდინარე, ფაგს სხვა ტიპის უჯრედისთვის ზიანის მიყენება არ შეუძლია, სრულიად უვნებელია ორგანიზმისთვის. კონკრეტულად Dibbivirus სამომავლოდ ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. კერძოდ სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში მათ შეუძლია ჩაანაცვლონ შხამქიმიკატები ადამიანისა და გარემოსათვის უვნებელი საშუალებით. ზოგადად დიდია ფაგების მნიშვნელობა მოლეკულური ბიოლოგიის განვითარებაში, რადგან ისინი წარმატებით გამოიყენება როგორც ვექტორები – გენეტიკური მასალის გადამტანები. ფაგები ფართოდ გამოიყენება მედიცინაში კონკრეტული დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინების დასამზადებლად. ფაგების გამოყენების სპექტრი მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამიტომ ნებისმიერი ახალი ბაქტერიული ვირუსის აღმოჩენა და შესწავლა სიკეთის მომტანი და დიდი წარმატებაა.
– მცირე დაფინანსებისა და არც თუ სახარბიელო პირობების ფონზე, ასეთი შედეგების მიღება რამდენადაა უცხოელებთან თანამშრომლობის დამსახურება?
– რაღაც ეტაპზე არის, მაგრამ საერთაშორისო პარტნიორმა მისთვის მნიშვნელოვანი კვლევისათვის საჭირო რესურსი თუ არ დაინახა შენში, არ ითანამშრომლებს. ანუ, მიღწეული შედეგების მთავარი ქვაკუთხედი, მაინც ჩვენი მეცნიერების უდიდესი გამოცდილება, ცოდნა და შრომაა. წლების განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა ლოურენს ბერკლის ეროვნულ ლაბორატორიასთან, კალიფორნიის უნივერსიტეტებთან, მურსიას უნივერსიტეტთან, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ინსტიტუტებთან და სხვ. ამჟამად ვთანამშრომლობთ გამოყენებითი მეცნიერებების ციურიხის უნივერსიტეტთან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის ფარგლებში. სხვათა შორის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, რომელზეც ბოლო 3 წელია ვმუშაობთ. საქართველოში შემოვიდა დაავადება ხეხილის ბაქტერიული სიდამწვრე, რომელსაც ერთ თვეში ხეხილის მთელი ბაღის განადგურება შეუძლია. ამ დაავადების გამომწვევი პათოგენური ბაქტერიის 2 სრულიად ახალი გენოტიპი აღმოვაჩინეთ, რაც ამ დაავადებასთან ბრძოლისათვის სპეციფიკური პრეპარატების შემუშავებისათვის ნამდვილად დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. აქ ცხადია არის ჩვენი შვეიცარიელი კოლაბორატორის როლიც, რომელმაც დააფინანსა ამ ახალი გენოტიპების დნმ-ის სრული ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის განსაზღვრა. არ შემიძლია არ აღვნიშნო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მნიშვნელობა, რომელიც საგრანტო პროექტებში უცხოელი სპეციალისტების ჩართვის შესაძლებლობას იძლევა. თუმცა, სასურველია ფონდს ჰქონდეს მეტი ფინანსები და მეტ ადამიანს ჰქონდეს კვლევაში მონაწილეობის შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანები დარჩნენ მეცნიერებასა და ქვეყანაში.
– ისე, საინტერესოა, თქვენ რატომ დარჩით ქვეყანაში? წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ინსტიტუტებში მიწვეული იყავით პროფესორად და ალბათ რომელიმესგან მაინც გქონდათ მათთან მუშაობის შემოთავაზება…
– დიახ, მქონდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია საქართველოდან წასვლაზე. მინდა აქ განვითარდეს ჩემი დარგი, მეცნიერება და შესაბამისად, განვითარდეს ქვეყანა. საზღვარგარეთაც უწევთ მეცნიერებს კვლევისათვის ფინანსების მოძიება, გრანტის მოპოვება, მაგრამ იქ, მეცნიერების განვითარებისათვის ზრუნვა მაინც სახელმწიფო დონეზეა აყვანილი. მახსოვს, როდესაც ესპანეთში მურსიას უნივერსიტეტში, მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილებაში ერთობლივ კვლევებს ვახორციელებდით, მიმიწვიეს ესპანეთის კვლევის ეროვნული საბჭოს ერთ-ერთ ინსტიტუტში – ბიოლოგიური და აგრარული კვლევის ცენტრში ფაგების შესახებ ლექციის ჩასატარებლად და აღვფრთოვანდი, როდესაც ვნახე მათი ლაბორატორიები და აღჭურვილობა. მარტო იმის აღნიშვნაა საკმარისი, რომ რამდენიმე ტრანსმისიული, მასკანირებელი და ინფრაწითელი ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპი ჰქონდათ. ასეთი ინსტიტუტების მთელი ქსელი აქვთ ესპანეთის ყველა რეგიონში. ძალიან მინდა, ჩვენთანაც იყოს მეცნიერება რეალურად პრიორიტეტული, მკვლევარი სათანადოდ ანაზღაურებული და დაფასებული, უნიჭიერეს ახალგაზრდებს მიეცეთ მეცნიერული კვლევის სამშობლოში განხორციელების და მუდმივი განვითარების შესაძლებლობა.
ასევე იხილეთ:
დავიწყოთ თუ არა სკოლებში ქართული ენის ცალკე საგნად სწავლება?